ადამიანის სხეულის დაახლოებით 70% წყლისგან შედგება. წყალი ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ის სხეულის თითოეულ უჯრედს, ქსოვილსა და ორგანოს ესაჭიროება სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
ალბათ ხშირად გვხვდებათ სხვადასხვა რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობით წყალი უნდა მიიღოთ დღე-ღამის განმავლობაში. მაგალითისთვის, ამბობენ, რომ აუცილებელია დღეში მინიმუმ 2-3 ლიტრი წყალი დალიოთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია და სხვადასხვა რაოდენობით სითხე ჭირდება, რათა საკმარისად ჰიდრატირებული იყოს. გარდა ამისა, ჰიდრატაცია მხოლოდ წყლის მიღების გზით არ არის საკმარისი.
აუცილებელია, მივიღოთ საკვები, რომელსაც წყლის მაღალი შემცველობა აქვს. წყლით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის ჩანაცვლება დიდი რაოდენობით წყლის მიღების გზით, შეუძლებელია. ჰიდრატაცია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ წყლის დალევა. ბევრი საკვები შეიცავს წყალსაც და, დამატებით, სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ვიტამინებსა და მინერალებს.
გთავაზობთ წყლის მაღალი შემცველობის მქონე ხილისა და ბოსტნეულის ჩამონათვალს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში წყლითაც მოგამარაგებთ და გაგაგრილებთ კიდევაც.
კიტრი – ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ერთ-ერთი პირველი ბოსტნეული, რომელიც ამ სიაში მოხვდა არის კიტრი – მისი შემადგენლობის დაახლოებით 95% ხომ წყალია! ზაფხულის ცხელ დღეებში ხრაშუნა და წვნიანი კიტრის მირთმევა არაჩვეულებრივი საშუალებაა ჰიდრატაციისა და გაგრილებისთვის. თუ უბრალო წყლის გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ წყლისა და კიტრის სასმელი მოიმზადოთ ხოლმე. ამისათვის, წყლიან ჭურჭელში დაამატეთ თხლად დაჭრილი კიტრისა და ლიმონის ნაჭრები და მწვანილები გემოვნებით (პიტნა, ბეგქონდარა, როზმარინი).
პომიდორი – ისევე, როგორც კიტრის შემთხვევაში, პომიდორის შემადგენლობის 95%-იც წყალია. ერთი საშუალო ზომის პომიდორი დაახლოებით 120 მლ წყალს შეიცავს. გარდა ამისა, ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით, განსაკუთრებით კი – იმუნიტეტისთვის მნიშვნელოვანი A და C ვიტამინებით. პომიდვრისგან შეგიძლიათ არაჩვეულებრივი საზაფხულო წვნიანი – გასპაჩო მოიმზადოთ.
ნიახური – ნიახურის შემადგნელობის დაახლოებით 95% წყალია. ნიახური შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, K ვიტამინს და კალიუმს. მისი დამატება რაციონში ძალიან მარტივია. შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებს, წვნიანებს ან მიირთვათ ნიახურის ღერო სხვადასხვა „დიფთან“ ერთად, მაგალითად ჰუმუსთან ან სალსასთან..
ტკბილი წიწაკა – ტკბილი წიწაკის შემადგენლობის დაახლოებით 92% წყალია. გარდა ამისა, ის ყველა სხვა ხილსა და ბოსტნეულზე დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. ერთი საშუალო ზომის ტკბილი წიწაკა C ვიტამინის დღიური ნორმის 169%-ს შეიცავს! ტკბილი წიწაკა შეგიძლიათ სხვადასხვა სალათის, სოუსისა და კერძის ინგრედიენტად გამოიყენოთ.
მარწყვი – მარწყვის შემადგნელობის დაახლოებით 92% წყალია. წყლის მაღალ შემცველობასთან ერთად, ეს კენკროვანი ხილი მდიდარია უჯრედისით, ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით. ის დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, ფოლიუმსა და მანგანუმს. ზაფხულის ცხელ დღეებში მარწყვისგან უგემრიელესი სმუზების მომზადება შეგიძლიათ. მაგალითად: ერთად დააბლენდერეთ მარწყვი, ბანანი, ნუშის რძე (შეგიძლიათ ქოქოსის, სოიოს ან ჩვეულებრივი რძეც გამოიყენოთ), ჩიას ან სელის თესლი. მიიღებთ ძალიან გემრიელსა და სასარგებლო გამაგრილებელ სასმელს.
ყვავილოვანი კომბოსტო – ყვავილოვანი კომბოსტოს შემადგენლობის დაახლოებით 92% წყალია. ის 15-მდე დასახელების სხვადასხვა ვიტამინსა და მინერალს შეიცავს, მათ შორის – ქოლინს. ქოლინი საკვებ პროდუქტებში არც თუ ისე ხშირად გვხვდება. ეს ნუტრიენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინისა და მეტაბოლიზმის გამართულ მუშაობაში.
რომ შევაჯამოთ, წყლის დალევა მნიშვნელოვანია, თუმცა თუ დაბალანსებულ დიეტას მისდევთ და რაციონს სხვადასხვა ხილითა და ბოსტნეულით ამდიდრებთ და იმდენ წყალს სვამთ, რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ, დეჰიდრატაცია არ გემუქრებათ. შესაბამისად, არც საკუთარი თავისთვის დღეში რამდენიმე ლიტრი წყლის დალევის დაძალება მოგიწევთ.