როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე ცივ ამინდში
3 წუთიანი საკითხავი
როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე ცივ ამინდში

სეზონის ცვლილებასთან ერთად, შემოდგომისა და ზამთრის ცივმა დღეებმა შესაძლოა ჩვენ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს, მაგალითად: შეგვეცვალოს გუნება-განწყობა, ენერგიის დონე, გამოგვიშრეს კანი და სხვა. თუმცა, ამინდის მიუხედავად, ყველა სეზონი ლამაზი და საინტერესოა, ამიტომ წელიწადის ამ დროსაც დღეების სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გატარება შეგვიძლია.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რჩევებს, თუ როგორ იზრუნოთ საკუთარ თავზე მოახლოებული ცივი სეზონის პერიოდში.

მოვძებნოთ და გამოვიყენოთ ზამთრის მზიანი დღეები - გვიან შემოდგომაზე და ზამთარშიც კი, ხშირია მზიანი და უნალექო დღეები, როცა შეგვიძლია უახლოეს პარკში ან ტყეში სასეირნოდ წავიდეთ, დავაკვირდეთ ფერად ფოთლებს და სუსხიან ამინდში მზის სხივების სითბო ვიგრძნოთ. ასეთ ამინდში ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად პიკნიკის დაგეგმვაც შეგვიძლია, სადაც სეზონური პროდუქტებისგან დამზადებულ წასახემსებლებს ან კერძებს წავიღებთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შედარებით ცივი სეზონის მიუხედავად, ბუნებაში გატარებული დრო ჩვენ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

ფიზიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა - ზაფხულის პერიოდში ფიზიკურ ჯანმრთელობას მეტ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე, შესაძლოა მეტი ენერგია გვაქვს ფიზიკური აქტივობისთვის, მრავალფეროვანი სეზონური პროდუქტებიც ხელს გვიწყობს ჯანსაღი კვების შენარჩუნებაში. თუმცა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა წელიწადის ყველა დროს მნიშვნელოვანი და შედეგიანია, განსაკუთრებით ცივ ამინდში, როდესაც იმუნიტეტის გაძლიერება გვჭირდება. შესაძლოა ამინდის გამო ფეხით სიარული ხშირად ვეღარ შევძლოთ, მაგრამ სახლში იოგა ან ცეკვა ყოველთვის შესაძლებელია. ასევე, ბევრი სასარგებლო სეზონური პროდუქტი ხდება ხელმისაწვდომი, რომლისგანაც გემრიელი კერძები ან დესერტები მომზადება შეგვიძლია. ცივი ამინდის მიუხედავად, ნუ დაგვავიწყდება, რომ წყლის მიღება ზამთარშიც საჭიროა, ხოლო ხანგრძლივი ღამის საათები კარგი შესაძლებლობაა ძილის რუტინის გამოსამუშავებლად.

სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა - ზაფხულის ამინდი ბევრი საგარეო აქტივობის დაგეგმვის საშუალებას გვაძლევს, თუმცა წელიწადის ცივ დროს, შეგვიძლია წინასწარ შევადგინოთ იმ აქტივობების სია, რომლებიც დახურულ სივრცეშიც სახალისო, სასარგებლო და სასიამოვნო შესასრულებელი იქნება ჩვენთვის. ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრებთან ერთად რომელიმე გამოფენის ან სპექტაკლის მონახულება, მეგობრებთან ერთად სახლის კინოჩვენებების ორგანიზება, სახლში მარტო ყოფნისას - ქსოვა, ქარგვა, ხატვა, ახალი საინტერესო კერძის მომზადება და სხვა ნებისმიერი შემოქმედებითი თუ გასართობი აქტივობა, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.

მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა - რადგან შემოდგომის მეორე ნახევრიდან ზამთრის ბოლომდე სახლში უფრო მეტ დროს ვატარებთ, ეს ნიშავს, რომ მეტი დრო გვაქვს ჩვენ თავთან ურთიერთობისთვის და შეგვიძლია თვითრეფლექსიას, მედიტაციას და ჩვენს მენტალურ ჰიგიენას ყურადღება უფრო მეტად მივაქციოთ. თუ ჯერ არ გიცდიათ, საინტერესო და საჭირო გამოცდილება იქნება მადლიერების და თვითრეფლექსიის უნარის განვითარებაზე მუშაობა, რაშიც სპეციალურად შედგენილი დღიურები დაგეხმარებათ. ეცადეთ, რომ ნებისმიერი აქტივობა ან რიტუალი, რომელიც სასარგებლო აღმოჩნდება თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის, გახადოთ პრიორიტეტული და აქციოთ ჩვევად, რისი შესრულებაც წელიწადის დროსა და ამინდზე აღარ იქნება დამოკიდებული.

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, ზამთრის სეზონისათვის მარტივი თვითზრუნვის რეკომენდაციებია: კანის კარგად დატენიანება, რაც ცივ ამინდში გამოშრობისგან დაგვიცავს; დღის განმავლობაში ხშირად თბილი სითხეების მიღება, სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად; ამავე მიზნით შეგვიძლია ცხელი აბაზანის ან შხაპის მიღება; და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - მზიან ამინდში ფეხით ან ველოსიპედით გასეირნება, რომ ხელი შევუწყოთ ორგანიზმში D ვიტამინის ბუნებრივი გზით გამომუშავებას.

მართალია ბევრისთვის ზამთარი საყვარელი სეზონია (განსაკუთრებით ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის), თუმცა დანარჩენებს შესაძლოა წელიწადის ამ დროს მეტი ძალისხმევა სჭირდებოდეთ ენერგიის მოსაკრეფად. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ყველაფერი, რაც თბილ ამინდში ჩვენზე კარგად მოქმედებს, შესაძლოა მოვარგოთ ცივ ამინდსაც და ამ გზით მოვახდინოთ ამ სეზონთან ადაპტაცია - ზაფხულის აქტიური რუტინის ზამთრისთვის შესაფერისი აქტივობებით ჩანაცვლება, ხოლო ზაფხულის კვების რაციონის, ზამთარში არსებული სასარგებლო პროდუქტების ჩანაცვლებით, ჩვენ ორგანიზმს - ნერვულ, იმუნურ და ჰორმონალურ სისტემას იმ საჭირო ენერგიით მოვამარაგებთ, რომელიც ჩვენი არსებობისა და კარგად ყოფნისთვის აუცილებელია.

სეზონური დეპრესიის (იგივე სეზონური აფექტური აშლილობის) შემთხვევაში, კონსულტაციისა და დამატებითი გამოკვლევებისთვის, მიმართეთ სპეციალისტს.
 

გამოქვეყნების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2023წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები