იმისათვის, რომ ღამის ძილი ჩვენთვის პრიორიტეტული გახდეს და ძილის რეგულაციაზე ვიზრუნოთ, უნდა ვიცოდეთ, თუ რა გავლენა აქვს მას ჩვენს ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობაზე. მაშინ, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში საკმარისი ხანგრძლივობით გვძინავს, ძილის ფაზების მონაცვლეობით, ჩვენს სხეულში შემდეგი პროცესები მიმდინარეობს:
- ძილის დროს ორგანიზმში იკლებს სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის გამოყოფა, რაც დღის განმავლობაში სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას შენარჩუნებას უწყობს ხელს;
- ძილის დროს ტვინი აგრძელებს მუშაობას, ის ახარისხებს გონებაში არსებულ ცოდნას - ინახავს ახალ და საჭირო ინფორმაციას, ხოლო ივიწყებს გამოუსადეგარ და არასაჭირო ცოდნას. ხანგრძლივი და ხარისხიანი ძილის შემთხვევაში, დღის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ახალი ინფრომაციის მიღება და გააზრება, კონცენტრაცია, სწავლა, მუშაობა, ახალი მოგონებების ფორმირება და ძველი მოგონებების გახსენება, რადგან ჩვენი მეხსიერება ამ დროს გამართულად მუშაობს.
- ძილი, აზროვნების გარდა, ემოციური სფეროს რეგულაციისთვისაც სასარგებლოა. ძილის დროს, ჩვენში აღმოცენებული ემოციების გააზრება ხდება - რა ვიგრძენით და რა ხდებოდა ჩვენში დღის განმავლობაში. არასაკმარისი ძილის შემთხვევაში, თუ ეს პროცესი ვერ შესრულდება, ჩვენ შესაძლოა ცუდ ხასიათზე გაგვეღვიძოს და დღის განმავლობაში გაღიზიანებულები და აგრესიულები ვიყოთ.
- გულ-სისხლძარღვთა დარღვევების პრევენციისთვის, ძილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ძილის დროს სისხლის მიმოქცევა და წნევა იკლებს, შესაბამისად ისვენებს გული, ხოლო დღე-ღამეში ნაკლები ხანგრძლივობით ძილის შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემას გადატვირთულად უწევს მუშაობა, რის გამოც იმატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის ინფარქტის რისკი.
- ღრმა ძილის ფაზაში, სისხლში შაქრის დონე იკლებს, ხოლო სისტემატიურად დარღვეული და არასრულფასოვანი ძილის შემთხვევაში, სისხლში ვეღარ ხდება გლუკოზის რაოდენობის დარეგულირება და იმატებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი.
- ძილი წონის რეგულაციაშიც გვეხმარება. კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩაძინებასა და ძილის ხარისხზე და პირიქით, დასვენებულ ორგანიზმს ნაკლებად შივდება. დარღვეული და არასრულყოფილი ძილის შემთხვევაში თავის ტვინში მეტი რაოდენობთ გამოიყოფა შიმშილის გამომწვევი ჰორმონი და, ამასთან ერთად, დაღლილ ორგანიზმს უფრო უჭირს კვების კონტროლი და ჯანსაღ საკვებ პროდუქტებზე და ფიზიკურ აქტივობაზე ფოკუსირება.
როგორ გრძნობთ თავს, როდესაც გღვიძავთ, მნიშვნელოვნად განპირობებულია იმით, თუ როგორ გეძინათ და პირიქით. ისევე, როგორც მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე და ხანგრძლივობაზე, ასევე ძილის დარღვევა იწვევს ბევრ გართულებას, მათ შორის: იმუნური სისტემის დასუსტებას - შედეგად ხშირ ავადობას და ნერვული სისტემის დისრეგულაციას - გუნება-განწყობის და შფოთვით პრობლემებს. ამიტომ, ძილი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. ძილის რეგულირებაზე ზრუნვა, ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რისი მეშვეობითაც შევძლებთ თავი კარგად ვიგრძნოთ.