გაზაფხული ადამიანების უმეტესობისთვის სიახლეებთან და ცვლილებებთან ასოცირდება. როგორც წესი, ეს ის პერიოდია, როდესაც ვახარისხებთ გარდერობს, ვიწყებთ რეორგანიზაციას სახლსა თუ სამსახურში, განსაკუთრებული ენერგიით ვცდილობთ ცხოვრებაში სინათლისა და სიხალისის შემოტანას და საკუთარ სხეულზე ზრუნვასაც მეტ ყურადღებას ვაქცევთ.
SAGE Journals-ში ამერიკელი ფსიქოლოგების მიერ გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი გარემოს მოწესრიგება ნამდვილად ამცირებს სტრესის დონეს, და მეტიც, გვეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ფიზიკურ გარემოს არ ეხება - იგივე მიდგომა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზეც საკმაოდ პოზიტიურად აისახება.
ჩვენს გარემოსა და გონებაში მიმდინარე გადაფასებები და ცვლილებები, რომლებიც გაზაფხულს უკავშირდება, Spring-cleaning („საგაზფხულო წმენდა“) ტერმინითაა ცნობილი. Spring-cleaning ჩვენი ავეჯის თუ აზრების თავიდან სრულად მოშორებას არ გულისხმობს, არამედ მათ გაწმენდას, გადახარისხებას და დასუფთავებას მოიაზრებს.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც თქვენი გარემოსა და გონების Spring-cleaning-ში დაგეხმარებათ.
გაანიავეთ სახლი - ჩვენ მიერ შესუნთქული ჟანგბადის თითქმის 20% ტვინის ფუნქციონირებას ხმარდება. შესაბამისად, საკუთარი თავის სუფთა ჰაერით მომარაგება ფიქრსა და კონცენტრაციაში გვიწყობს ხელს. თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ სახლის თუ ოფისის განიავება გვავიწყდება, და დროის უმეტეს ნაწილს ჩახუთულ გარემოში ვატარებთ. ეს კი უარყოფითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, იმუნურ სისტემაზე, ფილტვების მდგომარეობაზე და ა.შ. საბედნიეროდ, ცივ ზამთართან შედარებით, ოთახის განიავება გაზაფხულზე მეტად შესაძლებელი და სასიამოვნოც კია, ამიტომ შეეცადეთ, დღეში რამდენჯერმე გაანიავოთ ის გარემო, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებთ. ჰაერის გაუმჯობესებისთვის, შეგიძლიათ ოთახში მცენარეებიც შემოიტანოთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ისინი ცოცხალი არსებები არიან და მოვლას საჭიროებენ - ამიტომ მათი მოვლის თავისებურებები წინასწარ შეისწავლეთ და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ.
გადაახარისხეთ და შეინახეთ ტანსაცმელი - თბილი დღეების მატებასთან ერთად, ზამთრის ტანსაცმლის საზაფხულო სამოსით ჩანაცვლების საჭიროება დგება. ეს პროცესი რამდენადაც დამღლელი, იმდენად საინტერესო და სასიამოვნოცაა. თუმცა, მის დაწყებამდე რამდენიმე საკითხის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კერძოდ, სანამ ზამთრის ტანსაცმელს სხვა კარადაში/უჯრაში/თაროზე გადადებთ, კარგად გადაწმინდეთ მტვერი და დარწმუნდით, რომ თარო სრულიად მშრალია. სველ თაროზე ტანსაცმლის (მით უმეტეს, მძიმე ნაჭრის) დადება ქსოვილსაც დააზიანებს და საკმაოდ უსიამოვნო სუნს გამოიწვევს. გარდა ამისა, გამოიყენეთ ლავანდის არომატული საშე (პატარა შეფუთვა სითხის ან ფხვიერი პროდუქტებისთვის), ან შეინახეთ ტანსაცმელი პლასტმასის კონტეინერებში - ეს ალბათ იმ მცირე შემთხვევათაგანია, როდესაც პლასტმასის გამოყენება რეკომენდებულია, რადგან ის თქვენს ტანსაცმელს ნესტის, მწერებისა და ობისგან დაიცავს.
დაალაგეთ სახლი და გადააწყვეთ ავეჯი - ზოგადად, დალაგების/დასუფთავების არა მხოლოდ შედეგია პოზიტიური, არამედ თავად პროცესიც. ლაგება კონკრეტულ ამოცანებზე კონცენტრირებაში და ემოციების რეგულირებაში გვეხმარება. გარდა ამისა, დალაგების შედეგს მომენტალურად აღვიქვამთ, ამიტომ ის კმაყოფილების განცდასაც გვიზრდის და ამასთან, მეტი მოძრაობისკენ გვიბიძგებს. იქიდან გამომდინარე, რომ გაზაფხული სიახლეებთან ასოცირდება, შეგიძლიათ ლაგების პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადოთ და სახლში ავეჯი გადაადგილოთ - ეს სიახლის შეგრძნებას კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ.
სცადეთ მედიტაცია - ჩვენი გარემოს მოწესრიგებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ მენტალურ მდგომარეობასაც. ბევრს ჰგონია, რომ მედიტაცია მხოლოდ რელაქსაციის საშუალებაა, თუმცა მას ჩვენთვის გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ფიზიკური დასვენებაა. ნიუ-იორკის მეცნიერების აკადემიის ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მედიტაციის დროს ტვინი გაცილებით უკეთ ახდენს მოვლენების დამუშავებას, სტრესის შემცირებას და კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებას. გამოყავით მედიტაციისთვის კონკრეტული დრო, რომელსაც მხოლოდ მას დაუთმობთ. შეგიძლიათ, ბუნებასაც მიაშუროთ - გაზაფხულის თბილი ამინდები, საბედნიეროდ, საშუალებას გვაძლევს უფრო ახლოს ვიყოთ გარემოსთან. კომფორტულად მოკალათდით და ყურადღება თქვენს სუნთქვას მიაქციეთ. შეეცადეთ, შეიგრძნოთ ის გარემო, რომელშიც იმყოფებით (ხმები, ნიავი...) და თქვენი სხეულის თითოეული ნაწილი.
მეტი ისეირნეთ - ზამთრის სუსხიან დღეებში ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც რეგულარულად არ ვარჯიშობს, კიდევ უფრო რთული ხდება. როგორც წესი, ცივი ამინდები გვაიძულებს, თავი შევიკავოთ სეირნობისგანაც, რაც ჩვენს ორგანიზმს უფრო ადუნებს. გაზაფხულზე კი, დროის ბუნებაში გატარება უფრო სასიამოვნო და სასარგებლოცაა. ხშირად, ისეა აღქმული, რომ მზის სხივებს თითქოს ჩვენთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს, თუმცა კონკრეტულ საათებში, გარკვეული დროით მისი შეგრძნება ორგანიზმში ე.წ. ბედნიერების ჰორმონის - სეროტონინის - გამომუშავებას და, შესაბამისად, ჩვენი მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებას იწვევს.
მიირთვით მრავალფეროვანი მცენარეული საკვები - საბედნიეროდ, გაზაფხული საშუალებას გვაძლევს, ვიკვებოთ გაცილებით ნატურალურად, ვიდრე ამას ზამთარში ვაკეთებდით. ჯანსაღი კვება არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაში და სიმსუბუქის შეგრძნებაში გვეხმარება, არამედ ამასთან ერთად, გვავსებს ენერგიით, გვიუმჯობესებს განწყობას, და თავდაჯერებულობის ამაღლებაში გვიწყობს ხელს. ბოჭკოვანი, რომელიც მცენარეულ საკვებში გვხვდება, შინაგანი წმენდის ეფექტური საშუალებაა. „მცენარეული საკვები, როგორიცაა თხილი, თესლი, პარკოსნები, მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული შეიცავს ანტიოქსიდანტებს და, იმავდროულად, ჩვენი ნაწლავის ბიომის სიჯანსაღეს უწყობს ხელს“, - ამბობს ნუტრიციოლოგიის ამერიკელი ექსპერტი ანგი ასშე.
სვით საკმარისი ოდენობის წყალი - ტემპერატურის მატებასთან ერთად, წყლის დალევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. წყლის მიღება აუმჯობესებს როგორც ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებას, ისე მენტალურ მდგომარეობას. ამერიკის მედიცინის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, წყლის საკმარისი ოდენობის 1%-ის დაკარგვაც კი იმდენად მნიშვენლოვანია, რომ ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენს კოგნიტურ ფუნქციაზე, ზრდის დაღლილობის, მოთენთილობის შეგრძნებას და ზრდის გაღიზიანებადობას. ზოგადად, რეკომენდებულია დღეში 1,5 – 2 ლ წყლის მიღება, თუმცა კონკრეტული ოდენობა თქვენს წონაზე, სიმაღლესა და ფიზიკური აქტივობის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
გახსოვდეთ, რომ Spring-cleaning შესაძლებლობაა და არა ვალდებულება. შეხედეთ ამ პროცესებს როგორც შანსს, გადაახარისხოთ და გაახალისოთ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი. შეეცადეთ, ყურადღება დაუთმოთ როგორც ფიზიკური გარემოს, ისე გონებრივი მდგომარეობის „დალაგებას“, რადგან ეს ორი საკმაოდ მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ერთის გაუმჯობესება მეორეზეც დადებითად აისახება.