მოჭარბებული სტრესის სიმპტომები
3 წუთიანი საკითხავი
მოჭარბებული სტრესის სიმპტომები

თანამედროვე ადამიანებს უამრავ გამოწვევასთან გამკლავება უწევთ. ისინი ცდილობენ დრო დაუთმონ შვილებს, პარტნიორს, კარიერას, საოჯახო საქმეებს, საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, ოჯახის წევრების კეთილდღეობას, საკუთარი ჰობისა და ინტერესების განვითარებას და ა.შ. დამეთანხმებით, რომ ეს მართლაც არ არის მარტივი და დიდ სტრესს უკავშირდება. ხშირად შესაძლოა მოჭარბებულ სტრესს განიცდიდეთ, მაგრამ ცოხვრების სწრაფი ტემპის და უამრავი საქმის გამო, ვერც კი ხვდებოდეთ ამას.
არსებობს მოჭარბებული სტრესის როგორც ფიზიკური, ემოციური, კოგნიტური - ისე ქცევითი გამოვლინებები. განვიხილოთ თითოეული მათგანის ყველაზე გავრცელებული მაგალითები. 

ფიზიკური სიმპტომები
მუდმივი დაღლილობის შეგრძნება - მოჭარბებული სტრესის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოვლინება მუდმივი დაღლილობის შეგრძნებაა. ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა კარგად გამოიძინოთ და დაისვენოთ, დაღლილობის და გამოფიტულობის შეგრძნება მაინც არასდროს გტოვებთ. 

ხშირი ავადობა - სტრესი ასუსტებს იმუნურ სისტემას, რაც უფრო მოწყვლადს ხდის ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებისა და ავადმყოფობების მიმართ. სწორედ ამიტომ, მოჭარბებული სტრესის დროს, შესაძლოა ბევრად ხშირად გახდეთ ავად. ხშირი ავადობა შეიძლება ფსიქოსომატური ხასიათისაც იყოს და თქვენი სხეული გკარნახობდეთ, რომ მას უბრალოდ დასვენება სჭირდება. 

ემოციური სიმპტომები
ნერვიულობა და შფოთვა - მოჭარბებული სტრესის გავრცელებული სიმპტომი გამუდმებული შფოთვა და ნერვიულობაა. ხანდახან შესაძლოა სრულიად უმნიშვნელო მოვლენაც კი ისე განიცადოთ, რომ ცრემლებამდე მიხვიდეთ.  

დაბალი თვითშეფასება - ქრონიკულმა სტრესმა შესაძლოა თქვენს თვითშეფასებაზეც კი იმოქმედოს. ეს ხშირად საკუთარი შესაძლობლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით ვლინდება.

კოგნიტური  სიმპტომები
მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები - სტრესმა გონებაზე სხვადასხვანაირად შეიძლება იმოქმედოს. ერთ-ერთი შესაძლო გამოვლინება კი, გაუარესებული მეხსიერებაა. 

ფიქრების უწყვეტი ნაკადი - ფიქრების უწყვეტ ნაკადში იგულისხმება ის მდგომარეობა, როდესაც თქვენი ფიქრები იმდენად აქტიური და სწრაფად ცვალებადია, რომ თქვენი გონება მოსვენებას ვერ ახერხებს. ასეთ აფორიაქებულ მდგომარეობაში რთულია დაძინებაც, დაძინების შემთხვევაში კი - ღრმა ძილის ფაზაში გადასვლა. 

ქცევითი სიმპტომები
კვებასთან დაკავშირებული ცვლილებები - სტრესის ერთ-ერთი გავრცელებული ნიშანი კვებასთან დაკავშირებული ცვლილებებია. ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც მადის დაკარგვით, ისე პირიქით, მომატებული მადით და სტრესული ჭამით. 

იზოლაციის მოთხოვნილება - მოჭარბებული სტრესის შედეგად, შესაძლოა იზოლაციის სურვილი გაჩნდეს. განმარტოება სასარგებლოც არის ხოლმე, თუმცა გრძელვადიანი სტრესის დროს, მას ხშირად უარყოფითი შედეგი მოაქვს, ვინაიდან ადამიანი სოციალური არსებაა და როდესაც თავს ცუდად გრძნობს, მას ემოციური მხარდაჭერა ესაჭიროება. იზოლაცია კი მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. 

თუ თვლით რომ მოჭარბებულ სტრესს განიცდით, აუცილებელია გაანალიზოთ სტრესის გამომწვევი ფაქტორები და ეცადოთ მათ შემცირებას. სტრესის გამომწვევი ფაქტორების შემცირებასთან ერთად კი თქვენი ყოველდღიურობა დადებითი ემოციებით აავსოთ. 

ხშირად, ეს ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს, თუმცა პრიორიტეტი ყოველთვის თქვენს შინაგან კეთილდღეობას უნდა მიანიჭოთ. გახსოვდეთ, თქვენი კარგად ყოფნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანებისთვისაც. 

სტრესის შესამცირებლად. მნიშვნელოვანია გამოიმუშავოთ ისეთი ჩვევები, როგორებიცაა: ბუნებაში მეტი დროის გატარება, ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში, იოგა და მედიტაცია, სწორი ძილის რეჟიმის დანერგვა, თქვენი ინტერესებისთვის და საყვარელი ადამიანებისთვის მეტი დროის დათმობა, ტოქსიკური ადამიანებისა და გარემოსგან დისტანცირება. 


 

გამოქვეყნების თარიღი: 21 სექტემბერი, 2023წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები