პომიდორი – ანტიოქსიდანტებისა და C ვიტამინის მდიდარი წყარო
3 წუთიანი საკითხავი
პომიდორი – ანტიოქსიდანტებისა და C ვიტამინის მდიდარი წყარო

პომიდორი მრავალწლოვანი ბუჩქბალახოვანი მცენარეა. უმეტესწილად ის ბოსტნეულად ითვლება და შესაბამისად მზადდება კიდევაც, თუმცა ბოტანიკურად – კენკროვან ხილს წარმოადგენს. მისი სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, კერძოდ პერუს მიმდებარე ტერიტორიები. პირველად პომიდორი საკვებად სამხრეთ მექსიკაში, აცტეკების ტომებმა გამოიყენეს.

არსებობს ძალიან ბევრი ფერის პომიდორი: წითელი, მწვანე, ყვითელი, სტაფილოსფერი, ვარდისფერი, შავი, თეთრი, ყავისფერი და იასამნისფერიც კი. თუმცა, აღსანიშნავია რომ რაც უფრო წითელია პომიდორი, მით მეტ ანტიოქსიდანტს – ლიკოპენს შეიცავს. ლიკოპენი ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელის სიმსივნისა და გულის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. ის ძირითადად პომიდვრის კანშია კონცენტრირებული და მის წითელ შეფერილობასაც სწორედ ის განაპირობებს.

პომიდორი შეიცავს ოთხივე ძირითადად კაროტინოიდს: ალფა და ბეტა კაროტინებს (ისინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნებიან), ლუტეინსა (მნიშვნელოვან როლს თამაშობს მხედველობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში) და ლიკოპენს. გარდა ამისა ის მდიდარია E და C ვიტამინებით.

100 გ პომიდორი შეიცავს:

კალორია: 18

წყალი: 95%

ცილა: 0.9 გრ

ნახშირწყლები: 3.9 გრ

უჯრედისი: 1.2 გრ

შაქარი: 2.6 გრ

ცხიმი: 0.2 გრ

C ვიტამინი: დღიური ნორმის 28%

პომიდორი ასევე შეიცავს კალიუმს, K1 ვიტამინსა და ფოლატს. ფოლატი პასუხისმგებელია უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა უჯრედების დაყოფა და ზრდა და დნმ-ის სინთეზი. ის განსაუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმე ქალებისთვის.

უამრავი სასარგებლო თვისების გარდა, პომიდორი ძალიან გემრილია, როგორც უმ, ისე –  მომზადებულ მდგომარეობაში. ის არაერთი კერძის, სოუსის, სალსას, სალათის, საწებელისა თუ კოქტეილის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. განსაკუთრებული პოპულარობით პომიდორი იტალიურ და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოებში სარგებლობს.

სწორედ ამიტომ, გირჩევთ აუცილებლად გაამრავალფეროვნოთ თქვენი რაციონი ამ ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტით. პომიდვრის მომზადების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა – ყველასთვის საყვარელი კიტრისა და პომიდვრის სალათის მომზადებაა.

საინტერესო ფაქტები პომიდვრის შესახებ:

ასწლეულების განმავლობაში, პომიდორი ევროპაში მომწამვლელ პროდუქტად ითვლებოდა და მას „მოწამლულ ვაშლსაც“ კი უწოდებდნენ. მისი ფოთლები და ღეროები დღემდე მომწამვლელად მიიჩნევა.

არსებობს პომიდვრის დაახლოებით 10 000-მდე სახეობა.

გინესის რეკორდების წიგნში შესულია პომიდორი, რომელიც დაახლოებით 3.2 კგ-ს იწონიდა.

პირველი პომიდორი, რომელიც ევროპაში გამოჩნდა იყო ყვითელი ფერის და მას ყვითელი ვაშლი ერქვა.

გამოქვეყნების თარიღი: 22 თებერვალი, 2021წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები