რას გვანიშნებს ხილის და ბოსტნეულის შეფერილობა
3 წუთიანი საკითხავი
რას გვანიშნებს ხილის და ბოსტნეულის შეფერილობა

ბუნებაში ბევრი კანონზომიერება და ლოგიკური კავშირი არსებობს. ასეა ხილისა და ბოსტნეულის შეფერილობის შეთხვევაშიც, რომელიც გარდა ვიზუალური დატვირთვისა, ძალიან ბევრს გვეუბნება მისი კვებითი ღირებულების შესახებ. 

მოდით განვიხილოთ თუ რა მახასიათებლები დგას, თითოეული ფერის უკან. 

წითელი - წარმოიდგინეთ წითელი, ხასხასა  მარწყვი, წვნიანი  ვაშლი, არომატული პომიდორი და წიწაკა! წითელი ხილი და ბოსტნეული არამხოლოდ ლამაზი და მადისაღმძვრელია, არამედ ანტიოქსიდანტების ძალიან მდიდარ წყაროსაც წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად, წითელი პიგმენტის შემცველი პროდუქტები მდიდარია ანტიოქსიდანტით – ლიკოპენით. ლიკოპენი ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც სიმსივნისა და გულის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. 


მწვანე - მწვანე ფერი ასოცირდება ბუნებასთან, სიცოცხლესთან, ინტელექტთან... გაიხსენეთ მწვანე ხილი და ბოსტნეული - ისპანახი, კეილი, კივი, სატაცური და მრავალი სხვა.  თავიანთი საოცარი მახასიათებლების გამო, ისინი ბუნების ნამდვილ საჩუქარს წარმოადგენენ! ხილისა და ბოსტნეულის მწვანე შეფერილობას მათში ქლოროფილის შემცველობა განაპირობებს. ქლოროფილი არის ერთგვარი ჯადოსნური პიგმენტი, რომელიც ფოტოსინთეზის გზით, ნახშირორჟანგს და წყალს ჟანგბადად და გლუკოზად გარდაქმნის. ქლოროფილის შემცველ საკვებს აქვს ანტიოქსიდაციური, ანთების საწინააღმდეგო და ორგანიზმის გამწმენდი, დეტოქს მახასიათებლები. 


ყვითელი და ნარინჯისფერი - რა ასოციაციას იწვევს თქვენში ეს ფერები? ალბათ პირველ რიგში მზის და სითბოს. ზუსტად ასევეა ყვითელი და ნარინჯისფერი ხილის შემთხვევაშიც. წარმოიდგინეთ წვნიანი მანგო და ფორთოხალი, პაპაია და ლიმონი! თითოეული მათგანი მზის ენერგიის და ეგზოტიკური გარემოს ასოციაციას იწვევს. ამ შეფერილობის პროდუქტები მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს და მნიშვნელოვან როლ ასრულებს ორგანიზმის სწრაფი გამოჯანმრთელების პროცესში.
გარდა ამისა, ყვითელი და ნარინჯისფერი შეფერილობის ხილი და ბოსტნეული მდიდარია ბეტა კაროტინით, რომელიც ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას და ზოგად კეთილდღეობას.


ლურჯი და იისფერი - ყურძენი, მოცვი, ქლიავი, იისფერი კარტოფილი და სხვა. ხილისა და ბოსტნეულის მისტიკური, მოლურჯო შეფერილობა ანტოციანინებით მათ სიმდიდრეზე მეტყველებს. ანტოციანინები გულის ჯანმრთელობას, არტერიული წნევის რეგულირებას და ტვინის კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ლურჯი და იისფერი ხილი და ბოსტნეული ხშირ შემთხვევაში მდიდარი უჯრედისით, რაც ხელს უწყობს საკვების მონელებას და ნაწლავის მიკროფლორის მოწესრიგებას.

 
თეთრი - ყვავილოვანი კომბოსტო, ნიორი, სოკო და სხვა. ხშირ შემთხვევაში, თეთრი ბოსტნეული შეიცავს გოგირდოვან ნაერთს ალიცინს, რომელსაც ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდაციური თვისებები. თეთრი ბოსტნეული ასევე მდიდარია კალიუმით, რაც მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობისთცის. 


არსებობს ასეთი გამოანთქვამი - „შეჭამე ცისარტყელა.“ როგორც ხედავთ, მის მიღმა მხოლოდ ესთეტიკური მხარე არ იგულისხმება. ამგვარი კვება დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზმისთვის საჭირო ნუტრიენტების მთელი სპექტრის მიღებაში. ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითოეულ კვებაზე ყველა ფერის ხილი და ბოსტნეული ჭამოთ. გაითვალისწინეთ სხვადასხვა ფერის პროდუქტების სასარგებლო თვისებები და დაგეგმეთ მათი ოპტიმალური განაწილება თქვენს საკვებ რაციონში. 

გამოქვეყნების თარიღი: 18 აგვისტო, 2023წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები