ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. არსებობს არაერთი მითი ამ თემის შესახებ და თავად ეს პირველი წინადადებაც კი - მითია. ყველა კვება თანაბრად მნიშვნელოვანია, საკვები კი - ჩვენი ჯანმრთელობის და ენერგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორი.
განვიხილოთ 5 ყველაზე გავრცელებული მითი საუზმის შესახებ.
მითი #1 - საუზმის გამოტოვება წონის დაკლებაში დაგეხმარებათ
მართალია, საუზმის გამოტოვება მართლაც შეამცირებს თქვენს მიერ მიღებული კალორიების ჯამურ ოდენობას, თუმცა შესაძლოა ეს საკმაოდ სტრესული იყოს თქვენი ორგანიზმისთვის. შედეგად, კი - ის აუცილებლად ეცდება რომ აანაზღაუროს მიღებული სტრესი და კალორიული დეფიციტი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოგვიანებით ზომაზე მეტად ჭამის და არაჯანსაღი სნექებით ხშირი წახემსების მეტი ცდუნება გექნებათ.
გარდა ამისა, საუზმის გამოტოვების შემთხვევაში, თქვენ ვერ მიიღებთ საკმარის ენერგიას იმისთვის, რომ დღე პროდუქტიულად დაიწყოთ.
მითი #2 - საუზმე დღის ყველაზე დიდი კვება უნდა იყოს
ეს მითი სავარაუდოდ სწორედ ზემოთ განხილულ მოსაზრებებს ეყრდნობა, კერძოდ იმას, რომ ნოყიერი საუზმე დღის დასაწყებად საჭირო ენერგიას მოგცემთ და არაჯანსაღი სნექების ან დიდი ოდენობით საკვების მოთხოვნილებას შეგიმცირებთ. რაც მართალია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საუზმე დღის ყველაზე დიდი კვება უნდა იყოს. ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია საკვების დიდი პორციების მიღება გაღვიძებიდან გარკვეული დროის მანძილზე.
ასევე, შეიძლება სხვადასხვა ადამიანი, კვების სხვადასხვა სტილს მიჰყვებოდეს, იქნება ეს ინტერვალური შიმშილი, თუ ხშირი და პატარ-პატარა ულუფების ჭამა. დააკვირდით, რომელი კვების მოდელია თქვენი ორგანიზმისთვის ყველაზე შესაფერისი. ეს აუცილებლად აისახება თქვენს ენერგიაზეც. ეცადეთ მოუსმინოთ თქვენს ორგანიზმს და მიირთვათ იმ რაოდენობით და იმ სიხშირით, რაც თქვენს სხეულს ოპტიმალურ ფუნქციონირებაში შეუწყობს ხელს.
მითი #3 - ტრადიციული “საუზმე” ყოველთვის კარგი იდეაა
ჩვენს გონებას აქვს ტენდენცია, რომ ავტომატურად გაიმეოროს გარკვეული პატერნები. ხშირ შემთხვევაში, საუზმის არჩევაც სწორედ ავტომატურ რეჟიმში ხდება. ტრადიციული საუზმე, განსაკუთრებით კი - არავეგეტარიანული, დიდი რაოდენობით არაჯანსაღ ცხიმებს და შაქრებს შეიცავს. ასეთ საუზმეში შეხვდებით სოსისს, ლორს, კრუასანებს, სხვადასხვა ტკბილეულს და ა.შ. ეცადეთ, რომ საუზმე, ისევე როგორც დღის ნებისმიერ სხვა კვება, იყოს მრავალფეროვანი და შეიცავდეს საკმარისი ოდენობით ხილსა და ბოსტნეულს.
მითი #4 - საუზმეზე ტკბილეულის ჭამა ენერგიას მოგცემთ
ტკბილეულის მიღება სისხლში შაქრის შემცველობის სწრაფ მატებას იწვევს, რაც მართლაც ენერგიის სტიმულატორია, თუმცა საყურადღებოა, რომ მას მალევე ენერგიის მკვეთრი ვარდნაც მოჰყვება. ეს კი ლეთარგიულობის შეგრძნებას და მეტი ტკბილის მოთხოვნილებას იწვევს.
გარდა ამისა, ტკბილეული არ შეიცავს ბევრ მნიშვნელოვან ნუტრიენტს, როგორებიცაა ვიტამინები, მინერალები და ა.შ.
უმჯობესია, თქვენი საუზმე იყოს დაბალანსებული და მდიდარი ცილებით, მთელმარცვლოვანი პროდუქტებით, ჯანსაღი ცხიმებით, ხილითა და ბოსტნეულით.
მითი #5 - დილის ყავით დაწყება გაღვიძებაში დაგეხმარებათ
ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზა “უზმოზე ჭიქა ყავის გარეშე, ვერ ვიღვიძებ.” უმჯობესია, გაღვიძებისთანავე, უზმოზე ყავა არ დალიოთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არღვევს თქვენი სხეულის ცირკადულ რითმს, რომელიც დღის განმავლობაში, თქვენი ენერგიის დონეს აბალანსებს. უზმოზე ყავის დალევა, ისევე როგორც ტკბილეულით საუზმობა, თქვენი ორგანიზმისთვის არაბუნებრივი სტიმულატორია. დილით სხეულში ისედაც მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც გაღვიძებაში გეხმარებათ. დილიდანვე სხვადასხვა სტიმულატორების მიღება კი - სხეულს ხელოვნურ სტიმულაციას აჩვევს, რაც მოგვიანებით, დღის განმავლობაში ენერგიის ნაკლებობასაც იწვევს და სხვადასხვა არაჯანსაღ დამოკიდებულებებშიც გამოიხატება. შესაძლოა ისეთი დამოკიდებულებაც კი გაგიჩნდეთ, რომ უზმოზე ყავის გამოტოვების შემთხვევაში, თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, დროთა განმავლობაში კი სულ უფრო და უფრო დიდი რაოდენობით ყავით სტიმულირება დაგჭირდეთ იმისთვის, რომ თავი ენერგიულად იგრძნოთ.
ამიტომ, უმჯობესია ყავა საუზმის შემდეგ, გაღვიძებიდან რამდენიმე საათში დალიოთ.
ეცადეთ ყოველთვის გამონახოთ დრო, მშვიდი და სასიამოვნო საუზმის რიტუალისთვის.
საუზმე თქვენი სხეულის და გონების ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საწვავია. თუ დილას დაბალანსებული და ჯანსაღი ინგრედიენტებით სავსე, სასიამოვნო საუზმით დაიწყებთ, ეს ძალიან დადებითად აისახება თქვენს ენერგიაზე და განწყობაზე, რომელიც მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ.