საბედნიეროდ, ბუნებამ უხვად დაგვაჯილდოვა კენკროვანი ხილის ნაირსახეობებით. თითოეული მათგანი თავისთვის დამახასიათებელი ხასხასა ფერით, უნიკალური თვისებებით და არომატით გამოირჩევა. დღეს განვიხილავთ 6 გამორჩეულ კენკრას - მარწყვი, მოცვი, მაყვალი, ასაი და გოჯი ბერი. თითოეულ მათგანს ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია - ანტიოქსიდანტების, ვიტამინებისა და მინერალების მაღალი შემცველობის გამო, კენკრის ეს სახეობები ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკს ამცირებს, როგორიცაა სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნეიროდეგენერაციული დაავადებები და სხვა. განვიხილით თითოეული მათგანის მახასიათებლები ცალ-ცალკე:
მარწყვი - მარწყვი მცენარეული ნაერთების - პოლიფენოლების სიმდიდრით განსაკუთრებით გამოირჩევა. მათ შორისაა ანტოციანინებიც. ამ ნივთიერებით მდიდარი საკვები ძალიან სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის.
მარწყვში შემავალი ანტიოქსიდანტები და მცენარეული ნაერთები სასარგებლოა არა მხოლოდ გულის ჯანმრთელობისთვის, არამედ - სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლისთვისაც. მარწყვი განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით, კალიუმით, ფოლიუმით და მანგანუმით. 5-7 ცალ მარწყვში დაახლოებით იმდენივე C ვიტამიანია, რამდენიც ერთ საშუალო ზომის ფორთოხალში! აღსანიშნავია, რომ ანთებისსაწინააღმდეგო მახასიათებლების გამო, მარწყვის რეგულარულ მიღებას, ოსტეოართრიტის, მუხლის ტკივილისა და შეშუპების შემცირება, ასევე მყესების დაზიანების პრევენცია შეუძლია.
მოცვი - მარწყვის მსგავსად, მოცვიც მდიდარია ანტოციანინებით. გარდა ამისა, მოცვი შეიცავს ანტიოქსიდანტებს - ლუტეინსა და ზეაქსანტინს, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა თვალის ჯანმრთელობისთვის. ისინი იცავენ თვალს თავისუფალი რადიკალებისა და ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან და ამცირებენ მაკულარული დეგენერაციისა და კატარაქტის განვითარების რისკს. მოცვში შემავალ ანტიოქსიდანტებს მეხსიერებისა და ტვინის კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება და ასაკთან დაკავშირებული ტვინის დაავადებების რისკის შემცირებაც შეუძლია. მათ კანის დაბერების საწინააღმდეგო და და გამაჯანსაღებელი თვისებებიც გააჩნია.
მაყვალი - მარწყვის და მოცვის მსგავსად, მაყვალიც მდიდარია ანტოციანინებით. გარდა ამისა, ის უხვად შეიცავს მცენარეულ ბოჭკოს, რაც საკვების გადამუშავების და კუჭ-ნაწლავის მოქმედების რეგულირებას უწყობს ხელს. C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, მაყვალი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას. ის ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზსაც. მაყვალი ასევე შეიცავს სილიცილატს, რომელსაც ასპირინის მსგავსი, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს.
ჟოლო - ჟოლო ანტიოქსიდანტების ნამდვილი ბომბია! ის შეიცავს ანტოციანინებს, კვერცეტინს და ელაგის მჟავას. ელაგის მჟავა ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს. კვერცენტინი კი ბრონქიტის, ასთმის და ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს, შეტევების სიხშირის, ხველის და ბრონქების შეშუპების შემცირებას უწყობს ხელს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფილტვის ნორმალური ფუნქციის აღდგენაში.
ასაი ბერი - ასაი ბერიმ განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო წლებში მოიპოვა. მისი სამშობლო ამაზონის ტროპიკული ტყეები, კერძოდ ბრაზილიაა. ასაი ბერით სამხრეთ ამერიკელი აბორიგენები, საუკუნეების განმავლობაში იკვებებოდნენ.
გარდა კენკროვანი ხილისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის უამრავი სარგებელისა, რაც ანტიოქსიდანტების, ვიტამინებისა და მინერალების მაღალი შემცველობით აიხსნება, ასაი ბერი ასევე ენერგიის ერთგვარ ბუსტერად მიიჩნევა. რასაც განაპირობებს მასში შემავალი ბუნებრივი შაქარი და ნუტრიენტები.
ის ასევე შეიცავს ომეგა-3, 6 და 9 ცხიმოვან მჟავებს, რაც ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შემცირებას, ორგანიზმში ქოლესტერინის დონის რეგულირებას და სისხლძარღვების სიჯანსაღეს.
გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში ასაი ბერი ჩირის ან საკვები ფხვნილის სახით იყიდება. ის შეგიძლიათ დაამატოთ სმუზებში, ფაფებში ან ენერგეტიკულ ბურთულებში.
გოჯი ბერი - ასაი ბერის მსგავსად, გოჯი ბერიც განსაკუთრებით პოპულარული ბოლო წლების განმავლობაში გახდა. მისი სამშობლო ჩინეთია. ის ჩინურ ხალხურ მედიცინაში, ათასობით წლების განმავლობაში გამოიყენებოდა. ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა კენკრის მსგავსად, გოჯი ბერი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მათ შორის ზეაქსანტინით, რომელიც თვალი ჯანმრთელობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის მდიდარია C და A ვიტამინებით, რკინით და თუთიით.
გარდა ამისა, მიიჩნევა რომ გოჯი ბერიში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებენ თავისუფალი რადიკალებით მოწვეულ უჯრედულ დაზიანებებს და, ამგვარად, ანელებენ სხეულის დაბერების პროცესს.
ჩინურ მედიცინაში გოჯი ბერის იყენებენ ზოგადი კეთილდღეობის, ენერგიის მომატების, განწყობის ამაღლების, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით. ისევე როგორც ასაი ბერი, გოჯი ბერიც საქართველოში ჩირის ან საკვები ფხვნილის სახით იყიდება.
ზოგადად, ამ კენკრას ძირითადად ჩირის სახით მიირთმევენ. მას ასევე სხვადასხვა სმუზის, ჩაის და კერძებს უმატებენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გოჯი ბერის შეუძლია ურთიერმედებაში შევიდეს სხვადასხვა წამალთან, განსაკუთრებით სისხლის გამათხელებლებსა და არტერიული წნვის მარეგულირებელ წამლებთან. ამიტომ, ასეთ შეთხვევაში, მის მიღებამდე უმჯობესია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.
კენკრა ძალიან მარტივად შეიძლება ჩასვათ თქვენს საკვებ რაციონში. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:
• მოაბნიეთ შვრიაზე, გრანოლაზე ან ნებისმიერ ფაფაზე.
• დააბლენდერეთ იოგურტთან ან რძესთან და მოამზადეთ სმუზი.
• გამოიყენეთ როგორც ნებისმიერი ალადის, ფენქეიქის ან ვაფლის ტოპინგი.
• მიირთვით უბრალოდ როგორც სასუსნავი, ბუნებრივ ან ჩირის მდგომარეობაში.
• მოაბნიეთ სალათზე. შეიძლება აქამდე არ დაფიქრებულხართ, მაგრამ ის ძალიან უხდება სალათის ფურცლებს, პიტნას და ბალზამიკოს სოუსს!
• კენკრა ნებისმიერ დესერტს აგემრიელებს, იქნება ეს ჩიზქეიქი, ქრამბლი, ჩიას პუდინგი თუ კენკრის სორბე!
საუკეთესო არომატისა და კვებითი ღირებულისთვის, უმჯობესია სეზონური კენკრა მიირთვათ, თუმცა შეგიძლიათ მოიმარაგოთ და გაყინოთ ზამთრის სეზონისთვისაც.