თუ დააკვირდებით პატარა ბავშვის სხეული საკმაოდ მოქნილია, მაგრამ დროსთან ერთად, თითქოს, ეს მოქნილობა იკარგება. ამას ცხოვრების წესი განაპირობებს. სხეულის მოქნილობა-მოუქნელობის საკითხი ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კუნთებისა ან მყესების ფიზიკური ტრავმის გარდა, მოუქნელობის გამომწევ მიზეზებს შორის შეიძლება იყოს:
სტრესი
დააკვირდით საკუთარ სხეულს. წინა დღის ნერვიულობის ან სტრესის შემდეგ, შესაძლოა მეორე დილით თქვენი სხეული ისეთი გაუხეშებული იყოს, რომ საწოლიდან წამოდგომაც კი გაგიჭირდეთ.
კულტურული ფაქტორი
ინდოეთში მოგზაურობისას, ჩემთვის თვალშისაცემი იყო, რომ ევროპელებს, ამერიკელებს, ავსტრალიელებს და სხვა იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც სკამზე ჯდომას არიან მიჩვეულნი, ხშირ შემთხვევაში, ძალიან უჭირთ მედიტაციის პოზაში დაჯდომაც კი, არათუ გარკვეული იოგა ასანის გაკეთება (იოგური პოზები). ინდოელებს კი, რომლებიც ბავშვობიდან იატაკზე ჯდომას არიან მიჩვეულნი, ძირითადად ბევრად მოქნილი სხეული აქვთ, მიუხედავად მათი წონისა. შესაბამისად, არც სხვადასხვა რთული ასანის გაკეთება წარმოადგენს მათთვის პრობლემას.
კვების რაციონი
კვების რაციონი ძალიან დიდ გავლენას ახდენს სხეულის მოქნილობაზე. ის თუ რას ვჭამთ, პირდაპირ კავშირშია ჩვენი სხეულის მოქნილობასა და ენერგიულობის დონესთან. საკვები შესაძლოა იყოს მასაზრდოებელი და გამაჯანსაღებელი, ან პირიქით -ძილიანობის მაპროვოცირებელი და მავნეც კი.
რა შეიძლება შეცვალოთ კვების რაციონში, რომ თქვენი სხეული უფრო მოქნილი გახდეს?
გთავაზობთ კვებასთან დაკავშირებულ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ სხეული უფრო მოქნილი გახადოთ:
მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული და გაღვივებული მარცვლები - იმისთვის, რომ თქვენი სხეული მეტი სასიცოცხლო ენერგიით სავსე, ფხიზელი და მოქნილი იყოს, ეცადეთ თქვენი საკვები რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილი (იდეალურ შემთხვევაში 30-40%) ცოცხალი ხილის, ბოსტნეულის და გაღვივებული მარცვლებისგან შედგებოდეს. შეგიძლიათ ექსპერიმენტიც ჩაატაროთ. ერთ დღეს ჭამეთ მსუბუქი საკვები, უმეტესწილად ცოცხალი ხილი და ბოსტნეული და გაღვივებული მარცვლები, მეორე დღეს კი შედარებით მძიმე, არავეგეტარიანული, თერმულად დამუშავებული კერძები. თავად შეამჩნევთ, რომ პირველ შემთხვევაში, დილით ადგომა ბევრად მარტივი, სხეული კი ბევრად მოქნილი იქნება.
ვარჯიშის წინ მიიღეთ კურკუმა და ნიმი ნელთბილ ან თაფლიან წყალთან ერთად - უზმოზე, უშუალოდ ვარჯიშის ან იოგას წინ, მიიღეთ კურკუმა და ნიმი ნელთბილ ან თაფლიან წყალთან ერთად. სულ ცოტა თაფლიც საკმარისია, დაახლოებით ჩაის კოვზის 1/8-იც კი. ამას იოგები არამარტო სხეულის მოქნილობისთვის, არამედ ჯანმრთელობის სხვა უამრავი სარგებელის მისაღებადაც აკეთებენ.
კურკუმა და ნიმი შეგიძლიათ შემდეგი ფორმით მიიღოთ: ცოტაოდენ კურკუმას დაასხით წყალი და გააკეთეთ პატარა ზომის ბურთულა. მიიღეთ ბურთულა წყალთან ერთად (როგორც წამლის აბი.) ზუსტად ანალოგიურად გააკეთეთ ნიმის შემთხვევაშიც.
მიიღეთ საკმარისი წყალი და წყლით მდიდარი საკვები - მოქნილი სხეულისთვის აუცილებელია იყოთ საკმარისად ჰიდრატირებული, რადგან ეს ხელს უწყობს სახსრების სათანადოდ „დაზეთვას“ და ამცირებს მათ შორის ხახუნს. ამისთვის მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი და წყლით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა: კიტრი, ყაბაყი, ფორთოხალი, პომიდორი, საზამთრო, მარწყვი, სალათის ფურცლები, ნიახურის ღერო და სხვა.
ერთი კვებიდან მეორემდე შეისვენეთ მინიმუმ 5 სთ - ხშირ შემთხვევაში, პირველი „შიმშილის სიგნალი“ არ არის ნამდვილი შიმშილის მანიშნებელი. ის შეიძლება უბრალოდ ჩვენი კვების ჩვეული რეჟიმით ან სტრესის შედეგად იყოს პროვოცირებული. ეცადეთ ჭამოთ მაშინ, როდესაც უკვე ნამდვილად გშიათ, რადგან თუ საკვებს იმაზე ადრე მიიღებთ ვიდრე საჭიროა, სხეული მოდუნებული, მოუქნელი და უსიცოცხლო გახდება. როდესაც ძალიან პატარ-პატარა შუალედით ჭამთ ან გამუდმებით სუსნაობთ, თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა მუდმივად მუშაობს და საკვების გადამუშავების პროცესი საკმაოდ ბევრ ენერგიას გართმევთ.
იმისთვის, რომ თქვენი სხეული მოქნილი გახდეს, შესაძლოა საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდეთ. არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რომელიც მეორე დღესვე საოცარ შედეგებს მოგცემთ. თუმცა, ამ რჩევების გათვალისწინებით, დროთა განმავლობაში პროგრესს აუცილებლად დაინახავთ. ზოგადად, ეცადეთ თქვენი რაციონი იყოს დაბალანსებული და სავსე ხილით და ბოსტნეულით, თხილეულით და თესლებით, პარკოსნებით, მთელ-მარცვლოვანი პროდუქტებით და გულისთვის სასარგებლო ცხიმებით.