ტორტი „ფრეზიე“

  • 2 საათი
  • საშუალო
  • 8

ტორტი „ფრეზიე“

  • 2 საათი
  • საშუალო
  • 8

ინგრედიენტები

კრემი:
500 მლ რძე (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის რძეც)
120 გ შაქარი
65 გ სიმინდის სახამებელი
4 კვერცხის გული
2 ფირფიტა ჟელატინი
1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
300 მლ ნაღები 33-35%

ბისკვიტი:
3 კვერცხი
50 გ შაქარი
50 გ ფქვილი
მწიკვი მარილი

ტორტის ასაწყობად დაგჭირდებათ 1 კგ მარწყვი

მარწყვის ჟელე:
300 გ მარწყვი
20 გ შაქარი
1/2 ლიმონის წვენი
2 ფირფიტა ჟელატინი

მომზადების ინსტრუქცია

ტორტს ვაწყობთ 20 სმ დიამეტრის ყალიბში.
ვიწყებთ კრემის მომზადებით:
ჟელატინის ფირფიტებს ვალბობთ ცივ წყალში.
რძეს შემოვდგამთ ცეცხლზე ქვაბით. მოზრდილ ჯამში ხელის სათქვეფით ვთქვეფთ კვერცხის გულებს და შაქარს ფაფუკი მასის მიღებამდე, ვუმატებთ სახამებელს და ვურევთ, ვიდრე ერთგვაროვანი არ გახდება. რძე მიგვყავს ადუღებამდე და ვასხამთ კვერცხიან ჯამში, კარგად ავურევთ და მიღებულ მასას ვაბრუნებთ ქვაბში. წამოდუღების შემდეგ კრემი იხარშება 3-4 წუთი, ვურევთ განუწყვეტლივ ხელის სათქვეფით. ცხელსავე ვამატებთ ვანილს და გაწურულ ჟელატინს, ვურევთ ჟელატინის სრულ გახსნამდე. კრემი გადმოგვაქვს სუფთა ჯამში და ვფუთავთ კონტაქტურად გრინით. ველოდებით გაგრილებას ოთახის ტემპერატურამდე.

ვამზადებთ ბისკვიტს:
ვაცხელებთ ღუმელს 200 გრადუსზე.
ფირფიტას დავაფენთ საცხობ ქაღალდს. ფანქრით შემოვხაზავთ 20 და 16 სმ დიამეტრის წრეებს. 
კვერცხის გულებს და ცილას განვაცალკევებთ, ცილას ავთქვეფთ გამყარებამდე მწიკვ მარილთან ერთად, კვერცხის გულს და შაქარს - ფაფუკი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. გავაერთიანებთ ათქვეფილ გულებს და ცილას, დავაცრით ფქვილს და ფრთხილად ამოვურევთ სილიკონის კოვზით, ვიდრე ფქვილი არ გაიხსნება.
ბისკვიტის ცომი გადაგვაქვს ფირფიტაზე და ვანაწილებთ შემოხაზულ წრეებზე, გადავასწორებთ და ვაცხობთ 12 წუთი. გამომცხვარ ბისკვიტს გადმოვიტანთ ფირფიტიდან და ვაგრილებთ. 

მარწყვის ჟელეს მოსამზადებლად ვჭრით მარწყვს და შაქართან და ლიმონის წვენთან ერთად მიგვყავს ადუღებამდე. ვაბლენდერებთ და ვურევთ წინასწარ, ცივ წყალში დალბობილ ჟელატინს, ვურევთ ჟელატინის სრულ გახსნამდე. ვაგრილებთ.

დარჩენილი მარწყვის ნაწილს ვჭრით სიგრძეზე, გაითვალისწინეთ რომ გეყოთ მთელი ყალიბის გაყოლებაზე. მეორე ნაწილს კი ვჭრით პატარა კუბებად, ტორტის შუა ფენისთვის.

ვაგრძელებთ კრემის მომზადებას - ვთქვეფთ ნაღებს გამყარებამდე, მეორე ჯამში მიქსერით ითქვიფება მოხარშული კრემი ფაფუკი, პრიალა ტექსტურის მიღებამდე. ნაღებს ეტაპობრივად ვამატებთ კრემში და ვურევთ ფრთხილად, ვიდრე ერთგვაროვანი არ გახდება. კრემს გადავიტანთ საკონდიტრო ტომარაში და ვიწყებთ ტორტის აწყობას.

ამოვჭრით ბისკვიტის 2 დისკს, ერთი, მოზრდილი იქნება ტორტის ძირი. საცხობ ყალიბს მოვათავსებთ თეფშზე ან ლანგარზე, იდეალური კიდეები რომ მივიღოთ, სასურველია ჩავაყოლოთ საკონდიტრო ლენტი. 
ჩავსვამთ ბისკვიტს, ირგვლივ ჩავალაგებთ სიგრძეზე დაჭრილ, თანაბარი ზომის მარწყვებს, ჩავასხამთ კრემს ისე, რომ მარწყვებს შორის ადგილი შევავსოთ. კრემს მოვასწორებთ ცენტრში და ჩავყრით კუბებად დაჭრილ მარწყვს. დავადებთ მეორე, მომცრო ბისკვიტს, ყალიბს შევავსებთ დარჩენილი კრემით და იდეალურად მოვასწორებთ ზედაპირს. დავასხამთ მარწყვის ჟელეს და ვინახავთ მაცივარში მინიმუმ 12 საათით.
დეკორად ვიყენებთ დაჭრილ მარწყვს და ქოქოსის ფანტელს.

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები