მიკრობიომი იმ უნიკალური, ტრილიონობით ბაქტერიის, სოკოსა და ვირუსის ერთობლიობაა, რომლისგანაც შედგება ჩვენი ორგანიზმი - ცხვირისა და პირის ღრუ, კანი და ყველაზე დიდი რაოდენობით - კუჭ-ნაწლავის ფლორა.
მიკრობიომი ჩვენი ორგანიზმისა და გარე სამყაროს ურთიერთკავშირის შედეგად ყალიბდება და ის ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ ეკოსისტემას წარმოადგენს. მართალია, მიკრობიომის ჩამოყალიბება ჩვენი ცხოვრების ადრეულ წლებში ხდება, თუმცა, ის კვების რაციონის, მედიკამენტოზური მკურნალობისა და გარემო ფაქტორების გავლენით, დროთა განმავლობაში ცვლილებას განიცდის.
უკანასკნელ წლებში სულ უფრო მეტი კვლევა ტარდება ადამიანის მიკრობიომის - კუჭ-ნაწლავის ფლორის შესასწავლად, რადგან აღმოჩნდა, რომ ის მნიშვნელოვან კავშირშია ჩვენი იმუნური, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჩამოყალიბებასა და გამართულ ფუნქციონირებასთან.
კუჭ-ნაწლავის მიკრობიომი შედგება „კეთილი“ და პოტენციურად „მავნე“ მიკრო ორგანიზმებისაგან, რომლებიც, საუკეთესო შემთხვევაში, მშვიდად თანაარსებობენ და ჩვენი ორგანიზმის კეთილდღეობას ემსახურებიან. თუმცა, მიკროფლორის დარღვევამ, შესაძლოა ავტოიმუნური ან სხვა სახის დაავადებების განვითარება გამოიწვიოს, როგორიცაა: ჭარბწონიანობა, დიაბეტი, ალერგია, კარდიო-ვასკულარული და ნევროლოგიური დაავადებები, ასევე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია და სხვა.
რა იწვევს მიკრობიომის ბალანსის დარღვევას?
ხშირი არაჯანსაღი კვება - ისეთი საკვები პროდუქტების ხშირი მოხმარება, რომლებიც შეიცავს რაფინირებულ შაქარს, ტრანს-ცხიმებს, კონსერვანტებს, სახამებელსა და თეთრ ფქვილს, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს მიკროფლორაზე.
ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი / ხშირი მკურნალობა - ანტიბიოტიკების გამოყენება საყურადღებოა, რადგან ის „ცუდ“ ბაქტერიებთან ერთად, ჩვენთვის საჭირო და სასარგებლო ბაქტერიებსაც ანადგურებს. ამიტომ, იკრძალება ანტიბიოტიკის პრევენციის მიზნით გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ხანგრძლივი სტრესი - უარყოფითი ემოციები და სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ხანგრძლივი სტრესი გავლენას ჩვენს კუჭ-ნაწლავის ფლორაზეც ახდენს. სტრესი ხელს უშლის ორგანიზმში სისხლის გადაადგილების პროცესს და მიკროფლორაში არსებული სასარგებლო ბაქტერიების ოდენობას ამცირებს.
არაჯანსაღი ცხოვრების წესი - ალკოჰოლის ხშირი ან დიდი რაოდენობით მოხმარება, უმოძრაობა და დაუბალანსებელი ძილის რეჟიმი უარყოფითად აისახება ჩვენს მიკრობიომზეც, რაც შესაძლოა აისახოს ჩვენს განწყობასა და პროდუქტიულობაზე. არაჯანსაღი ცხოვრების წესი, სხვა პრობლემებთან ერთად, იწვევს უხასიათობას, ენერგიის დეფიციტსა და მიკრო ფლორის დისფუნქციას.
არსებობს პროდუქტები და ჩვევები, რომელთა გამომუშავებითაც ჩვენს ორგანიზმში არსებული მიკრობიომის გაუმჯობესება შეგვიძლია.
როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მიკროფლორის გამართულ ფუნქციონირებას?
ყოველდღიური კვების რაციონი გაამდიდრეთ სასარგებლო პროდუქტებით - კარგი იქნება, თუ გადავხედავთ ჩვენს კვების რაციონს და მასში შევიტანთ მიკროფლორის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელ პროდუქტებს. ესენია: პარკოსნები, ხახვი, სატაცური, შვრია, ბანანი, კენკრა, იოგურტი, კიმჩი, კეფირი, შავი შოკოლადი, კომბუჩა და მწვანე ჩაი. ასევე, არ დაგვავიწყდეს, წყლის დღიური ნორმის მიღება, რადგან მიკრობიომის ბალანსისა და ორგანიზმის მინერალებით მოსამარაგებლად, ის შეუცვლელია.
ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ - ხარისხიანი ძილი მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის, ამიტომ შეეცადეთ მოაწესრიგოთ თქვენი ძილის რეჟიმი. საღამოს საათებში კოფეინის შემცველი პროდუქტების მოხმარებიდან ამოღება, ყოველდღე (თუნდაც არ გეძინებოთ) ერთსა და იმავე დროს დაწოლა, საძინებელში სიბნელე და ძილისთვის ხელშემწყობი ატმოსფერო ძილის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.
იპოვეთ გზები სტრესის შესამცირებლად - ჩვენს ორგანიზმზე სტრესის ნეგატიური გავლენის შემცირებისთვის, შესაძლოა ყველას ინდივიდუალური მეთოდი ჰქონდეს. თუმცა, სუნთქვითი სავარჯიშოები, მედიტაცია, ფიზიკური აქტიურობა - ვარჯიში, ფეხით სიარული, სახლის დალაგება, ხელს შეუწყობს შფოთვისგან გათავისუფლებას და დადებითად აისახება ჩვენს ორგანიზმსა და გონებაზე.
მართალია, ჩვენში არსებულ მიკრო ორგანიზმებს ვერ ვხედავთ, თუმცა ისინი ჩვენს ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი გავლენას ახდენენ. გამართული მიკრობიომი გვიცავს პათოლოგიური დაავადებებისგან, აუმჯობესებს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს საჭმლის მონელებას და ყოველდღიურად გვეხმარება ფუნქციონირებისა და პროდუქტიულობისათვის საჭირო ენერგიის გამომუშავებაში.