ცომისთვის დაგჭირდებათ:
200 გ ფქვილი
100 გ ცივი კარაქი
½ ჩ.კ. მარილი
⅓ ჭიქა ცივი წყალი
ფქვილი სამუშაოდ
სხვა მასალა:
2 ს.კ ზეითუნის ზეთი
700 გ სატაცური
100 გ კონსერვირებული ბარდა
30 გ შაშკვლავი
1 კბილი ნიორი
1 ლიმონის ცედრა
200 მლ ნაღები (23%)
3 კვერცხი
100 გ ყველი (ემენტალი ან სხვა)
მარილი/პილპილი გემოვნებით
ვიწყებთ ცომის მომზადებით:
ფქვილს, მარილს და თხლად დაჭრილ ცივ კარაქს ვაერთიანებთ ჯამში, ვურევთ ხელით, უნდა მივიღოთ ფხვიერი მასა, თუმცა კარაქი არ უნდა გათბეს და დადნეს, რომ ცომმა სიხრაშუნე შეინარჩუნოს ცხობის შემდეგ. ვამატებთ ცივ წყალს და სწრაფად შევკრავთ ცომს. გადავახვევთ საკვებ პარკში და ვინახავთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით.
ვაცხელებთ ღუმელს 190 გრადუსზე.
10 - 14 ცალ სატაცურს გადავდებთ დეკორისთვის, დანარჩენს დავჭრით საშუალო ზომის რგოლებად. უხეშ ბოლოებს ვაჭრით.
ცხელ ტაფაზე ზეითუნის ზეთში ვშუშავთ სატაცურს და წვრილად დაკეპილ ნიორს. სულ 3 - 4 წუთი სჭირდება, ვამატებთ ბარდას, დაჭრილ შაშკვლავს, ლიმონის ცედრას, მარილს, პილპილს, მოვურევთ და გადმოვდგამთ ცეცხლიდან.
ჯამში ვთქვეფთ კვერცხს ნაღებთან ერთად, ვამატებთ ოდნავ მარილს და ახალდაფქულ შავ პილპილს, ვამატებთ გახეხილ ყველს და ვურევთ.
გადავდივართ აწყობაზე:
შუშის ან კერამიკულ ყალიბს წავუსვამთ კარაქს და მოვაყრით ფქვილს.
ცომს ვაბრტყელებთ ფქვილის დახმარებით, ჩავაკრავთ ტარტის ყალიბში, კარგად დავაფიქსირებთ გვერდებს და ძირს დავჩხვლეტთ ჩანგლით.
მოვაყრით შემწვარ სატაცურს, მოვასხამთ კვერცხის მასას, ზევიდან დავალაგებთ გადანახულ მთელ სატაცურებს.
სატაცურს ფუნჯით გადავუსვამთ ზეთს, მოვაყრით ცოტა მსხვილ მარილს და ვაცხობთ 40 - 50 წუთი ან მზადყოფნამდე.
დარწმუნდით რომ ძირი გამოცხვა, ბოლო 10 წუთი დაამატეთ მხოლოდ ქვედა წვა ღუმელის დაბალ თაროზე.