განვავითაროთ წარმოსახვის უნარი ბავშვებში
3 წუთიანი საკითხავი
განვავითაროთ წარმოსახვის უნარი ბავშვებში

ბავშვების მოვლისა თუ აღზრდის პროცესში, მშობლებს უამრავი საზრუნავი აქვთ, იქნება ეს ბავშვების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფა, თუ მათი კოგნიტური, პიროვნული და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა.
დადასტურებულია, რომ ბავშვებთან ურთიერთობისას, მათთან გატარებული დროის რაოდენობაზე მნიშვნელოვანი, ამ ურთიერთობის ხარისხია. ესე იგი, ის, თუ რას ვაკეთებთ მათთან ერთად, ემოციურად რამდენად ჩართულები ვართ იმ აქტივობებში, რომლებსაც ბავშვებთან ერთად ვასრულებთ და რას იძენენ ჩვენი შვილები ჩვენთან გატარებული დროის შედეგად.
არაერთი უნარის თუ თვისების გამომუშავება ადრეულ ასაკში უფრო მარტივია, რის შედეგადაც ბავშვები მომავალში უფრო ეფექტიანად მოახერხებენ გარემოსთან ადაპტაციას, ფუნქციონირებასა და ცხოვრების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას.
აღმოჩნდა, რომ წარმოსახვის უნარის განვითარება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ბავშვები როგორც ფიზიკურად, ისე კოგნიტურად, უფრო მოქნილები იყვნენ. ადრეულ ასაკში ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარის განვითარება, თავის მხრივ, ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებას. 

ჩვენი ცხოვრების რომელ სფეროებზე ახდენს დადებით გავლენას წარმოსახვის უნარისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება?

- მოქნილი მოტორიკა - სრულიად მარტივი თამაშის დროსაც კი,  ფანტაზიის დახმარებით, ბავშვი იგონებს ახალ სცენარებს, ირგებს ახალ როლებსა და ტექნიკურად ახლებურად ასრულებს თამაშის მარტივ წესებს. ეს აუმჯობესებს მათ ხელის კოორდინაციას და ავარჯიშებს კუნთებს. კარგი იქნება, თუ თავისუფალ დროს, მათ საშუალებას მივცემთ თავად მოიფიქრონ თამაშის შინაარსი, სტრატეგია და გადაანაწილონ როლები, რადგან თამაში ყოველთვის სასარგებლოა ფიზიკური განვითარებისთვის, იქნება ის ბუნებაში თუ დახურულ სივრცეში. 

- სოციალური ურთიერთობები - კარგი წარმოსახვის უნარისა და შემოქმედებითი აზროვნების მქონე ბავშვებს უმარტივდებათ კომუნიკაცია და თანატოლებთან მეგობრული ურთიერთოებების ჩამოყალიბება. მათ თავისუფლად შეუძლიათ მოსმენილი, ნანახი ან მოფიქრებული შინაარსების სხვებისთვის გაზიარება და გათამაშება. წარმოსახვის უნარის მეშვეობით, ისინი უფრო ემპათიურებიც ხდებიან, რადგან აქვთ უნარი საკუთარი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინონ და აქედან გამომდინარე იმოქმედონ.
- კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა - წარმოსახვისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების შედეგად, ბავშვებში ისეთი მნიშვნელოვანი უნარები ყალიბდება, როგორიცაა: ვიზუალიზაცია, კრიტიკული აზროვნება და გამოსავლის პოვნის უნარი. მომავალში, ამ რესურსის გამოყენებით, მათ უკეთ შეეძლებათ სტრესულ სიტუაციაში საერთო სურათის აღქმა, სავარაუდო სამოქმედო სტრატეგიების შემუშავება და არსებული პრობლემების ეფექტურად მოგვარება. ისინი გადაწყვეტილებებსაც უფრო მარტივად იღებენ, დამოუკიდებლები არიან და ცხოვრებისეულ სტრესსა თუ ტრავმასთან გასამკლავებლად მეტი შინაგანი რესურსი გააჩნიათ.

როგორ განვავითაროთ ბავშვებში ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი?

- მოვუსმინოთ მათ -  ბავშვებს უყვართ გამოგონილი ამბებისა თუ თავგადასავლების მოყოლა და ხანდახან, უბრალოდ მათი მოსმენა, კითხვების დასმა და მათთან ერთად გამოგონილ ისტორიებზე მსჯელობა, უკვე მათი წარმოსახვის უნარის განვითარების ხელშეწყობაა.
- დავუტოვოთ თავისუფალი დრო - შეიძლება გვეგონოს, რომ თუ ბავშვებს დღის განრიგი შევსებული ექნებათ, არასასარგებლო აქტივობებისათვის ნაკლები დრო დარჩებათ, ან თუ მათ ჩვენთვის სასურველ თამაშებს შევთავაზებთ, მაინც გაერთობიან. , თუმცა,მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კარგი იქნება თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ თავისუფალი დრო, სპონტანურობა და დამოუკიდებელი არჩევანი მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. დავუტოვოთ ბავშვებს თავისუფალი დრო, რომ მათ თავად გადაწყვიტონ, რით დაკავდებიან, რომელი სათამაშოებით ითამაშებენ, რადგან ამ პროცესში ისინი საკუთარ თავსა და სამყაროს უკეთ შეიცნობენ.
- ერთად შევქმნათ ახალი სათამაშოები - ბავშვებს ძალიან მალე ბეზრდებათ საკუთარი სათამაშოები და ამიტომ, თამაშის ნაცვლად, ეკრანებთან გადაინაცვლებენ ხოლმე. ასეთ დროს, შეგვიძლია ჩვენი ფანტაზია და სახლში არსებული რესურსები დავიხმაროთ და ყოვედღიური ნივთებისგან, მათთან ერთად, ახალი სათამაშოები, თოჯინები, სახლები თუ მანქანები შევქმნათ. ამ აქტივობებისათვის, არაერთი ვიდეოს მოძიება შეიძლება ინტერნეტში, სადაც ბოთლებით, ქაღალდით, ძველი ნაჭრებით, წებოსა და მაკრატლის გამოყენებით ბევრი ახალი და საინტერესო საბავშვო ნივთის დამზადებაა შესაძლებელი.
- ნუ გავამახვილებთ ყურადღებას წარუმატებელ შედეგზე - შეიძლება, ზემოთ აღნიშნული აქტივობისას შექმნილი სათამაშო არ გამოგვივიდა, მაგრამ მთავარია პროცესი, რომელშიც ბავშვმა მონაწილება მიიღო. ყველა სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ბავშვები ცდილობენ დამოუკიდებლად ჭამას, ან საშინაო დავალების შესრულებას, დავაფასოთ მათი მცდელობა და შევაქოთ ამისთვის, რადგან სხვა დროს, წარმოსახვის უნარის დახმარებით, შესაძლოა, სხვა გზები გამოიყენონ სასურველი შედეგის მისაღწევად.
- გავითვალისწინოთ ბავშვების აზრი - ხშირად არის სიტუაცია, როდესაც ბავშვებს შეგვიძლია აზრი ვკითხოთ ამა თუ იმ საკითხზე აზრი ვკითხოთ, ან არჩევანის თავისუფლება მივცეთ. მაგალითად: ყოველდღიურად შეგვიძლია სეზონისათვის შესაფერისი, რამდენიმე სამოსის შეთავაზება და საშუალების მიცემა, რომ თავად გადაწყვიტონ, რომელს ჩაიცვამენ. ან კვირა დღეს, როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს, შეგვიძლია ვკითხოთ, თუ როგორ ურჩევნიათ დღის გატარება, თავად გააკეთონ არჩევანი - ეზოში ითამაშებენ, მეგობარს ესტუმრებიან თუ კინოთეატრში წასვლას ამჯობინებენ.
- ერთად წავიკითხოთ - კარგი იქნება, თუ სახლში კითხვის საათს შევიმუშავებთ, როდესაც ოჯახის ყველა წევრი წიგნს კითხულობს. ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვთან ერთად წაიკითხოს მისი ასაკისათვის შესაფერისი, დასურათებული წიგნი. ამით, ბავშვები წიგნთან ურთიერთობის კულტურას გამოიმუშავებენ, ხოლო მათი წარმოსახვის უნარი, ნაწარმოებებისა და ზღაპრების მოსმენისას, ყველაზე უკეთ ვითარდება.
მდიდარი ფანტაზია, კარგი წარმოსახვის უნარი და შემოქმედებითი აზროვნება თქვენს შვილებს ზრდასრული ცხოვრებისათვის ბევრი საჭირო რესურსით მოამარაგებს. მეტი შანსია, რომ ისინი იყვნენ დამოუკიდებლები, შეძლონ მყარი და წარმატებული ურთიერთობების ჩამოყალიბება და ეფექტურად მოახერხონ ფუნქციონირება და განვითარება პროფესიულ საქმიანობაში.
გავიხსენოთ, რომ ყველა გამოგონება, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობა განვითარდა, უბრალოდ ერთხელ, ვიღაცის გონებაში გაჩნდა: „გამოგონებისათვის საჭიროა კარგი ფანტაზია და უსარგებლო ნივთების გროვა“ თომას ა. ედისონი

გამოქვეყნების თარიღი: 20 მაისი, 2022წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები