თუ თქვენი შვილი შერჩევითი მჭამელია, ეს შეიძლება საკმაოდ სტრესული იყოს თქვენთვის. ასეთ შემთხვევაში, ხშირად მშობლებსა და ბავშვებს შორის “ცივი ომი” მიმდინარეობს. მშობლები ყველანაირი ხერხით ცდილობენ აჭამონ ბავშვს, იქნება ეს თხოვნა, მოქრთამვა, მუქარა თუ მრავალი სხვა. თუმცა გახსოვდეთ, რომ შერჩევითი მჭამელობა ბავშვის განვითარების საკმაოდ გავრცელებული ეტაპია და ხშირ შემთხვევაში, დროებითი მოვლენაა. ასე რომ, ეცადეთ ამაზე ძალიან არ იდარდოთ და ფოკუსირდეთ დადებითზე. ჩვენ კი გაგიზიარებთ სხვადასხვა ხერხებს, რომლებიც ამ ეტაპის გამარტივებასა და გადალახვაში დაგეხმარებათ.
გაასინჯეთ მრავალფეროვანი საკვები რაც შეიძლება პატარა ასაკიდან - პატარა ასაკიდანვე განსხვავებული ფერის, სტრუქტურისა და არომატის პროდუქტების დაგემოვნება ბავშვს ეხმარება, რომ მომავალში უფრო თამამად გასინჯოს სხვადასხვა საკვები და არ იყოს შერჩევითი მჭამელი. სწორედ ამას ითვალისწინებს BLW მეთოდი, ე.წ. Baby-Led Weaning ანუ თვითკვება, რომლის დროსაც ბავშვები 6 თვის ასაკიდან თავად მართავენ საკუთარი კვების პროცესს. BLW გულისხმობს იმას, რომ ერთგვაროვანი პიურეების და სუპების ნაცვლად ბავშვს 6 თვიდან პირდაპირ მყარი საკვები შეთავაზოთ - ძირითადად პატარა, დაახლოებით ნეკა თითისხელა ნაჭრებად დაჭრილი, დაულაგოთ თეფშზე და საშუალება მისცეთ თავად მიირთვას, როგორც სურს და რამდენიც სურს.
ასწავლეთ მაგალითით - ალბათ შეგინიშნავთ თუ როგორი ყურადღებით გაკვირდებიან ბავშვები და ცდილობენ თითოეული თქვენი მოქმედების იმიტაცია მოახდინონ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კვებაშიც თავადვე მისცეთ მაგალითად. დასვით თქვენს მაგიდასთან, დაალაგეთ სხვადასხვა ხილი, ბოსტნეული და ნებისმიერი საკვები, რომლის დაგემოვნების სურვილიც გინდათ რომ ბავშვს გაუჩნდეს. შეგიძლიათ ექსპრესიულადაც აჩვენოთ თუ როგორ გასინჯეთ და როგორი გემრიელია ეს საკვები! ბავშვები ძალიან გონიერი არსებები არიან, ისინი ყოველთვის გრძნობენ უსამართლობას თქვენი მხრიდან. ასე რომ, არ გამოვა, რომ თავად შოკოლადის ტორტი მიირთვათ და ბავშვს უთხრათ, ეს შენთვის არ შეიძლება, შენ სტაფილო უნდა ჭამოო.
ჩართეთ ბავშვი პროდუქტების შერჩევასა და საკვების მომზადებაში - თუ ბავშვს საყიდლებზე თან წაიყვანთ, პროდუქტების შერჩევასა და შემდეგ უკვე საკვების მომზადებაშიც ჩართავთ, ბევრად მეტი შანსია რომ მას მომზადებული კერძის დაგემოვნების სურვილიც გაუჩნდეს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა იყოს არა სისტემატიური და ვალდებულებითი, არამედ თამაშის ხასიათის.
იყავით თანმიმდევრული თქვენს მცდელობებში - თუ ბავშვს გაასინჯეთ კონკრეტული პროდუქტი და არ მოეწონა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი დიდი ხნით უნდა დაივიწყოთ. ეცადეთ იგივე საკვები, განსხვავებული ან თუნდაც იმავე ფორმით, გარკვეული დროის შემდეგ ისევ შესთავაზოთ. ბავშვი მოცემულ მომენტში, შეიძლება არ იყოს განწყობილი იმისთვის, რომ ეს კონკრეტული პროდუქტი დააგემოვნოს, მაგრამ ერთ ან ორ კვირაში, ან თუდაც ერთ თვეში შეიძლება იყოს. ასე რომ, ნუ გადაიწურავთ იმედს და პერიოდულად მაინც შესთავაზეთ “დაწუნებული” პროდუქტი ან კერძი.
არ დააძალოთ საკვები - საკვების დაძალებით, შესაძლოა მართლაც მოახერხოთ და აჭამოთ ბავშვს იმ მომენტში, მაგრამ მომავალში ამისთვის საკმაოდ ძვირი ფასის გადახდა მოგიწევთ.
თუ ბავშვს საკვებს დააძალებთ, ის ვერ ისწავლის საკუთარი სხეულის იმპულსების მოსმენას. მას გაუჭირდება მიხვდეს თუ როდის შია სინამდვილეში და რას კარნახობს საკუთარი ორგანიზმი.
საკვების დაძალება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის დაძალება არის ბავშვის პირად სივრცეში შეჭრა და მისი ავტონომიურობის დათრგუნვა. რაც მომავალში შესაძლოა ბევრი არაჯანსაღი ფსიქოლოგიური ქცევის მოდელის ჩამოყალიბების საწინდარი გახდეს.
შეიძლება ფიქრობდეთ, რომ დაძალების გარეშე ბავშვი ვერ იღებს საკმარის ნუტრიენტებს, მაგრამ აუცილებლად იარსებებს განსხვავებული, უფრო კრეატიული და ჯანსაღი გამოსავალი.
არ გამოიყენოთ საკვები როგორც ჯილდო - საკვების ჯილდოდ გამოყენება იწვევს არაჯანსაღ ემოციურ დამოკიდებულებას საკვების მიმართ და შესაძლოა სხვადასხვა კვებითი აშლილობის საფუძველიც კი გახდეს.
როდესაც ბავშვს აჯილდოებთ ტკბილეულით ან “ჯანქ ფუდით”, ეს აკნინებს მათ თვალში ჯანსაღი საკვების მნიშვნელობას და აასმაგებს ინტერესს არაჯანსაღი საკვების მიმართ. გარდა ამისა, ეს შესაძლოა ემოციური კვების ჩვევის ჩამოყალიბების საწინდარიც გახდეს, რაც ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში საკვებით თავის დამშვიდებას გულისხმობს.
დანერგეთ სასიამოვნო ოჯახური კვების რიტუალი - თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო, ადამიანები ხშირად საკმაოდ სწრაფად და გაუაზრებლად ჭამენ. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვნესი პროცესია არამხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური ჯანმრთელობისთვისაც კი. სასიამოვნო და განსაკუთრებული კვების რიტუალი კიდევ უფრო აახლოებს ოჯახის წევრებს. ხომ მართლაც ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სადილზე ყველანი ერთად იკრიბებით, გემრიელად მიირთმევთ, საუბრობთ და ისვენებთ! ამგვარი რიტუალი ბავშვის გონებაში კვებასთან დაკავშირებით ძალიან დადებით ასოციაციას იწვევს. სასიამოვნო და მოდუნებული ატმოსფერო კი დაეხმარება მას, რომ უფრო თამამად იექსპერიმენტოს სხვადასხვა საკვებთან.
გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია არ დასტრესოთ არც საკუთარი თავი და არც ბავშვი, კვებასთან დაკავშირებული საკითხებით. ეცადეთ კვების რიტუალი იყოს სასიამოვნო, ესთეტიკური და სახალისო. ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები აუცილებლად დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში, მთავარია მოთმინება გამოიჩინოთ და არ დანებდეთ, პირველივე დაბრკოლებისას.