საზაფხულო არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნება ბავშვების უმეტესობისთვის ერთდროულად უამრავი ემოციას მომტანია: მეგობრებთან შეხვედრით გამოწვეული სიხარული, სიახლის შიში, ღელვა, გულისწვეტა არდადეგების დასრულების გამო, შფოთვა - ამ ყველაფრის ერთდროულად განცდა არა თუ მოზარდისთვის, ზრდასრული ადამიანისთვისაც კი საკმაოდ რთული შეიძლება აღმოჩნდეს.
ამ დროს, სკოლისა და ოჯახის თანაბარი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და დიდწილად განაპირობებს კიდეც ბავშვის, როგორც მიმღებლობის, ისე ახალ გარემოსთან ადაპტირების ხარისხს. ცხადია, თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება, თუმცა არსებობს მეთოდები, რომელთა გააზრებაც ბავშვებთან ურთიერთობისას ყველა ზრდასრულისთვის მნიშვნელოვანია.
ამ სტატიაში სწორედ იმ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომელიც სასკოლო პერიოდში ბავშვების მხარდაჭერაში დაგეხმარებათ.
დაეხმარეთ ემოციების იდენტიფიცირებაში - ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიხედვით, 5 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ტირილის მიზეზი, ძირითადად, ემოციურ ფონს უკავშირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მას დროულად დავეხმაროთ ემოციების იდენტიფიცირებაში, რათა ცუდი განწყობა და ნეგატიურ ფიქრებზე კონცენტრირება მთელი დღის განმავლობაში არ გაუგრძელდეს. ემოციების სწორად სახელდება პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. დაეხმარეთ, გაიაზროს, რა ემოციებს განიცდის, როცა სკოლაში წასვლაზე ფიქრობს - რა უხარია, რატომ ღელავს, რისი ეშინია, და სხვა. შეგიძლიათ, საკუთარი გამოცდილებაც გაუზიაროთ და მოუყვეთ, რას გრძნობდით, როცა სკოლაში პირველად მიდიოდით. ეს, როგორც რჩევის სწორ და ფრთხილ კომუნიკაციაში, ისე ბავშვთან დაახლოებაშიც დაგეხმარებათ.
ერთად მოემზადეთ სკოლისათვის - ხშირად, სასკოლო სამზადისში ბავშვების ჩართვას მშობლები თავს არიდებენ და ფანქრებს, ფლომასტერებს, რვეულებს თუ სკოლისათვის საჭირო სხვა ნივთებს ბავშვისგან დამოუკიდებლად არჩევენ. არადა, ბავშვი ამ პროცესში მთავარი ფიგურა უნდა იყოს. უმჯობესი იქნება, თუ ჩამოწერთ სიას და ყიდვის პროცესში ბავშვს თანმიმდევრულად აუხსნით, რომელი გაკვეთილისთვის და რა პროცესში გამოიყენებს თითოეულ ნივთს. ეს მას გაკვეთილების შესახებ წარმოდგენის შექმნასა და ბუნდოვანების გაფანტვაში დაეხმარება.
დააწესეთ რუტინა - თანამედროვე ცხოვრების წესიდან და გაჯეტებთან მიჯაჭვულობიდან გამომდინარე, ჯანსაღი ცხოვრების რუტინა ბავშვების უმეტესობას დარღვეული აქვს. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიხედვით კი, ჯანსაღი ცხოვრება, განსაკუთრებით კი, ძილის რუტინა, გონების სხარტად მუშაობასთან ერთად, ბავშვებს სკოლასთან ადვილად ადაპტაციაშიც ეხმარება. მშობლების დიდი ნაწილი სამუშაო დღეებში ბავშვებს ადრე აძინებს, დასვენების დღეებში კი გვიანობამდე ფხიზლად ყოფნის და ეკრანთან დროის გატარების საშუალებას აძლევს, თუმცა გახსოვდეთ, რომ როცა საქმე ჩვევის გამომუშავებას და ორგანიზმისათვის სასიცოცხლო ფუნქციების გამართულობას ეხება, ერთდროულად მნიშვნელოვანია, როგორც ძილის ხანგრძლივობა, ისე სტაბილურად ერთსა და იმავე დროს დაძინებაც. თანამედროვე რეკომენდაციების მიხედვით, ძილის დარღვევა პირდაპირცპროპორციულ კავშირშია დაბალ აკადემიურ მოსწრებასთან, გაცდენის და გადაღლის მაღალ მაჩვენებელთან.
ღიად ესაუბრეთ უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე - წინასწარ და ეტაპობრივად შეამზადეთ ბავშვი ისეთ საკითხებზე სასაუბროდ, როგორებიცაა: ბულინგი, უცხო ადამიანების ნდობა, მეგობრებთან კამათი, და სხვა. შეგიძლიათ, მსგავსი თემები არა პირდაპირ სკოლასთან კავშირში, არამედ წიგნის კითხვის ან ანიმაციური ფილმის ყურების დროს განიხილოთ, რომ სკოლასთან დაკავშირებული ზედმეტი დაძაბულობა არ გამოიწვიოთ. ასევე, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ბავშვს შეუძლია უარის თქმა და საკუთარი პირადი საზღვრების დაცვა. შეეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ მისი განწყობის და სკოლისადმი დამოკიდებულების უეცარ გაუარესებას, მუდმივ გაღიზიანებას, და საჭიროების შემთხვევაში, დაამყაროთ კომუნიკაცია სკოლის ადმინისტრაციასთან. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის დაცვასთან ერთად, ბავშვს ესაუბროთ სხვისი საზღვრების დაცვასა და პატივისცემაზეც, რათა თავიდან აირიდოს მეგობრებთან კონფლიქტი და უთახნმოება.
დაეხმარეთ ორგანიზებულობის ჩვევის გამომუშავებაში - სკოლის ასაკი, განსაკუთრებით კი, ადრეული წლები, ის პერიოდია, როდესაც ბავშვი დისციპლინას, ორგანიზებულობას, ჯანსაღ რუტინას და ჩვევების დიდ ნაწილს იყალიბებს. ის, თუ როდის და როგორი ხარისხით ამზადებს საშინაო დავალებებს სკოლის ადრეულ ეტაპზე, დიდწილად განაპირობებს მის აკადემიურ მოსწრებას ცხოვრების შედარებით ზრდასრულ პერიოდშიც. საშინაო დავალებების მომზადებისას, შესაძლოა, ბავშვს ყურადღება ადვილად გაეფანტოს, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ სახლში მეცადინეობისათვის მშვიდ და ხელსაყრელ გარემოს შეუქმნით, სადაც უკეთ კონცენტრირებას მოახერხებს. ამასთან, ეცადეთ მიაჩვიოთ მაგიდასთან მეცადინეობას და არა, მაგალითად, კითხვის დროს საწოლზე ჯდომას, რათა მოგვიანებით არ მოხდეს ძილის დარღვევა (საწოლის ძილთან ასოცირების დაკარგვის გამო), არ განვითარდეს ზურგის ტკივილები და ა.შ.
ცხოვრების ამ ეტაპზე, სკოლა და მასთან დაკავშირებული გარემო ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. ამიტომ ის, თუ როგორ გრძნობს ბავშვი თავს სკოლაში, რამდენად აქვს უსაფრთხოების, დაცულობის შეგრძნება, რა პირობებში ართმევს თავს საშინაო დავალებას და როგორი ცხოვრების წესს ინარჩუნებს - თანაბრად საყურადღებოა. გახსოვდეთ, ადრეულ სასკოლო პერიოდში შეძენილი ჩვევები დიდწილად განაპირობებენ მისი ცხოვრების ხარისხს ზრდასრულ ასაკშიც, ამიტომ თქვენი, როგორც მშობლების და მასწავლებლების ზომიერი ჩართულობა და მხარდაჭერა ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.