თამაშის გავლენა ბავშვის განვითარებაზე
3 წუთიანი საკითხავი
თამაშის გავლენა ბავშვის განვითარებაზე

თამაში ბავშვებისთვის სიახლეების ათვისების ბუნებრივი და სახალისო გზაა, რომელიც არა მხოლოდ მათ შემეცნებას, არამედ მენტალურ, ფიზიკურ და ემოციურ განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვები სწორედ თამაშის საშუალებით იცნობენ სამყაროს და საკუთარ თავსაც, ეჩვევიან თავდაჯერებულობას, ინტერაქციას, დამოუკიდებლობას, გამოწვევებთან გამკლავებას, იჩენენ ინტერესს, ინიციატივას და საკუთარ თვალსაწიერს ძალდატანების გარეშე, ხალისით იფართოებენ.

გარდა პირადი უნარებისა, ბავშვები თამაშის გზით ივითარებენ სოციალურ უნარებსაც, აყალიბებენ ურთიერთობებს, სწავლობენ საკუთარი გრძნობების გამოხატვას და იწყებენ საკუთარი ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში. ამიტომ, მშობლების ჩართულობა და შვილებთან თამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პატარების დამოუკიდებელი თამაშის წახალისებასთან ერთად. 

მშობლების მიერ შვილებისთვის დროის ხარისხიანად (თუნდაც მცირე ხნით) დათმობის მნიშვნელობაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა ამ სტატიაში მათ კონკრეტულად თამაშის პროცესს შევეხებით და გაგიზიარებთ ბავშვებთან ინტერაქციის 5 გზას, რომელიც მათთვის ერთდროულად წამახალისებელი და შემეცნებითი იქნება. 

 

სიმბოლური თამაშები - დაახლოებით 18 თვის ასაკიდან, ბავშვები წარმოსახვითი უნარების განვითარებას იწყებენ, რაშიც მშობლის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. ასეთ დროს თამაშის ერთ-ერთი სასარგებლო და საინტერესო სახეობა ერთი საგნისთვის მეორის თვისებების მიწერაა. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ კუბიკი სახლია ან ფანქრების კომბინაცია ცისარტყელაა და ასე „შექმენით“ ახალი თამაშები. წარმოსახვითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს ისეთი ნივთები, როგორიცაა, მაგალითად, სათამაშო სამზარეულო, სადაც ბავშვს შეუძლია გაითამაშოს უფროსის როლი, „დაჭრას“ ბოსტნეული, „აადუღოს“ წყალი და ა.შ.

როლური თამაშები - შედარებით დიდ ასაკში (4-5) ბავშვებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება რეალურ ცხოვრებასთან მიმსგავსებული თამაშები, სადაც ისინი მზარეულის, მასწავლებლის, ჟურნალისტის და ა.შ. როლებს ირგებენ. სასურველია, თუ მშობლები ასეთ თამაშებს წაახალისებენ და ბავშვებს შესაბამის აქსესუარებს (მაგალითად, წინსაფარს) და ხელსაწყოებს მისცემენ. ასეთი თამაშები იდეალური საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვს რეალური სამყაროს შესახებ ინფორმაცია სახალისო და მისთვის საინტერესო გზით მივაწოდოთ.
სამაგიდო თამაშები - ბავშვებთან ინტერაქციის და მთელი ოჯახის ერთ მაგიდასთან შეკრების ჩართვის იდეალური საშუალება სამაგიდო თამაშებია. ასეთ დროს, ბავშვი ეცნობა ინსტრუქციის მნიშვნელობას და იწყებს დამოუკიდებლად ნავიგაციას წინასწარ განსაზღვრული წესების დაცვით. რაც მთავარია, სამაგიდო თამაშების უმრავლესობა ბავშვს აძლევს როგორც გამარჯვების, ისე - დამარცხების განცდის საშუალებას, აჩვევს კონკურენციას. ამ დროს, ბავშვი სხვა მოთამაშეების ქცევებსაც აკვირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლებმა ნებისმიერი შედეგის დადგომისას თავიანთ გამოხატვის ფორმებს ყურადღება მიაქციონ. 

ხელსაქმე - მოტორული უნარების განვითარებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი აქტივობები, როგორებიცაა: ძერწვა, ქარგვა, ფაზლის აწყობა, კონსტრუქციები, საყოფაცხოვრებო ნივთებით ექსპერიმენტების ჩატარება და ა.შ. ამასთან, შეგიძლიათ აქტივობა კიდევ უფრო შემეცნებითი გახადოთ, ბავშვს ესაუბროთ გარემოს შესახებ და დაეხმაროთ, წვლილი შეიტანოს, ვთქვათ, ფრინველთა გამოკვებაში. ფრინველებისთვის ხის ან მუყაოს ნაჭრებით პატარა სახლის აშენება, რომელსაც შემდეგ ხეზე ჩამოკიდებთ, ბავშვებისთვის აქტივობას კიდევ უფრო ღირებულს გახდის. 

თავისუფლება თამაშის არჩევის დროს - გაწერილ და დაგეგმილ თამაშებთან ერთად (რაც არ უნდა სასარგებლო იყოს ისინი), ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა დამოუკიდებლად განაგოს თამაშის მსვლელობა და თავადვე შექმნას წესები, აირჩიოს მოთამაშეთა რაოდენობა და მიანიჭოს მათ როლები. 1966 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელსაც ფსიქიატრი სტიუარტ ბრაუნი ხელმძღვანელობდა, დაადასტურა, რომ თავისუფალ თამაშებს დიდი გავლენა აქვს ბავშვის ცნობიერების ჩამოყალიბების და გარემოსთან ინტერაქციის პროცესზე, და ისეთივე ღირებულია, როგორც - ორგანიზებული თამაშები. 

ბავშვისთვის თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა და არანაკლებ შემეცნებითი (მეტად თუ არა), ვიდრე წიგნის კითხვა, დავალებების წერა და სხვა. რადგან გარემოსთან ინტერაქციას ბავშვი პირველად ოჯახიდან სწავლობს, სასურველი და აუცილებელია, თუ მშობელი თუნდაც მცირე, მაგრამ ხარისხიან დროს დაუთმობს ბავშვთან თამაშს და მას როგორც წესების გათვალისწინების, ისე - საკუთარი წესების შექმნისკენ უბიძგბს. 

გამოქვეყნების თარიღი: 12 აპრილი, 2024წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები