როგორ წავახალისოთ სწავლა ბავშვებში?
3 წუთიანი საკითხავი
როგორ წავახალისოთ სწავლა ბავშვებში?

სწავლის უნარი ჩვენი პიროვნული ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, რომლის გამომუშავება ბავშვობის წლებიდან იწყება და ამ პროცესში მონაწილეობას იღებენ როგორც ბავშვის მშობლები და აღმზრდელები, ასევე სკოლის მასწავლებლები. უფროსები მნიშვნელოვნად განაპირობებენ იმას, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება ბავშვს სწავლის მიმართ: იქნება ეს მკაცრი და რუტინული ვალდებულება თუ სახალისო, შემეცნებითი აქტივობა და პროცესი, რომელიც სავალდებულოსთან ერთად სასიამოვნოცაა.
არსებობს რჩევები, რომელთა გათვალისწინებითაც მშობლებს შეუძლიათ სწავლის პროცესის წახალისება და, ამ გზით, შვილების ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობა.

 

დაადგინეთ, თუ რა უშლის ხელს ბავშვს სწავლაში - იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მეცადინეობისთვის მოტივაცია არ აქვს, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ რა უშლის მას სწავლაში ხელს. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ქონდეს: უჭირს მოცემული მასალის გაგება? თუ პირიქით, ნაადრევად ისწავლა ეს მასალა და, შესაბამისად, ინტერესი აღარ აქვს ამ დავალების მიმართ? რამე პრობლემა ხომ არ აქვს სკოლაში ან თანატოლებთან, რის გამოც მეცადინეობაზე კონცენტრაციას ვერ ახერხებს? იმის გაგება, თუ რა უშლის ბავშვს ხელს სწავლაში, დაგვეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში და ეს ცვლილება მის სწავლის ხარისხზეც აისახება.

 

ერთად შეადგინეთ მეცადინეობის განრიგი - მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმაც/მოზარდმაც მიიღოს სწავლის განრიგის შედგენაში მონაწილეობა. სკოლის შემდეგ ისადილებს, დაისვენებს და შემდეგ შეუდგება სწავლას? ასევე, საშინაო დავალებების პრიორიტეტის მიხედვით შესრულებაც მნიშვნელოვანია, ჯერ რომელი საგნის დავალება აქვს მოსამზადებელი? მეცადინეობისას, რთულია 30 წუთზე მეტი დროით კონცენტრაციის შენარჩუნება, ამიტომ  დაგეგმეთ 10 წუთიანი შესვენებები. ამ დროის ყველაზე ეფექტურად გამოყენება კი, მცირე ვარჯიშით/გაწელვებით შეიძლება. ეს სისხლის მიმოქცევას შეუწყობს ხელს და სწავლის ხარისხსაც გააუმჯობესებს.

 

შექმენით მეცადინეობისთვის ხელსაყრელი გარემო - მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს/მოზარდს ჰქონდეს საკუთარი მაგიდა და კუთხე, სადაც კონცენტრაციას შეძლებს. სასურველია, ეს სივრცე ტელევიზორისგან მოშორებით იყოს, მეცადინეობის საათებში კი, სახლში სიმშვიდე იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისთვის დავალების შესასრულებლად საჭირო ყველა ნივთი ხელმისაწვდომი იყოს. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვმა მეცადინეობის დაწყებამდე ისადილოს, რადგან შიმშილი კონცენტრაციისთვისაც ხელისშემშლელი ფაქტორია და მეცადიონეობის შეწყვეტის ხშირი მიზეზი ხდება.

 

აქცენტი გააკეთეთ ცოდნაზე და არა ნიშნებზე -  მთავარია აზროვნების, ინტელექტუალური განვითარების წახალისება და არა ის, თუ რამდენი ქულით შეფასდება ეს ახალი ცოდნა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს რა არის პრიორიტეტული. მთავარი აქცენტის გაკეთება გამოცდებზე და ნიშნებზე, შესაძლოა ბავშვებში და მოზარდებში ძლიერი შფოთვის გამომწვევი იყოს, რაც მათ მნიშვნელოვნად შეაფერხებთ სწავლის პროცესში. ასევე, ერთად დასახეთ რეალისტური, მათი ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისი და ნამდვილად საჭირო მიზნები, რომელთა მიღწევაც, ბავშვს თვითშეფასებას აუმაღლებს.

 

გამოიყენეთ დასწავლის სხვადასხვა ტექნიკები და აღმოაჩინეთ, რომელია ყველაზე ეფექტური თქვენი შვილისთვის - ახალი ცოდნის ათვისება ჩვენ რამდენიმე სხვადასხვა გზით შეგვიძლია, ესენია: ვიზუალური, აუდიალური (სმენითი), წერა/კითხვა და კინესთეტიკური დასწავლის მეთოდები. დააკვირდით, რომელი ტექნიკის გამოყენებით სწავლობს თქვენი შვილი ყველაზე უკეთ და სწავლის პროცესი, უფრო მეტად, ამ მეთოდს მოარგეთ. მაგალითად: კარგი ვიზუალური მეხსიერების მქონე მოსწავლე უკეთესად ითვისებს მასალას, რომელსაც ფოტოებით, ვიდეოებით და ილუსტრაციებით ეცნობა.
 
სწავლის პროცესის წახალისებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ის არ ასოცირდებოდეს მხოლოდ მეცადინეობასთან. შემეცნების პროცესი შეგვიძლია ჩვენი ყოველდღიური კომუნიკაციის ნაწილადაც ვაქციოთ, ვესაუბროთ და ვიმსჯელოთ ბავშვებთან ერთად: რა გაიგეს დღეს ახალი? რა დაამახსოვრდათ დღევანდელი დღიდან ყველაზე მეტად? რამ მოახდინა მათზე შთაბეჭდილება?.. თქვენც შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი აღმოჩენები, დაკვირვებები და ახალი ინფორმაცია, რომელიც მიიღეთ. ეს დაანახებს ბავშვებს, რომ თქვენი ასაკის მიუხედავად, ჯერ თქვენც არ დაგისრულებიათ სწავლა და შემეცნება და ახალი ცოდნის მიღება საინტერესო მოგზაურობაა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. 

გამოქვეყნების თარიღი: 19 სექტემბერი, 2022წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები