ბაღის სატაცურის წარმოშობის სამშობლოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი ითვლება, თუმცა ველური სატაცურის სახეობები აფრიკაშიც არის აღმოჩენილი. არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ის ძველ ეგვიპტეშიც მოჰყავდათ. ძველ საბერძნეთში კი სატაცურს წმინდა მცენარედ მიიჩნევდნენ და მას სამედიცინო მიზნებითაც იყენებდნენ. ჰიპოკრატე სატაცურს დიარეის და შარდსადენი მილის ტკივილის სამკურნალოდ იყენებდა. სატაცური შეიცავს ასპარაგინს – ამინომჟავას, რომელიც ცილების ბიო სინთეზში მონაწილეობს და ბუნებრივ შარდმდენს წარმოადგენს.
სატაცური ევროპაში დაახლოებით მეთექვსმეტე საუკუნიდან გამოჩნდა. დღესდღეობით, მწვანე სატაცური უმეტესწილად ჩინეთსა და ამერიკაში, თეთრი სატაცური კი – ევროპაში მოჰყავთ.
სატაცური საკმაოდ დაბალკალორიული, და, იმავდროულად, A, C, K ვიტამინებით, ფოლიუმითა და უჯრედისით მდიდარი ბოსტნეულია.
100 გ სატაცური შეიცავს:
კალორია | 22 |
უჯრედისი | დღიური ნორმის 8% |
ცილა | დღიური ნორმის 4% |
ნახშირწყლები | დღიური ნორმის 1% |
რკინა | დღიური ნორმის 5% |
კალციუმი | დღიური ნორმის 2% |
კალიუმი | დღიური ნორმის 6% |
A ვიტამინი | დღიური ნორმის 20% |
C ვიტამინი | დღიური ნორმის 13% |
K ვიტამინი | დღიური ნორმის 58% |
ფოლიუმი | დღიური ნორმის 34% |
სატაცურის სასარგებლო თვისებები და ბენეფიტები ჯანმრთელობისთვის
მდიდარია ანტიოქსიდანტებით – სხვა მწვანე ბოსტნეულების მსგავსად, სატაცური მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ის შეიცავს E ვიტამინს, გლუტათიონს, სხვადასხვა ფლავონოიდებსა და პოლიფენოლებს. სატაცურში შემავალ ამ ნივთიერებებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, სიმსივნის საწინააღმდეგო და არტერიული წნევის მარეგულირებელი მოქმედება.
მდიდარია უჯრედისით – უჯრედისით მდიდარი საკვები ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას, როგორებიცაა: დიაბეტი, გულის დაავადებები და ჰიპერტენზია. არსებობს ორი ტიპის უჯრედისი – ხსნადი და არახსნადი. სატაცური განსაკუთრებით მდიდარია არახსნადი უჯრედისით, რომელიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას. ბოსტნეულში შემავალი ხსნადი უჯრედისი კი – კვებავს „კეთილ“ ბაქტერიებს, ბიფიდობაქტერიებსა და ლაქტობაცილუსს. მსგავსი ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ორგანიზმში მნიშვნელოვანი ნუტრიენტების წარმოქმნაში.
არეგულირებს არტერიულ წნევას – ანტიოქსიდანტებისა და კალიუმის შემცველობის გამო, სატაცურს არტერიული წნევის მარეგულირებელი თვისებები გააჩნია. სხვადასხვა კვლევის თანახმად, კალიუმის გაზრდილი რაოდენობით მიღება და მარილის შემცირება მაღალი არტერიული წნევის დარეგულირების ეფექტური გზაა.
სასარგებლოა ორსულებისთვის – სულ რაღაც 100 გ სატაცური ორსულებისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტის, ფოლიუმის, დღიური ნორმის 34%-ს შეიცავს. ფოლიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებასა და დნმ-ის სინთეზში. მისი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის ადრეული საფეხურების დროს, რადგან მას შეუძლია მშობიარობის დეფექტების პრევენცია, როგორებიცაა, მაგალითად, ნაყოფის ნერვული მილის დეფექტი, ზურგის ტვინის თიაქარი და ა.შ.
ჯანმრთელობისთვის მრავალ სარგებელთან ერთად, სატაცური წონის კლებაშიც დაგეხმარებათ. ის საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტია, რომლის შემადგენლობის დაახლოებით 94% წყალია. ამასთან, როგორც აღვნიშნეთ, ის მდიდარია უჯრედისით. უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება კი ხელს უწყობს წონის კლების პროცესს.
სატაცური შეგიძლიათ ბევრნაირად მოამზადოთ. ის ძალიან გემრიელია როგორც მოხარშულ, ისე – მოთუშულსა თუ შემწვარ მდგომარეობაში. სატაცური არაჩვეულებრივ დამოუკიდებელ გარნირს და სხვადასხვა კერძის შეუცვლელ ინგრედიენტს წარმოადგენს. მისი გამოყენება შეგიძლიათ სალათების, ომლეტების, პასტისა და სხვა კერძების მომზადებისას.