რატომ არის მავნე ხანგრძლივად ჯდომა
3 წუთიანი საკითხავი
რატომ არის მავნე ხანგრძლივად ჯდომა

ადამიანის ანატომია და ორგანიზმი, ევოლუციური თვალსაზრისით, ვერტიკალური პოზიციისა და აქტიური ცხოვრების წესის მიხედვით არის ჩამოყალიბებული. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემა ფეხზე დგომისას უკეთესად მუშაობს, ადამიანის აგებულების მიხედვით კი, ხერხემალი ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია უსაფრთხოდ დაფიქსირებული. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი მოძრაობისთვის არის შექმნილი!

ამის საპირისპიროდ, თანამედროვე სამყაროში, ადამიანი საკუთარი ყოველდღიურობისა და, შესაბამისად, ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს მჯდომარე პოზიციაში ატარებს, რაც საკმაოდ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ყოველდღიურად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯდომა ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა: ჭარბწონიანობა, მე-2 ტიპის დიაბეტი, გულისა და სისხლძარღვების სხვადასხვა დაავადება, მათ შორის, თრომბოზი, ასევე, შფოთვა და დეპრესია.

ცხოვრების თანამედროვე - მჯდომარე - სტილის მიუხედავად, მაინც შესაძლებელია ჩვენს ყოველდღიურ, დატვირთულ დღის განრიგში მარტივად გამოსამუშავებელი აქტივობების სისტემატიურად შესრულება, რაც სხვადასხვა ბიოლოგიური, ფსიქიკური თუ ფიზიკური დაავადებების განვითარებისგან დაგვიცავს.

ფიზიკური აქტივობები, რომლებიც იმაზე მარტივი შესასრულებელია, ვიდრე გგონიათ

ჯანმრთელობის ხელშეწყობსათვის სპეციალისტები კვირაში დაახლოებით 150 წუთის განმავლობაში რაიმე სახის აქტივობების შესრულებას გვირჩევენ. ეს წუთები თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ გადაანაწილოთ. თუ სპორტულ დარბაზში ვიზიტისათვის ბიუჯეტი ან გადატვირთული განრიგი არ გვიწყობს ხელს, აქტივობებისთვის რეკომენდებული წუთების გამოყენება ალტერნატიული ვარიანტებით შეგვიძლია, რაც ჩვენს მჯდომარე ცხოვრების წესს ცოტათი მაინც დააბალანსებს და გააუმჯობესებს.

ეცადეთ, დღის მანძილზე მეტი იაროთ ფეხით, თუნდაც ეს ავტობუსის ერთი გაჩერების ფეხით დაფარვა იყოს

ხშირად, დატვირთული დღის შემდეგ, საღამოს სასეირნოდ გასვლისათვის ენერგია აღარ გვრჩება. ამიტომ, მაგალითად, სამსახურში მისვლისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შემთხვევაში, შეგვიძლია ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვიდეთ, და ის მანძილი ფეხით გავიაროთ. ასევე, ავტომობილის მოშორებით გაჩერებაც შეგვიძლია, რაც დანიშნულების ადგილამდე გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვას გვაიძულებს და თუნდაც 10 წუთის განმავლობაში მინიმალურ აქტივობას შეგვასრულებინებს.

გონივრულად გამოიყენოთ სამსახურში შესვენებისთვის გამოყოფილი დრო

დილიდან სამსახურში ხანგრძლივად ჯდომის შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ წახემსებისათვის გამოყოფილი დრო სწორად გამოვიყენოთ. ეცადეთ, არ გამოიძახოთ საკვები ოფისში და არ ისარგებლოთ კაფეტერიით. სანაცვლოდ, გამოიყენეთ ეს დრო გარეთ გასასვლელად და ახლომდებარე კვების ობიექტში წასახემსებლად. ეს მცირე აქტივობა მნიშვნელოვანი იქნება როგორც სხეულის გასააქტიურებლად, ისე აზროვნებისა და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად, რაც თქვენს პროდუქტიულობაზეც დადებითად აისახება.

შეეცადეთ სამუშაო თუ მეგობრული შეხვედრები ღია ცის ქვეშ დაგეგმოთ.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარეთ კარგი ამინდია, უმჯობესია, შეხვედრები ღია ცის ქვეშ დაგეგმოთ - საუბარი სეირნობასთან ერთად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას.

ეცადეთ, არ ისარგებლოთ ლიფტით

ოფისში, სახლში თუ სტუმრად, ლიფტის ნაცვლად, ისარგებლეთ კიბით. საფეხურების გამოყენება საკმაოდ სასარგებლო ვარჯიშია ჩვენი სხეულისთვის, თანაც, იმაზე მეტი კალორია იწვება, ვიდრე სწორ გზაზე ფეხით სიარულისას.

მუშაობისას საათში ერთხელ ადექით და მინიმუმ 2 წუთი იარეთ

ოფისში ან სახლიდან მუშაობისას, არ დაგავიწყდეთ, რომ საათში ერთხელ ადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. მჯდომარე პოზიცია ყველაზე მეტად სტრესულია ჩვენი ხერხემლისთვის, ამიტომ მცირე ხნით წელში გამართვა ჩვენი სხეულისათვის დიდი შვებაა. ჩატში მიწერის ნაცვლად, ხანდახან მიდით თქვენს თანამშრომელთან და ისე შეატყობინეთ მნიშვნელოვანი სათქმელი. ან სახლში ონლაინ შეხვედრისას გამორთეთ კამერა და საუბრის პარალელურად, მცირე ხნით ოთახში გაიარეთ. საშინაო საქმეების შესრულების დროსაც კი შეიძლება ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა - ტელევიზორში საყვარელი პროგრამის ყურებასთან ერთად, ფეხზე მდგარს შეგიძლიათ ტანსაცმლის გაუთოება.

მართალია, თანამედროვე სამყაროს ახალმა, დატვირთულმა ცხოვრების სტილმა ადამიანი სამუშაო მაგიდებთან მიაჯაჭვა, მაგრამ ყოველდღიურ მცირე აქტივობების შესრულებასაც კი შეუძლია ჩვენი ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება. თუ ყოველდღიურად სავარჯიშო დარბაზში სიარულს ვერ ვახერხებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზარმაცები ან უნებისყოფოები ვართ. უბრალოდ, ევოლუციური თვალსაზრისით, ცხოვრების თანამედროვე  - სწრაფმა და სტრესულმა რიტმმა ადამიანის საერთო ენერგიის დაზოგვის აუცილებლობა განაპირობა. შესაბამისად, ჩვენი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ჩვევების გამომუშავების საჭიროება დადგა, თუმცა ეს იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით გვგონია. ამგვარი, სულ მცირე აქტივობების ყოველდღიურად შესრულებაც კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობას!

გამოქვეყნების თარიღი: 13 აპრილი, 2022წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები