წახემსება მცირეოდენი საკვების, ანუ ხემსის, მიღებაა სრულფასოვან, ძირითად კვებებს შორის. ხშირად, ადამიანს მუშაობის ან მეცადინეობის დროს სურვილი უჩნდება წაიხემსოს. სამწუხაროდ, წასახემსებლად ხშირად არაჯანსაღ პროდუქტებს ირჩევენ, ისეთს როგორებიცაა ჩიფსი, კრეკერი, მარილიანი მიწისთხილი, დონატები და სხვა ამგვარი. ეს ე.წ. „ჯანქ ფუდი“ არა მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემებს და ჭარბწონიანობას, არამედ ლეთარგიულობასაც იწვევს. შესაბამისად, იმის ნაცვლად რომ მუშაობა ან მეცადინეობა ენერგიით სავსემ განაგრძოთ, უბრალოდ – გეძინებათ. ზოგიერთი ამჯობინებს საერთოდ არ წაიხემსოს, რათა საკვებმა არ დაამძიმოს და უფრო ნაყოფიერად შეასრულოს ინტელექტუალური სამუშაო. თუმცა, შეგიძლიათ „ჯანქ ფუდი“ უბრალოდ ჩაანაცვლოთ ჯანსაღი ხემსით.
გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:
ხილი. ეს ძალიან მარტივი და ვიტამინებით მდიდარი ხემსია. შეგიძლიათ მიირთვათ ვაშლი, ბანანი, ყურძენი ან ნებისმიერი სხვა ხილი.
თხილეული. ნებისმიერი სახის თხილეული (ნიგოზი, თხილი, ნუში, ქეშიუ და სხვა) პროტეინების მდიდარი წყაროა, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და მეტ ენერგიას შეგმატებთ.
ჩირი. საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია ქიშმიში, შავი ქლიავის, ვაშლის, ლეღვის და კარალიოკის ჩირი. თითოეული მათგანი ძალიან სასარგებლოა. მაგალითისთვის, ქიშმიში დადებითად მოქმედებს გულის მოქმედებაზე, შავი ქლიავის ჩირი აგვარებს შეკრულობის პრობლემას, ვაშლის ჩირი აუმჯობესებს მეხსიერებას, ლეღვის ჩირი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების შეხორცებას, კარალიოკის ჩირს კი ანტი-სიმსივნური თვისებები გააჩნია.
ფინიკი. ფინიკის პალმის უგემრიელესი ნაყოფი ძალიან მდიდარია სხვადასხვა მიკროელემენტით. ის გმატებთ ენერგიას, აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, საჭმლის მომნელებელ სისტემას და ღვიძლის მუშაობას. ასე რომ, თუ ტკბილეულის მოყვარულით ხართ, თამამად შეგიძლიათ ის ფინიკით ჩაანაცვლოთ.
ჩურჩხელა. მის შემადგენლობაში შედის თხილი ან ნიგოზი და თათარა. თხილის სასარგებლო თვისებებზე ზემოთ ვისაუბრეთ. რაც შეეხება თათარას, ის მდიდარია კალიუმით. ჩურჩხელა მეტად სასარგებლო, ნოყიერი და უგემრიელესი ნუგბარია.
შავი შოკოლადი. წასახემსებლად აირჩიეთ შავი შოკოლადი, რომელსაც კაკაოს მაღალი შემცველობა აქვს (მინიმუმ 70%). კაკაო აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და აფერხებს ანთებით პროცესებს. გარდა ამისა, რაც უფრო მაღალია კაკაოს შემცველობა, შოკოლადი მით ნაკლებ შაქარს და სხვა დამატებით არაჯანსაღ ინგრედიენტებს შეიცავს.
კიტრი, სტაფილო, ტკბილი წიწაკა ჰუმუსთან ერთად. დაჭერით კიტრი, სტაფილო ან ტკბილი წიწაკა გრძელ, წვრილ ნაჭრებად. მიირთვით ჰუმუსთან ერთად. ამგვარად, ჩიფსების, დონატების და მსგავსი არაჯანსაღი საკვების ნაცვლად, მიიღებთ დიეტურ, ვიტამინებითა და მცენარეული პროტენებით მდიდარ წასახემსებელს. ბოსტნეული შეგიძლიათ მიირთვათ ჰუმუსის გარეშეც.
ჩერი პომიდორი მოცარელასთან ერთად. ჩერი პომიდორი და მოცარელა უგემრიელეს და, ამავდროულად, ძალიან სასარგებლო კომბინაციას წარმოადგენს. პომიდორი მდიდარია რკინით და კარგია სისხლნაკლებობის დროს. მოცარელა კი დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს და განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ვარჯიშობს და ფიზიკურად დატვირთული გრაფიკი აქვს.
ჩიას პუდინგი. ჩიას თესლებს, მათი გამორჩეულად ბევრი დადებითი თვისების გამო, ჯადოსნურ მარცვალს უწოდებენ. ის ომეგა 6 და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო წყაროდ ითვლება. ჩიას პუდინგის მომზადება ძალიან მარტივია. შეგიძლიათ დაასხათ ჩიას თესლებს ნებისმიერი სახის რძე ან წყალი. 15 წუთის შემდეგ თესლები ჟელეს მსგავსი კონსისტენციის გახდება. შემდეგ შეგიძლიათ სხვადასხვა ხილი, თხილეული, დარიჩინი და სხვა ინგრედიენტები დაამატოთ, თქვენი გემოვნებით.
ეს, არც თუ ისე რთულად განსახორციელებელი, ცვლილება – არაჯანსაღი ხემსის ჩანაცვლება სასარგებლო ალტერნატივით, – მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენი ცხოვრების ხარისხზე.
მთავარია, ამ ჩვევამ სისტემატიური ხასიათი მიიღოს.