ტკბილი წიწაკა ცხარე წიწაკისა და პომიდვრის მონათესავე ბოსტნეულია. თითოეული მათგანის სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა. გვხვდება სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა: წითელი, ყვითელი, სტაფილოსფერი და მწვანე – რომელიც სინამდვილეში დაუმწიფებელია და დროთა განმავლობაში, წითელ წიწაკად იქცევა. ტკბილი წიწაკა იჭმევა როგორც უმ ისე – მომზადებულ მდგომარეობაში. ცხარე წიწაკის მსგავსად, ტკბილ წიწაკასაც აშრობენ და ფქვავენ ხოლმე. გამომშრალ და დაფქულ წიწაკას პაპრიკას უწოდებენ.
ტკბილი წიწაკის შემადგენლობაში დაახლოებით 92% წყალია, დანარჩენი კი – ნახშირწყლები (ფრუქტოზა და გლუკოზა) და ცილებისა და ცხიმების ძალიან მცირე ოდენობა. კერძოდ, წიწაკა შეიცავს დაახლოებით 1 გრ ცილას, 6 გრ ნახშირწყალს, 4 გრ შაქარს, 2 გრ ბოჭკოს და 0.3 გრ ცხიმს. რაც შეეხება ტკბილი წიწაკის კვებით ღირებულებას, წითელი წიწაკა ძალიან მდიდარია სხვადასხვა ვიტამინითა და მინერალით. მაგალითისთვის:
ერთი საშუალო ზომის ტკბილი წიწაკა C ვიტამინის დღიური ნორმის 169%-ს შეიცავს (!), რაც ტკბილ წიწაკას საკვებ პროდუქტებში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ C ვიტამინის წყაროდ აქცევს. იგი ასევე შეიცავს: B6, B9, K1, E, A ვიტამინებს და კალიუმს. ეს ვიტამინები და მინერალები კი დადებით გავლენას ახდენს თქვენს ორგანიზმზე: აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, ხელს უწყობს ერითროციტების ფორმირებას, უზრუნველყოფს ნერვების, კუნთებისა და ძვლების ჯანმრთელობას და მრავალი სხვა.
ტკბილი წიწაკა ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით – კაროტენოიდებით. სხვადასხვა ფერის წიწაკა სხვადასხვა ანტიოქსიდანტს შეიცავს. მაგალითისთვის, მწვანე ტკბილი წიწაკა და პაპრიკა შეიცავს ლუტეინს, რომელიც თვალის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, წითელი წიწაკა შეიცავს ძალიან ძლიერ ანტიოქსიდანტს, კაფსანტინს, რომელიც მის ხასხასა წითელ ფერს უზრუნველყოფს, ყვითელ წიწაკაში გვხვდება ვიოლაქსანტინი და ა.შ. ანტიოქსიდანტების ეს სიმდიდრე განაპირობებს იმას, რომ ტკბილ წიწაკას შეუძლია მრავალი ქრონიკული დაავადებისგან დაგიცვათ.
იმისთვის, რომ ტკბილ წიწაკაში შემავალი მრავალფეროვანი ვიტამინი მიიღოთ, შეგიძლიათ სხვადასხვა ფერის, უმი ტკბილი წიწაკის ძალიან მარტივი, მრავალფეროვანი სალათები მოიმზადოთ ხოლმე. მაგალითისთვის, დაჭერით ყველა ფერის ტკბილი წიწაკა წვრილ რგოლებად, დაუმატეთ დაჭრილი ყველი ფეტა, მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ძმარი, მოაყარეთ კამა, რეჰანი, ოხრახუში ან ნებისმიერი თქვენთვის საყვარელი მწვანილი. მოაყარეთ მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით.