ვეგანური კვების რაციონი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვეგეტარიანელებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ ხორცზე ამბობენ უარს, ვეგანები არ ჭამენ ცხოველური წარმოშობის არცერთ პროდუქტს, მაგალითად – რძის პროდუქტებსა და კვერცხს.
საზოგადოების აზრი ვეგანიზმის შესახებ ხშირად ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი კვების რაციონი უკეთესია გარემოსთვის და ჯანმრთელობისთვის, მეორე კი მიიჩნევს, რომ ცხოველურ საკვებზე უარის თქმა ჩვენს ორგანიზმს ასუსტებს. ჩვენ ხომ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ხორცი უნდა გვეჭამა და რძე დაგველია იმისთვის, რომ ძლიერები და ჯანმრთელები ვყოფილიყავით.
შეიძლება, ვეგანებმა უარი თქვან ცხოველურ საკვებზე და ჯანმრთელები იყვნენ? ან სიმართლეა, რომ ვეგანური კვების რაციონის არჩევა გარემოზე დადებითად მოქმედებს? ვეცდებით, სწორედ ამ მნიშვნელოვან კითხვებს გავცეთ პასუხი.
მოქმედებს თუ არა ვეგანიზმი დადებითად გარემოზე?
ვეგანები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი კვების რაციონი დადებითად მოქმედებს გარემოზე. მეტიც, ეს ზოგიერთი მათგანის მთავარი მოტივაცია იყო, უარი ეთქვათ ცხოველურ საკვებზე.
როგორც აღმოჩნდა, ეს შეხედულება მართალია. თუმცა აქ საუბარი არ არის საოჯახო მეურნეობაზე, სადაც რამდენიმე ცხოველი ჰყავთ, არამედ – ცხოველთა ფერმების დიდ ინდუსტრიებზე, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში გვხვდება. ისინი იკავებენ მიწის დიდ ფართობს, მოიხმარენ დიდი რაოდენობით წყალს და გამოყოფენ სათბურის აირებს, რასაც მავნე გავლენა აქვს ჩვენს გარემოზე.
სხვადასხვა საკვების მოყვანა განსხვავებულად აისახება გარემოზე. განსხვავებაა არა მხოლოდ მცენარეულსა და ცხოველურ, არამედ – სხვადასხვა მცენარეული კულტურის მოყვანას შორისაც.
თუმცა, ზოგადად, ვეგანური ფერმერული მეურნეობა ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, რადგან ის:
* იკავებს ნაკლებ მიწას;
* მოიხმარს ნაკლებ წყალს;
* გამოყოფს ნაკლებ სათბურის აირებს.
შესაბამისად, ხორცისა და ხორც-პროდუქტების შემცირებული მოხმარება და შემცირებული წარმოება, დადებითად მოქმედებს ჩვენს გარემოზე.
გვჭირდება თუ არა რძე ძლიერი ძვლებისათვის?
მიიჩნევა, რომ რძის დალევა აუცილებელია ძვლების სიძლიერისათვის. ეს იდეა შემდეგ მოსაზრებას ეყრდნობა:
* რძე შეიცავს კალციუმს.
* კალციუმი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის.
* თუ საკმარის კალციუმს არ ვიღებთ საკვებიდან, ორგანიზმი იწყებს მის ათვისებას ძვლებიდან.
* ძვლებს აღარ აქვს საკმარისი კალციუმი, რაც იწვევს მათ დასუსტებას და მოტეხილობის მიმართ უფრო დაუცველს ხდის.
* შესაბამისად, რაც უფრო მეტ რძეს დავლევთ, მით უფრო ძლიერი ძვლები გვექნება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ლოგიკურად ჟღერს, ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ კავშირი რძესა და ძლიერ ძვლებს შორის ასეთი პირდაპირი არ არის, განსაკუთრებით – ზრდასრულებში. მაგალითად, ჰარვარდის მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც 12 წლის განმავლობაში აკვირდებოდა 77 000-ზე მეტ ქალს, ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ რძის დალევა ამცირებს ძვლის მოტეხილობებს ან ოსტეოპოროზს.
კონი ჰილიარდი, ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი, აზრს, რომ რძე ყველასთვის კარგია, დოგმას უწოდებს. სამხრეთ აფრიკაში კვლევის ჩატარებისას მან აღმოაჩინა, რომ ადგილობრივები რძის პროდუქტებს თითქმის არ მიირთმევდნენ, თუმცა მათი ძვლები სუსტი ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით, მოსახლეობაში ოსტეოპოროზის (ძვლების დაავადება) მაჩვენებელი თითქმის 0 იყო – ისე, რომ ზოგიერთ ადგილობრივ ექიმს ეს დაავადება არც კი ენახა. აღმოჩენით დაინტერესებულმა პროფესორმა ამ თემის მოკვლევა დაიწყო. 40 ქვეყნის მოსახლეობის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ქვეყნებში, რომლებშიც რძეს ხშირად არ სვამდნენ, მოტეხილობის მაჩვენებელი გაზრდილი არ იყო. რძესა და ძლიერ ძვლებს შორის პირდაპირ კავშირს უარყოფს სხვა კვლევებიც.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ორგანიზმს შეიძლება არ სჭირდებოდეს კალციუმი ისეთი დიდი რაოდენობით, როგორც აქამდე გვეგონა. ან შეიძლება, მას სხვა წყაროებიდან ვიღებთ, გარდა რძის პროდუქტებისა.
როგორც კონი ამბობს, იმ ქვეყნებში, რომლებშიც რძის პროდუქტებს ნაკლებად მიირთმევენ, მოსახლეობა კალციუმს ბოსტნეულიდან იღებს. მაგალითად, ბროკოლი და ქეილი (ხუჭუჭა კომბოსტო) სავსეა კალციუმით.
ის, რომ ძლიერი ძვლებისთვის აუცილებელია რძის დალევა უფრო მარკეტინგული მესიჯია, ვიდრე მეცნიერული. (90-იან წლებში მთელი ამერიკა მოიცვა მესიჯმა „Got Milk“? ხოლო 2015 წელს, ამერიკაში რძის რეკლამაში ჯამში 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა).
რძისა და რძის პროდუქტებისგან კალციუმის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. თუმცა ზრდასრული ადამიანებისთვის ძვლების გასაძლიერებლად რძის დალევა აუცილებელი არ არის. მათ, ვინც უპირატესობას ანიჭებს რძეს, შეუძლია მიირთვას ის და მიიღოს კალციუმის საკმარისი დოზა. ხოლო მათ, ვისაც არ სურს რძის პროდუქტების მირთმევა, შეუძლია კალციუმით მდიდარი ბოსტნეული აირჩიოს.
გვჭირდება თუ არა ხორცი ჯანმრთელობისთვის?
ხორცი კიდევ უფრო საკამათო თემაა. ვეგანებსა და ვეგეტარიანელებს ხშირად ეუბნებიან, რომ ხორცის მირთმევის გარეშე ჯანმრთელობა დაუზიანდებათ, ბოლოს და ბოლოს ჩვენ და ჩვენი წინაპრები მილიონობით წელია ხორცს მივირთმევთ.
ხორცზე უარის თქმის საწინააღმდეგოდ, როგორც წესი, ორი მთავარი მოსაზრება არსებობს:
1. ხორცის გარეშე საკმარის ცილებს ვერ მივიღებთ.
ეს მოსაზრება არასწორია. ცილების მიღება შესაძლებელია როგორც ცხოველური, ისე – მცენარეული პროდუქტებიდან. იმისთვის, რომ საკმარისი ცილა მივიღოთ, საჭირო არაა ხორცის ჭამა. ეს შესაძლებელია სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის, თხილეულის, პარკოსანი მცენარეებისა და გადაუმუშავებელი, მთლიანი მარცვლეულის მირთმევით.
2. ვინც ხორცს არ მიირთმევს, ვერ იღებს საკმარის ვიტამინებს, მაგალითად B12 ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის.
ეს მოსაზრება ნაწილობრივ სწორია. ვიტამინი B12 გვხვდება ღორის, ცხვრის, საქონლის, თხის, შინაური ფრინველისა და ცხენის ხორცში, ასევე კვერცხში, რძის პროდუქტებსა და თევზში. მოკლედ, თითქმის ყველა ცხოველურ და არცერთ მცენარეულ საკვებში. ხორცი არ არის B12 ვიტამინის მიღების ერთადერთი წყარო, თუმცა ვეგანური დიეტის შემთხვევაში, სადაც მთლიანად ამოღებულია ცხოველური საკვები, მნიშვნელოვანია B12 სხვა წყაროდან მივიღოთ.
როდესაც საკმარის B12 ვიტამინს არ ვიღებთ, დროთა განმავლობაში ორგანიზმში მისი რაოდენობა მცირდება. შესაბამისად, მათ, ვინც მხოლოდ ვეგანურ საკვებს მიირთმევს B12-ის დეფიციტი აუცილებლად ექნებათ. ეს იწვევს დაღლილობის შეგრძნებას, დეპრესიულობას, განწყობის ხშირ ცვალებადობას, დაბუჟების შეგრძნებას კიდურებში, ზოგიერთ შემთხვევაში დაბნეულობის შეგრძნებას და სხვა.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ვეგანურ დიეტაზე ყოფნისას ორგანიზმს შესაძლოა შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემა. თუმცა, B12-ის მიღება შესაძლებელია დანამატების სახით, რომლებიც ექიმთან კონსულტაციისა და შესაბამისი ანალიზების შედეგად უნდა შეირჩეს. ვეგანებისთვის ასევე რეკომენდებულია ყურადღება მიაქციონ ისეთ ნუტრიენტებს, როგორებიცაა ომეგა-3 და რკინა, რადგან მათი ხილ-ბოსტნეულიდან მიღება უფრო რთულია, ვიდრე – ცხოველური საკვებიდან.
სხვა მხრივ, ვეგანური კვება არ არის დაკავშირებული სუსტ ჯანმრთელობასთან. უფრო მეტიც, ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ვეგანები უფრო ჯანმრთელებიც კი არიან. მაგალითად 2000-იან წლებში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც 96,000 მონაწილეს აერთიანებდა, აჩვენა, რომ ვეგანებს ნაკლებად უვითარდებათ დიაბეტი, სისხლის მაღალი წნევა და ჭარბწონიანობა.
ჯანმრთელობის გასაღები ჯანსაღი ბალანსია
შევჭამთ თუ არა ხორცს, კვერცხს, რძის პროდუქტებსა თუ სხვა საკვებს დამოკიდებულია ჩვენს პრეფერენციებსა და შეხედულებებზე. რაც შეეხება ჩვენ მიერ დასაწყისში დასმულ კითხვებს, მათზე პასუხი ასეთია:
* ვეგანური კვების რაციონი დადებითად აისახება გარემოზე, რადგან ვეგანური კულტურების მოყვანა ნაკლებ ბუნებრივ რესურსს მოითხოვს და ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს.
* ზრდასრულ ადამიანებში რძე აუცილებელი არ არის კალციუმის მისაღებად. მისი მიღება შესაძლებელია სხვა წყაროებიდანაც.
* ხორცი აუცილებელი არ არის ჯანმრთელობისთვის, მასში შემავალი ვიტამინები – კი. შესაბამისად, მათთვის, ვინც უარს ამბობს ცხოველურ საკვებზე, მნიშვნელოვანია შესაბამისი დანამატების მიღება. ვეგეტარიანელებს შეუძლიათ, ყველა საჭირო მიკრო და მაკრო ნუტრიენტი მიიღონ ხორცის ჭამის გარეშეც, თუ თევზსა და კვერცხს მიირთმევენ.
თუ გარემოს დაცვა გსურთ, მაგრამ, იმავდროულად, ვეგანობა ან ვეგეტარიანელობა არა, არ არის აუცილებელი, ხორცზე სრულად თქვათ უარი. მნიშვნელოვანია, თუ რა სახის ხორცს მივირთმევთ. ხორცისა და ხორცპროდუქტების შემცირება, ბალახზე გაზრდილი, ნაკლებცხიმიანი ხორცის მიღება შედარებით იშვიათად, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია როგორც ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ისე – გარემოსთვის.
ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ საჭირო მაკრო და მიკრო ნუტრიენტები. ეს შესაძლებელია როგორც მცენარეული და ცხოველური, ისე – მხოლოდ მცენარეული საკვების მირთმევით. თუმცა ვეგანებისთვის მნიშვნელოვანია ზოგიერთი ვიტამინის საკვები დანამატების სახით მიღება.