7 ბუნებრივი ცხიმისმწველი პროდუქტი
3 წუთიანი საკითხავი
7 ბუნებრივი ცხიმისმწველი პროდუქტი

დღეს ბაზარზე ძალიან ბევრი ცხიმისმწველი პროდუქტია წარმოდგენილი. თუმცა, ისინი ქიმიურ დანამატებს შეიცავს და თან ახლავს სხვადასხვა გვერდითი მოვლენა. ეს პროდუქტები ცხიმის წვას მეტაბოლიზმის დაჩქარების ხარჯზე ახდენს. რას წარმოადგენს თავად მეტაბოლიზმი? მარტივად, მეტაბოლიზმი არის ნივთიერებათ ცვლის პროცესი, რომლის დროსაც მიღებული საკვების სასიცოცხლო ენერგიად გარდაქმნა ხდება. არსებობს ნორმალური, დაჩქარებული და შენელებული მეტაბოლიზმი. ნორმალური მეტაბოლიზმის მქონე ადამიანები ჯანსაღი კვებისა და ზომიერი ფიზიკური აქტივობის პირობებში ახერხებენ შეინარჩუნონ ფორმა. დაჩქარებული ნივთიერებათა ცვლის მქონე ადამიანები წონაში ძალიან რთულად იმატებენ, შენელებული მეტაბოლიზმის მქონენი კი კვების მკაცრი კონტროლის გარეშე ძალიან მარტივად იმატებენ წონაში.

საბედნიეროდ, არსებობს არაერთი ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც ცხიმის დაწვაში ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების ხარჯზე დაგეხმარებათ. ასე, იმის ნაცვლად, რომ მკაცრ დიეტებს მიმართოთ, შეგიძლიათ გარკვეული საკვები, პირიქით, შედარებით დიდი რაოდენობით მიიღოთ.

ასეთი პროდუქტებია:

გრეიფრუტი. მის შემადგნელობაში შემავალი ანტიოქსიდანტი ნარინგინი ეხმარება ღვიძლს ჭარბი ცხიმის დაწვაში. ის ორგანიზმში ააქტიურებს პროცესებს, რომელიც დიდვადიანი შიმშილობის დროს იჩენს თავს. სწორედ ამ თვისების გამო შეიმუშავეს სხვადასხვაგვარი “გრეიფრუტის” დიეტა. ზოგიერთი მათგანი ყოველი კვების წინ ნახევარი გრეიფრუტის ჭამას ან გრეიფრუტის წვენის დალევას გულისხმობს.

ცხარე წიწაკა. ცხარე წიწაკა არა მხოლოდ არომატს აძლევს საკვებს, არამედ კალორიების წვასაც უწყობს ხელს. საქმე ისაა, რომ წიწაკის შემადგენელი კაპსაიცინი ხელს უწყობს სხეულში სიმხურვალის გენერირებას, კალორიების წვასა და ცხიმების დაშლას. კვლევების თანახმად, ცხარე საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის მანძილზე ნივთიერებათა ცვლა 25%-მდე ჩქარდება.

 

კენკროვანი ხილი. კენკროვანი მცენარეული ბოჭკოების მდიდარ წყაროს წარმოადგენს და სხვა ხილთან შედარებით ნაკლებ შაქარს შეიცავს. კენკროვანი ხილი აჩქარებს მეტაბოლიზმს და არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას. მეცნიერთა მტკიცებით, მარწყვში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უშლის სახამებლის შაქრად გარდამქნის პროცესს, რის შედეგად სისხლში ნაკლები შაქარი ხვდება. ჟოლო შეიცავს კეტონს, რომელსაც მწარე წიწაკაში შემავალი კაპსაიცინის მსგავსი ეფექტი აქვს – ახდენს სხეულში სიმხურვალის გენერირებას და ხელს უწყობს ცხიმის წვის პროცესს. მოცვის რეგულარულად მიღება კი ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

კვერცხი. კვერცხი ერთ-ერთი გამორჩეული დიეტური პროდუქტია. ის მდიდარია პროტეინებით და მსუყე საკვებია, ამავდროულად, მიღებიდან რამდენიმე საათის მანძილზე, 20-35%-ით აჩქარებს მეტაბოლიზმს. სხვადასხვა ცდებითა და დაკვირვებებით ვლინდება, რომ ადამიანები, რომლებიც საუზმეზე კვერცხს მიირთმევენ, ამ პროდუქტის ნოყიერებიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში დაახლოებით 400 კალორიით ნაკლებს იღებენ. თუ კვირაში რამდენჯერმე 2-3 კვერცხს შეჭამთ, ეს ცხიმის დაწვაშიც დაგეხმარებათ და დანაყრებულიც იქნებით. უმჯობესია მოხარშული კვერცხი მიირთვათ და არა შემწვარი.

მწვანე ჩაი. ეხმარება ფარისებრ ჯირკვალს ჰორმონ თიროქსინის წარმოქმნაში, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მეტაბოლიზმის დარეგულირებაში. ამასთან, მწვანე ჩაი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს, ეპიგალოკატექინის გალატს (ე.წ. ECGC), რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებასა და ცხიმის წვის პროცესს. ის ეფექტურად ებრძვის მუცლის ცხიმს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ დიდი რაოდენობით მწვანე ჩაის მიღება არ არის რეკომენდებული. მკვლევართა რეკომენდაციით, დღიურად 800 მგ-ზე მეტი ანტიოქსიდანტი არ უნდა მიიღოთ, რადგან ამან შეიძლება ღვიძლის პრობლემები გამოიწვიოს.

კეფირი. ნაწლავის ბაქტერიები გავლენას ახდენენ თქვენს წონასა და მეტაბოლიზმზე. კეფირი კი შეიცავს პრობიოტიკს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ე.წ. „მეგობრული“, ცოცხალი ბაქტერიების გამრავლებას და ნაწლავის ფლორის მოწესრიგებას. ეს კი ეხმარება ნაწლავს ნორმალურ ფუნქციონირებაში.

ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთი მდიდარია ომეგა-3-ით. იგი აუმჯობესებს ბრმანაწლავის, ტვინის და სხვა ორგანოების ფუნქციონირებას და მადასაც არეგულირებს. გარდა ამისა, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უწყობს წონის კლებას.

ბევრი მწარმოებელი ისეთ ჯადოსნურ წამლებს, საკვებ დანამატებსა თუ წვენებს გვთავაზობს, რომელიც თქვენს მეტაბოლიზმს დააჩქარებს. თუმცა, არცერთი მათგანი არ არის სრულად უსაფრთხო. ამიტომ, უმჯობესია თქვენი ყოველდღიური რაციონი ნატურალური საკვებით გაამდიდროთ, რაც გვერდითი მოვლენების გარეშე დაგეხმარებათ იყოთ ფორმაში.

გამოქვეყნების თარიღი: 23 ივნისი, 2020წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები