შევცვალოთ კვებითი ჩვევები და დავიწყოთ ჯანსაღად კვება
3 წუთიანი საკითხავი
შევცვალოთ კვებითი ჩვევები და დავიწყოთ ჯანსაღად კვება

ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჯანსაღი კვებით. ეს დადებითი ტრენდი, სავარაუდოდ, განპირობებულია ხელმისაწვდომობის ზრდით იმ ინფორმაციის შესახებ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა, დიდწილად, სწორედ, კვების სტილზეა დამოკიდებული. საქმეა ისაა, რომ ჯანსაღი კვების წესის დანერგვით, არაერთი ქრონიკული დაავადების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

კვების შემთხვევაში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში (მედიტაცია, ვარჯიში, პროფესიული განვითარება და ა.შ.), მნიშვნელოვანი შედეგი მხოლოდ რამდენიმე დღიანი ძალისხმევით ვერ მიიღწევა. ჯანსაღი კვებითი ჩვევების დანერგვა გრძელვადიანი პროცესია და ის თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს საყვარელ არაჯანსაღ საკვებზე სრულად თქვათ უარი, უბრალოდ ეცადეთ, შემთხვევების 80-90%-ში არჩევანი სასარგებლო საკვებზე გააკეთოთ. ეს აკრძალვებით გამოწვეულ სტრესსაც აგარიდებთ და მთელ პროცესს ბევრად სასიამოვნოს გახდის.

გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც კვების ახალი წესის დანერგვაში დაგეხმარებათ:

მიირთვი მეტი ხილი და ბოსტნეული – ხილი და ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, მცენარეული ბოჭკოთი და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ებრძვის ანთებით პროცესებს და იცავს უჯრედებს დაზიანებისგან. ხილითა და ბოსტნეულით მდიდარ რაციონს მეცნიერები პირდაპირ უკავშირებენ გულის დაავადებებისა და სიმსივნის განვითარების შემცირებულ რისკს. განსაკუთრებით სასარგებლოა სეზონური ხილისა და ბოსტნეულის უმად ან ნაკლები თერმული დამუშავებით მიღება.

მიიღეთ მთელმარცვლოვანი პროდუქტები, ნაცვლად დამუშავებულისა – როგორც თავად სახელწოდებაც გვკარნახობს, „მთელმარცვლოვანი“ პროდუქტი, დამუშავებულისგან განსხვავებით, მთლიან მარცვალს შეიცავს: გარსს, ჩანასახსა და ენდოსპერმს, და, შესაბამისად, ძალიან ახლოს არის თავის ბუნებრივ მდგომარეობასთან. მარცვლის რაფინირებისას კი, მისი შემადგენლობიდან სასარგებლო კომპონენტების დიდი ნაწილი იკარგება და მათ ნაცვლად პროდუქტი ხელოვნური დანამატებით „ივსება“. ამიტომ, ეცადეთ, არჩევანი ყოველთვის მთელმარცვლოვან პროდუქტებზე გააკეთოთ. ასეთებია: შვრია, მთელმარცვლოვანი ხორბლით დამზადებული პური, ქინოა, წიწიბურა, რუხი ბრინჯი, ბულგური და ა.შ.

სრულად ამოიღეთ რაციონიდან ან შეამცირეთ რაფინირებული შაქრის მიღება – რაფინირებული შაქარი (ე.წ. „თეთრი შაქარი“) ქიმიური დამუშავების შედეგად სრულად კარგავს სასარგებლო თვისებებს. ის მხოლოდ ჭარბწონიანობისა და უამრავი სხვადასხვა დაავადების (გულისა და ღვიძლის დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე, ნაადრევი სიბერე, დასუსტებული იმუნიტეტი და ა.შ.) რისკს ზრდის. თეთრი შაქრის ჩანაცვლება შეგიძლიათ ისეთი პროდუქტებით, როგორებიცაა: ქოქოსის შაქარი, ნეკერჩხლის შაქარი, თაფლი, ფინიკი, ქიშმიში და ა.შ.

მიიღეთ ჯანსაღი ცილები – ჩაანაცვლეთ არაჯანსაღი ცილები სასარგებლოთი. მაგალითისთვის სოსისის, ბეკონის, დაბალხარისხიანი პროტეინის ფხვნილის და სხვადასხვა „ჯანქფუდის“ ნაცვლად მიიღეთ მიწისთხილი, ნუში, ნიგოზი, გოგრის თესლი, ლობიო, ოსპი, მუხუდო, მუნგი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, სპირულინა და ა.შ.

 

მიიღეთ ჯანსაღი ცხიმები – ჩაანაცვლეთ არაჯანსაღი ცხიმები სასარგებლო ალტერნატივით. არაჯანსაღი ცხიმების მაგალითებია გაჯერებული და ტრანსცხიმები: ღორის ქონი, მარგარინი, კარტოფილი ფრი და ა.შ. ჯანსაღი ცხიმების მაგალითები მონოგაჯერებული და პოლიგაჯერებული ცხიმებია: ავოკადო, თხილეული, ზეითუნის ზეთი, სხვადასხვა თხილეულის კარაქი და ა.შ.

ყოველთვის დააკვირდით შეძენილი პროდუქტის ეტიკეტს – ხშირად, პროდუქტების სწრაფად ყიდვის დროს, შეიძლება საერთოდ არ მიაქციოთ ყურადღება არც პროდუქტის შემადგენლობას და არც მის ვარგისიანობის ვადას. კარგად დააკვირდით პროდუქტის შემადგენლობას, შეიძლება, ერთი შეხედვით „უწყინარი“ საკვები პროდუქტი ძალიან ბევრ ქიმიურ დანამატს შეიცავდეს.

ეცადეთ, მოამზადოთ თქვენი საყვარელი საკვების ჯანსაღი ალტერნატივ – იმისთვის, რომ ჯანსაღ კვებაზე გადასვლისას ძალიან არ დაისტრესოთ, მოიძიეთ თქვენი საყვარელი „ჯანქ ფუდის“ სასარგებლო ალტერნატივების მარტივი რეცეპტები. აღმოაჩენთ, რომ სახლში ძალიან მარტივად შეიძლება თავად მოიმზადოთ პიცა, დესერტები, ბურგერი და ა.შ. რომელიც ბევრად სასარგებლო და საკმაოდ გემრიელიც შეიძლება იყოს.

კალორიების თვლის ნაცვლად, ყურადღება მიაქციეთ, რამდენად მრავალფეროვანსა და ხარისხიან საკვებს იღებთ – კალორიების დათვლის დროს თქვენი გონება მომართულია იმაზე, თუ რა აუკრძალოს საკუთარ თავს, რაც გსტრესავთ, რადგან აკრძალვა დიეტური მიდგომაა. ჯანსაღი კვების წესის დანერგვისას კი –  ორიენტირებული უნდა იყოთ ახალი, ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტების აღმოჩენაზე. ასეთ შემთხვევაში თქვენი გონება ორიენტირებულია იმაზე, თუ რა ჩართოს დამატებით საკვებ რაციონში. ასეთი ფიქრი თავისი არსით პოზიტიურია.

საკვები რაციონის ცვლილება საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არ იჩქაროთ და ეს ცვლილება თქვენთვის კომფორტული ტემპით დანერგეთ. ეცადეთ, თავიდან აღმოაჩინოთ კარგად დავიწყებული ან სულაც უცნობი ახალი საკვები პროდუქტები. სულ მცირე ძალისხმევით შესაძლებელია, რომ ეს პროცესი სასიამოვნო და სახალისოც კი გახადოთ, და არა – ძალდატანებითი.

გამოქვეყნების თარიღი: 25 ნოემბერი, 2021წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები