C ვიტამინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნუტრიენტია, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური შემოდგომასა და ზამთარში – ვირუსული სეზონის მოახლოებისას ხდება. თუმცა, საინტერესოა, რომ C ვიტამინის როლი ვირუსების დამარცხებაში მეცნიერულად დადასტურებული არ არის. არც დიდი ოდენობით C ვიტამინის მიღება ნიშნავს იმას, რომ ვირუსებისგან 100 %-ით დაცული ხართ, პირიქით, ეს შეიძლება საზიანოც კი იყოს თქვენთვის!
მაშინ, რა დანიშნულება აქვს საერთოდ ამ ნუტრიენტს ვირუსებისგან ჩვენს დაცვასა და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში?
გიზიარებთ C ვიტამინის სასარგებლო თვისებების ჩამონათვალს:
აძლიერებს იმუნურ სისტემას – შემოდგომის და ზამთრის სუსხიან დღეებში C ვიტამინის საკმარისი ოდენობით მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში, თქვენს ორგანიზმს ბაქტერიების მოგერიება გაუჭირდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, C ვიტამინს არ შეუძლია სრულად დაგიცვათ გაციებისგან, მაგრამ შეუძლია გაგიუმჯობესოთ იმუნური სისტემის ზოგადი მდგომარეობა, შეამციროს თქვენი ავადმყოფობის ხანგრძლივობა და დაგეხმაროთ სწრაფ გამოჯანმრთელებაში. სწორედ ამიტომ, ეცადეთ გაციებას და ვირუსულ ინფექციებს წინასწარ მომზადებული შეხვდეთ და C ვიტამინით მდიდარი საკვები და სასმელი, პროფილაქტიკის მიზნით, რეგულარულად მიიღოთ.
გიცავთ ქრონიკული დაავადებებისაგან – C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და უჯრედებსა და ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. სწორედ თავისუფალი რადიკალებისგან ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი უწყობს ხელს ისეთი ქრონიკული დაავადებების განვითარებას, როგორებიცაა: სიმსივნე, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ნეიროდეგენერაციული დაავადებები, მხედველობის პრობლემები და მრავალი სხვა.
ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ რკინის უკეთ შეთვისებას – როგორც რკინის შესახებ ბლოგში განვიხილეთ, არსებობს ორი ტიპის რკინა – ჰემური და არაჰემური. რძისა და მცენარეული წარმოშობის პროდუქტები შეიცავს არაჰემურ რკინას, ცხოველური წარმოშობის საკვები კი – ნაწილობრივ ჰემურს და ნაწილობრივ არაჰემურს. ჰემურ რკინას ორგანიზმი ადვილად ითვისებს, არაჰემურ რკინის კი – შედარებით რთულად. ამიტომ, მისი უკეთ შეთვისებისთვის, მნიშვნელოვანია (განსაკუთრებით ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის) რკინა C ვიტამინის შემცველ საკვებთან ან სასმელთან ერთად მიიღოთ.
ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს – კოლაგენი ადამიანის სხეულში დიდი რაოდენობით შემავალი ცილაა, რომელიც გვხვდება კანში, ძვლებში, მყესებში, კუნთებში, სისხლძარღვებში, კბილებსა და რქოვანაში. ის ხელს უწყობს კანის ელასტიურობის მატებას და მის გაჯანსაღებას, ძვლების სიძლიერეს და მოტეხილობების რისკის შემცირებას, კუნთების სრულფასოვან ფუნქციონირებას, ხრტილების მთლიანობას და სხვა. კვლევების მიხედვით, C ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება დადებითად აისახება კანის, კბილებისა და ძვლების სიჯანსაღეზე.
ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას – C ვიტამინის როლი კოლაგენის სინთეზში მჭიდრო კავშირშია მის უნართან ხელი შეუწყოს ჭრილობებისა და დამწვრობების სწრაფ შეხორცებას. რომ არა ახალწარმოქმნილი კოლაგენის სიძლიერე და წელვადობა, რომელსაც C ვიტამინი განაპირობებს, ახალწარმოქმნილი ქსოვილი არ იქნებოდა ელასტიური და შეხორცების ნაცვლად, ხელახლა დაზიანდებოდა.
ხელს უწყობს თვალების ჯანმრთელობას – ადამიანის თვალს, ბევრს სხვა ორგანოსთან შედარებით, უფრო დიდი ოდენობით ანტიოქსიდანტები სჭირდება. ამ ანტიოქსიდანტებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი C ვიტამინია. მეცნიერების მტკიცებით, C ვიტამინი ამცირებს კატარაქტისა და თვალის მაკულარული დეგენერაციის განვითარების რისკს.
C ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ხილი და ბოსტნეული. ამ ვიტამინზე საუბრისას, ერთ-ერთი პირველი ალბათ ლიმონი და სხვა ციტრუსოვანი კულტურები გახსენდებათ. ციტრუსებში C ვიტამინი მართლაც უხვადაა, თუმცა ამ ვიტამინის ბევრად მაღალი ან დაახლოებით იგივე შემცველობა გვხვდება შემდეგ ხილსა და ბოსტნეულში: ტკბილი წიწაკა, კენკროვანი ხილი, პომიდორი, ისპანახი, მწვანე ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, კეილი, კივი და სხვა.