ლიმონი და ლაიმი ორივე ციტრუსოვანი კულტურაა. მათ ძალიან მრავალფეროვანი კულინარიული, სამედიცინო თუ პრაქტიკული გამოყენება აქვს. ორივე მათგანი ძალიან მდიდარია ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით. ციტრუსოვანი კულტურებისთვის დამახასიათებელია ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება. ლიმონისა და ლაიმის დადებითი თვისებების არასრული ჩამონათვალი ასეთია:
აძლიერებს იმუნურ სისტემას – ლიმონი და ლაიმი მდიდარია C ვიტამინით. C ვიტამინს ჩვენი ორგანიზმი თავად ვერ წარმოქმნის. ამიტომ მნიშვნელოვანია ის საკვებთან ერთად მივიღოთ. C ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს ინფექციური დაავადებებს განვითარების რისკს. შედეგად, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწრაფი გამოჯანმრთელების პროცესში.
ახასიათებს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება – ლიმონისა და ლაიმის ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამო, მათ წვენს ეფექტურად იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებებისა, ყელის ტკვილისა და სტომატიტის სამკურნალოდ.
ამცირებს არტერიულ წნევას – კვლევების თანახმად, ლიმონსა და ლაიმში შემავალი ნივთირება აურეპტინი ამცირებს არტერიულ წნევას. სწორედ ამიტომ, აღმოსავლურ მედიცინაში ლიმონს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ მაღალი წნევის რეგულირებისთვის.
აუმჯობესებს კანის სტრქუტურას – ლიმონი და ლაიმი შეიცავს კოლაგენს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის ახალგზარდობისა და სიმკვრივის შენარჩუნებაში. მას ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. სწორედ ამიტომ კოლაგენი თავის მოვლის არაერთი პროდუქტის შემადგენლობაში გვხვდება.
ახლა კი ვნახოთ, თუ რა განსხვავებაა ლიმონსა და ლაიმს შორის. ამისათვის შევადაროთ 100 გრ. ლიმონისა და ლაიმის კვებითი ღირებულებები:
ლიმონი | ლაიმი | |
კალორია | 29 | 30 |
ნახშირწყლები | 9 გრ. | 11 გრ. |
უჯრედისი | 3 გრ. | 3 გრ. |
ცხიმი | 0 გრ. | 0 გრ. |
ცილა | 1 გრ. | 1 გრ. |
C ვიტამინი | დღიური ნორმის 88 % | დღიური ნორმის 48% |
რკინა | დღიური ნორმის 3% | დღიური ნორმის 3% |
კალიუმი | დღიური ნორმის 4% | დღიური ნორმის 3% |
B6 ვიტამინი | დღიური ნორმის 4% | დღიური ნორმის 2% |
B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა) | დღიური ნორმის 3% | დღიური ნორმის 2% |
როგორც ცხრილიდან ირკვევა, ლიმონსა და ლაიმს თითქმის იდენტური კვებითი ღირებულება აქვს, თუ არ ჩავთვლით C ვიტამინის შემცველობას, რომელიც ლიმონში საგრძნობლად მაღალია და დღიური ნორმის 88%-ს შეადგენს (ლაიმში კი – 48%-ს). C ვიტამინი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედებს დაზიანებისგან იცავს და სისხლის შედედების პროცესს არგულირებს. ის ორგანიზმს რკინის უკეთ შეთვისებაშიც ეხმარება.
ლიმონისა და ლაიმის კიდევ ერთი მთავარი განსხვავება მათ გემოსა და ვიზუალშია. ვიზუალურად ლაიმი ლიმონთან შედარებით მცირე ზომის და მომწვანო შეფერილობისაა. გემოთი კი – უფრო მჟავეა და განსაკუთრებული არომატითა და ეგზოტიკური გემოთი გამოირჩევა. ძირითადად სწორედ ეს განაპირობებს ლაიმისა და ლიმონის განსხვავებულ კულინარიულ გამოყენებას. მაგალითისთვის, ლიმონი უმეტესწილად გამოიყენება სხვადასხვა სალათის, პასტას, მურაბისა და კონსერვის მოსამზადებლად. ლაიმი კი – უფრო მეტად ბრინჯის, თევზისა და ხორცის სანამად. თუმცა, ორივე ციტრუსი შეუცვლელ ინგრედიენტს წარმოადგენს არაერთი კერძის, სოუსის, სალათის, მარინადის, წვენისა თუ კოქტეილის რეცეპტში.
ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ამდენი სარგებლის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ლიმონი და ლაიმი ზომიერი რაოდენობით გამოვიყენოთ. მაღალი მჟავიანობის გამო, აღნიშნული ციტრუსოვანი კულტურების დიდი ოდენობით მოხმარებამ შესაძლოა კუჭის გაღიზიანება და კბილის ემალის ეროზია გამოიწვიოს.