სიმინდი – უჯრედისით მდიდარი გემრიელი ნუგბარი
3 წუთიანი საკითხავი
სიმინდი – უჯრედისით მდიდარი გემრიელი ნუგბარი

სიმინდი მარცვლოვანი ოჯახის ბალახოვანი მცენარეა. მისი სამშობლო არის მექსიკა, საიდანაც ის მთელ ამერიკის კონტინეტზე გავრცელდა. სიმინდი მიიჩნევა როგორც მარცვლოვან კულტურად, ისე – ბოსტნეულად. ძირითადად, ჩვეულებრივ სიმინდს მარცვლოვანთა კატეგორიას მიაკუთვნებენ ხოლმე, ტკბილ სიმინდს კი – ბოსტნეულის. სიმინდი მსოფლიოში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული. მას იყენებენ როგორც ბუნებრივ მდგომარეობაში, ისე -ფქვილის, ზეთის, სახამებლის, დამატკბობლების, პოპ-კორნის, ალკოჰოლური სასმელებისა და მრავალი სხვა პროდუქტის ძირითადი ინგრედიენტის სახით. ის გამოიყენება ფარმაცევტულ ინდუსტრიასა და ცხოველთა კვებაშიც.

განვიხილოთ 100 გრ ჩვეულებრივი და ტკბილი სიმინდის კვებითი ღირებულებები:

წონა 100 გ სიმინდი ტკბილი სიმინდი
კალორია 96 86
უჯრედისი დღიური ნორმის 10% დღიური ნორმის 10%
ცილა 3,4გ 3,2გ
შაქარი 4,5გ 3,2გ
ნახშირწყლები დღიური ნორმის 7% დღიური ნორმის 7%
ცხიმი დღიური ნორის 2% დღიური ნორმის 2%
რკინა დღიური ნორმის 2,5% დღიური ნორმის 3%
კალციუმი დღიური ნორმის 0,2% დღიური ნორმის 0%
კალიუმი დღიური ნორმის 6% დღიური ნორმის 6%
A ვიტამინი დღიური ნორმის 5,3% დღიური ნორმის 1%
C ვიტამინი დღიური ნორმის 9,2% დღიური ნორმის 8%

როგორც ხედავთ, სიმინდი მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებითა და მინერალებით. საკმარისი რაოდენობის უჯრედისის მიღება კი – მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციისათვის. კონკრეტულად სიმინდს შეუძლია დივერტიკულარული დაავადების (მსხვილი ნაწლავის ინფექციური დაავადება) განვითარების რისკის შემცირება.

სიმინდი შეიცავს ისეთ ძირითადად ვიტამინებსა და მინერალებს,როგორებიცაა: A და C ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი, რკინა, სპილენძი, მაგნიუმი, მანგანუმი, თუთია და ა.შ. ტკბილი სიმინდი კი შედარებით მაღალი რაოდენობით შეიცავს პანტოთენის მჟავას, ფოლიუმს, B6 ვიტამინსა და ნიაცინს.

სიმინდი ანტიოქსიდანტების, ლუტეინისა და ზეაქსანტინის მაღალი შემცველობითაც გამოირჩევა. ეს ორი კაროტენოიდი თვალს კატარაქტისა და ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციისგან იცავს. კვლევებით დასტურდება, რომ ლუტეინისა და ზეაქსანტინის დიდი დოზით მიღება მაკულარული დეგენერაციის განვითარების რისკს დაახლოებით 40%-ით ამცირებს.

სიმინდის დადებითი თვისებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ის დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს. სახამებლის მაღალი შემცველობის მქონე საკვების მიღება კი სისხლში შაქრის შემცველობის მატებას იწვევს. შესაბამისად, მათ, ვისაც დიაბეტი აწუხებთ, სახამებლის შემცველი საკვების – მათ შორის სიმინდის, მიღება უნდა შეამცირონ.

სიმინდის მიღება უნდა შეამციროთ იმ შემთხვევაშიც, თუ წონის დაკლება გსურთ, რადგან ის დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს.

ჩვეულებრივი სიმინდისგან განსხვავებით, ტკბილი სიმინდის მოსავლის აღება ხდება უფრო ადრე, სანამ მისი შაქარი სახამებლად გადაიქცევა. შესაბამისად, ის უფრო ტკბილი, წვნიანი და ახალია.

სიმინდი შეგიძლიათ მოხარშოთ, შეწვათ, მოამზადოთ გრილზე და ა.შ. მისი მარცვლები სხვადასხვა სალათისა და სალსას შეუცვლელი ინგრედიენტია. არაჩვეულებრივ ნუგბარს წარმოადგენს შემწვარი სიმინდი მიწის თხილის სოუსით.

გამოქვეყნების თარიღი: 30 ივნისი, 2021წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები