პროტეინის მარტივი და ჯანსაღი წყარო
3 წუთიანი საკითხავი
პროტეინის მარტივი და ჯანსაღი წყარო

პროტეინი, ანუ ცილა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის. იგი ხელს უწყობს კუნთოვანი მასის განვითარებას და ტვინის უკეთესად მუშაობას.  არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ვეგეტარიანელები ვერ იღებენ საკმარის ცილას, რადგან არ ჭამენ ხორცს. მართლაც, ხორცში დიდი რაოდენობით ცილებია, თუმცა გარკვეული რაოდენობით ცილები ნებისმიერ საკვებშია – ბოსტნეულიდან დაწყებული პურით დამთავრებული.

მაგალითად, თუ 100 გრამ ხორცში 26 გრამამდე ცილაა, მაშინ 100 გრამ თეთრ პურში – 4 გრამი, 100 გრამ ბროკოლში – 2.8 გრამი, 100 გრამ ბანანში 1.1 გრამი და ა.შ. ასე რომ, ვეგეტარიანელებს არ ემუქრებათ ჯამრთელობის პრობლემები საკვებში ცილების ნაკლებობის გამო.

თუმცა, თუ მძიმე ფიზიკურ ან გონებრივ სამუშაოს ასრულებთ,  მაშინ სასურველია დამატებით ცილებით გაჯერებული პროდუქტების მიღება. ასეთებია:

- ნებისმიერი სახეობის თხილი;

- ლობიო, ოსპი, მუხუდო, ბარდა;

- ველური (რუხი ფერის) ბრინჯი, შვრია;

- ბროკოლი, ისპანახი, სხვადასხვა მწვანილი;

- ყველი და რძის პროდუქტები.

მინდა შემოგთავაზოთ საკმარისი რაოდენობის ცილების მიღების  მარტივი მეთოდი. ცნობილია, რომ 100 გრამი მიწის თხილი 26 გრამ პროტეინს შეიცავს, ანუ იმდენივეს, რამდენსაც ხორცი. თუმცა, თუ მიწის თხილს მოხალულს მიირთმევთ, იგი ზედმეტად მსუყე და კალორიულია. არც უმი მიწის თხილია სასარგებლო – იგი კუჭს გატკენთ.

სწორი მეთოდი კი ასეთია: ორი მუჭა მიწის თხილი ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით წყალი ისე, რომ თხილი მთლიანად დაიფაროს. გააჩერეთ მთელი ღამით  – მინიმუმ 8 საათის განმავლობაში. წყალი გამოიტანს იმ ნივთიერებებს, რომელიც კუჭს აღიზიანებს. თხილიც ერთგვარად ღვივდება და ოდნავ რბილდება. მირთმევამდე რამდენჯერმე გაავლეთ სუფთა წყალში. განსაკუთრებით სასარგებლო უზმოზე მიღებაა: მიწის თხილი არამარტო პროტეინის საუკეთესო წყაროა, არამედ სხვა ბევრ სასარგებლო მინერალსაც შეიცავს.

მსგავსად შეგიძლიათ ნებისმიერი უმი თხილი გააჩეროთ წყალში და შემდეგ მიირთვათ. ნიგოზი, ნუში და თხილი, უფრო მარტივი მოსანელებელი ხდება კუჭისთვის, გემრიელიც არის და უამრავ სასრგებლო თვისებას შეიცავს. ვინც ვარჯიშობს და კუნთების ზრდა სურს, იდეალურია თხილი, ოღონდ ოდნავ უფრო მეტი ოდენობით უნდა მიირთვათ. ასევე ბავშვებისთვის, ვისაც ხორცი არ უყვარს ან არიდებენ, თხილი ძალიან კარგი ჩამნაცვლებელია. წყალში გაღვივებული თხილი უფრო გემრიელიც კი არის!

გამოქვეყნების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები