ყველა მშობელს სურს მისი შვილი ჯანსაღად იკვებებოდეს და მეტ ვიტამინს და სასარგებლო ნივთიერებას იღებდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია ბავშვისთვის კვება სასიამოვნო პროცესი იყოს და არა ძალადობა. როგორც წესი, ბავშვებს რძიანი შოკოლადი, ჩიფსი, ჟელიბონი, კარტოფილი ფრი და მსგავსი არაჯანსაღი საკვები მოსწონთ და არა ბოსტნეულის წვნიანი. მაინც რა უნდა გავაკეთოთ ბავშვმა ხილი და ბოსტნეული სიამოვნებით რომ მიირთვას?
შემოგთავაზებთ რამდენიმე იდეას:
გაითვალისწინეთ ბავშვის მოსაზრება და მიეცით მას არჩევანის უფლება. ბავშვებს ძალიან უყვართ, როცა აზრს ეკითხებიან და არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევენ, რადგან ამ დროს თავს მნიშვნელოვნად გრძნობენ. ფსიქოლოგები გვირჩევენ ბავშვები პროდუქტების შესაძენად წავიყვანოთ. მიეცით ბავშვს საშუალება ხილ-ბოსტნეული თავისი გემოვნებით აარჩიოს, შემდეგ კი საჭმლის მომზადების პროცესშიც ჩართეთ. ასე მეტი შანსია ბავშვმა მომზადებული კერძი მიირთვას.
ბოსტნეული, როგორც სადღესასწაულო კერძი. ხშირად დაბადების დღეებსა თუ სხვადასხვა დღესასწაულებზე ბავშვებისთვის მენიუში ბევრი არაჯანსაღი კერძი და სასმელია: კარტოფილი ფრი, სხვადასხვა გამაგრილებელი გაზიანი სასმელი, ტკბილეული და ა.შ. შედეგად, ბავშვებს უჩნდებათ აღქმა, რომ ასეთი საკვები სადღესასწაულო და კარგია. ბოსტნეული კი – იძულებით ჭამასთან ასოცირდება. ასე რომ, ეცადეთ დღესასწაულებზე ბოსტნეულის სასუსნავები მოამზადოთ მრავალფეროვანი გემრიელი სოუსით. მაგალითად, შეგიძლიათ წვრილად დაჭრილი სტაფილო, კიტრი, ტკბილი წიწაკა და ძაძიკის სოუსი ან ჰუმუსი მოამზადოთ.
შეგიძლიათ ბოსტნეული ლამაზ ფორმებადაც დაალაგოთ შთამბეჭდავად რომ გამოიყურებოდეს.
დაამატეთ ბოსტნეული ბავშვის საყვარელ კერძში. მაგალითად, თუ ბავშვს უყვარს პიცა, მისი მომზადებისას ძეხვის ნაცვლად ბოსტნეულის ნაირსახეობა გამოიყენეთ: სოკო, ტკბილი წიწაკა, ყაბაყი, ბროკოლი, პომიდორი და ა.შ.
შეგიძლიათ ბავშვებს ბოსტნეული “შეაპაროთ” კიდეც, მაგალითად, მოამზადოთ სმუზი ბანანით და ხილ-ბოსტნეულით. სმუზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. ის ერთდროულად გემრიელიცაა და სასარგებლოც, მოსამზადებლად კი მხოლოდ ბლენდერი დაგჭირდებათ. ბანანიანი სმუზის უპირატესობა იმაში მდგომარეობას, რომ ბანანს, თავისთვის დამახასიათებელი მძაფრი და ტკბილი გემოს გამო, შეუძლია სასმელის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტი თავისი გემოსკენ წაიყვანოს. ასე რომ, შეგიძლიათ თამამად მოუმზადოთ თქვენს შვილს სმუზი ბანანით და მისთვის ნაკლებად საყვარელი ბოსტნეულით.
მაგალითად, თუ ბავშვს არ უყვარს ისპანახი, მოუმზადეთ შემდეგი სმუზი: დააბლენდერეთ 1 საშუალო ზომის ბანანი, დაახლოებით 60გრ ისპანახი, 1 ჩაის კოვზი მიწისთხილის კარაქი, 1,5 ჭიქა ნუშის, ქოქოსის ან ნებისმიერი სხვა რძე. დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი ერთად. შედეგად მიიღებთ უგემრიელეს სასმელს, რომელსაც საერთოდ არ ექნება ისპანახის გემო!
ბოსტნეულის ჩიფსი. ბავშვებს განსაკუთრებით ჩიფსი უყვართ. შეგიძლიათ მათ ასეთი ალტერნატივა შეთავაზოთ: გათალეთ კარტოფილი, კარგად გაამშრალეთ ნაჭრით (ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კარტოფილი არ დარბილდეს და ხრაშუნა გამოვიდეს). დაჭერით თხელ, კომერციული ჩიფსების ფორმის ნაჭრებად. დაუმატეთ მარილი და სასურველი სანელებლები. მოათავსეთ ნაჭრები ზეთიიან ზედაპირზე და გამოაცხვეთ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე. მსგავსად შეიძლება მოამზადოთ ყაბაყის, ჭარხლის, ტკბილი კარტოფილის, ვაშლის და სხვა ხილ-ბოსტნეულების ჩიფსი. შეგიძლიათ სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის მიქსიც გააკეთოთ და ბავშვს ლამაზი და ფერადი ჩიფსები შესთავაზოთ.
სტაფილოს ორცხობილა. სტაფილოს ნამცხვრები მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ინტერნეტში არაერთი რეცეპტი შეიძლება მოიძიოთ. ზოგიერთი მათგანი უმარტივესია. მაგალითად, ასეთია შვრიის ნამცხვარი ბანანით და სტაფილოთი. ჩანგლით დასრისეთ ბანანი და მიღებულ პიურეს მსგავს მასას დაამატეთ შვრიის ფანტელი, გახეხილი სტაფილო, ქიშმიში ან ფინიკი და ვანილი. გააკეთეთ ორცხობილები და გამოაცხვეთ ღუმელში.
მნიშვნელოვანია ბავშვი არ დააჯილდოოთ საკვებით. მაგალითად, არ უთხრათ, რომ თუ ბოსტნეულს მიირთმევს, მაშინ ნაყინს აჭმევთ. ამით არაჯანსაღი საკვები მათ გონებაში ჯილდო გახდება, სასარგებლო საკვები კი დაკნინდება.
უმჯობესია არ დააძალოთ, არ ამოტივიროთ და არც ლექცია უკითხოთ ჯანსაღი კვების აუცილებლობაზე. უბრალოდ, გამოსცადეთ სხვადასხვა მეთოდი და დააკვირდით რომელი გამოგადგათ თქვენი შვილის შემთხვევაში. დროთა განმავლობაში სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული ბავშვის რაციონში უმტკივნეულოდ დაიკავებს ადგილს.
ისიც გვახსოვდეს, რომ ბავშვები მუდმივად გვაკვირდებიან და ცდილობენ მოგვბაძონ. ასე რომ, თავადვე უნდა მივცეთ მათ ჯანსაღი კვების მაგალითი.