როგორ ვმართოთ ბრაზი?
3 წუთიანი საკითხავი
როგორ ვმართოთ ბრაზი?

ბრაზი საკმაოდ ძლიერი ემოციაა, რომელიც ადამიანის როგორც ფსიქოლოგიური, ისე - ბიოლოგიური მდგომარეობის ცვლილებით ხასიათდება. ბრაზი არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანი ფაქტორებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. მაგალითად, შესაძლოა ერთნაირად გვაბრაზებდეს როგორც ქუჩაში წარმოქმნილი გადატვირთული მოძრაობა, ისე - პერსონალური პრობლემები ან  ტრავმული მოგონებების გახსენება. 

ევოლუციური ფსიქოლოგიის თანახმად, ბრაზის ჩამოყალიბებას და განვითარებას ადამიანისთვის გარკვეული ფუნქცია ჰქონდა - მას სარგებლის მინიჭება შეეძლო გაბრაზებული ადამიანისთვის როგორც თავდაცვის, ისე მოლაპარაკებებისა და ვაჭრობის პროცესში. აგრესიის გამოვლენა, გარკვეულწილად, იმის სიგნალს იძლეოდა, რომ ვითარება გაბრაზებული, ანუ მეტად „საშიში“ ადამიანის სასარგებლოდ წარიმართებოდა. ბრაზის გამოხატვა ახლაც შესაძლოა საჭირო იყოს ჩვენი უსაფრთხოებისთვის, თუმცა, როგორც წესი, დღეს ამის საჭიროება გაცილებით იშვიათად გვაქვს.  

ხშირად, ჩვენ, ყურადღებას მხოლოდ ზედაპირულ ემოციებს ვაქცევთ და მათი წარმოქმნის შედარებით ღრმა და ძირეულ მიზეზებზე ნაკლებად ვკონცენტრირდებით. ადამიანში ბრაზის გაღვივება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. შეიძლება, გამოუძინებელ, მშიერ ან სტრესულ მდგომარეობაში ადამიანი ისეთ რამეზე გაბრაზდეს, რაზეც ჩვეულებრივ მდგომაროებაში არც კი გაღიზიანდებოდა. ასევე, როცა რთულ ემოციებს განვიცდით, მაგალითად წყენას, შიშს, დისკომფორტს, ზოგჯერ შეიძლება ამის გამოხატვა გაბრაზებით უფრო მარტივი მოგვეჩვენოს, ვიდრე ჩვენი გრძნობებისთვის თვალის გასწორება. ამიტომ, როდესაც ბრაზს განვიცდით, სასარგებლოა დავფიქრდეთ, ნამდვილად ამ ემოციას ვგრძნობთ? თუ მის უკან სხვა, უფრო ღრმა საჭიროება თუ ემოცია იმალება?

ბრაზის გამოხატვის ბუნებრივი გზა გამაღიზიანებლის მიმართ აგრესიული პასუხია. თუმცა, გასაგებია, რომ აგრესიული გამოხატვა, ერთადერთი მეთოდი არ არის, რითაც ბრაზთან გამკლავება შეგვიძლია. გარდა იმისა, რომ აგრესიის გარკვეულ ფორმებს კანონი, სოციალური თუ  ეთიკური ნორმები კრძალავს, ბრაზის აგრესიული გზით გამოხატვა მავნებელია ჩვენივე ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. აგრესიის მოზღვავებასთან ერთად, იმატებს ჩვენი გულისცემის რიტმი და სისხლის წნევა იზრდება, რაც, თავისთავად, ადრენალინის დონის ზრდასაც იწვევს. შესაბამისად, თანამედროვე ფსიქოლოგია ბრაზთან ეფექტური გამკლავებისათვის სხვა მეთოდებს გვთავაზობს. 

ეცადეთ, მოდუნდეთ
ათამდე ნელი ტემპით დათვლა და მსუბუქი გაწელვების შესრულება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ მოდუნება და ყურადღების გადატანა შეძლოთ. აგრესიის მოზღვავებასთან ერთად, ხშირად იძაბება კუნთებიც, რაც, დიდხანს გაგრძელების შემთხვევაში,  საზიანოა ფიზიკური კეთილდღეობისთვის. მსუბუქი გაწელვების შესრულება კუნთების დაჭიმულობის მოხსნაში დაგეხმარებათ, დათვლა კი, საშუალებას მოგცემთ, მოდუნდეთ და ჩააქროთ თქვენში წარმოქმნილი აგრესიული ნაპერწკალი. გარდა ამისა, მოდუნებისათვის საუკეთესო გზაა სეირნობაც, რადგან ბუნებასთან სიახლოვე, ფიზიკურ მოძრაობასთან ერთად, კიდევ უფრო ამშვიდებს ადამიანის გონებას და ყურადღების დროებით გადატანაში ეხმარება.

ივარჯიშეთ
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ 21-ე საუკუნეში ვარჯიში, ისევე, როგორც ჯანსაღი კვება, თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ რჩევად იქცა. თუმცა, ეს სავსებით ბუნებრივია - ფიზიკური აქტივობა ადამიანს სტრესისა და შფოთვის შემცირებაში, დეპრესიის დაძლევაში და განწყობის ამაღლებაში ეხმარება. გარდა ფიზიკური აქტივობისა, ბრაზის მოზღვავების დროს, განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს სუნთქვითი ვარჯიშების შესრულება. 

მიმართეთ ვიზუალიზაციის ტექნიკას
როცა გაბრაზებული ხართ და დამშვიდებას ცდილობთ, დახუჭეთ თვალები, ღრმად ისუნთქეთ და თქვენი ცხოვრების საუკეთესო მოგონება გაიხსენეთ. დეტალურად შეიგრძენით, სად იმყოფებით, ვინ არიან თქვენს ირგვლივ, რას აკეთებთ, რა ხმები გესმით, რას ეხებით და ა.შ. თუ კონკრეტული არაფერი გახსენდებათ, სცადეთ, წარმოიდგინოთ, როგორ მდგომარეობაში/ვისთან ერთად/რა პირობებში იგრძნობდით თავს ბედნიერად და დეტალურად შეიგრძენით თქვენი წარმოსახვის თითოეული წვრილმანიც კი.

წინასწარ მოემზადეთ ბრაზისთვის
უცნაურად ჟღერს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს ბრაზისთვის მომზადება შეგვიძლია. თუ ველით, რომ ვიღაცის კონკრეტულმა ქცევამ ან გარკვეულმა გარემოებამ შეიძლება გაგვაბრაზოს, შეგვიძლია წინასწარ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ან გამოვხატოთ ბრაზი. ეს გამოსავალი შეიძლება გამოვიყენოთ ბრაზის წარმოქმნის როგორც შინაგანი, ისე - გარეგანი მიზეზების პირობებში. მაგალითად, თუ მოსალოდნელია, რომ ქუჩაში გადატვირთული მოძრაობა დაგვხვდება და დანიშნულების ადგილამდე დაგვაგვიანდება, ან ჩვენ მიერ დაგეგმილ აქტივობას კოლეგები გააკრიტიკებენ, წინასწარ შეგვიძლია ვიფიქროთ გეგმის შეცვლაზე ან იმ პასუხებზე, რასაც თანამშრომლებს ვეტყვით. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ბრაზი მაინც განვიცადოთ, მაგრამ გაცილებით მარტივი იქნება იმ ემოციის მართვა, რისთვისაც წინასწარაც ვიყავით მზად.

დაკავდით შემოქმედებითი აქტივობით
აგრესიის მოზღვავების დროს, ადამიანი დიდი ენერგიით ივსება და ამ ენერგიის გამოთავისუფლებას საჭიროებს. სწორედ ამიტომაა, რომ გაბრაზებული ადამიანები ხშირად აზიანებენ ნივთებს, სხვებს, საკუთარ თავსაც კი და ამას იმხელა ძალით აკეთებენ, რომელიც, ჩვეულებრივ პირობებში, შეიძლება, არც ჰქონდეთ. ამიტომ, როცა აგრესიის მოზღვავებას იგრძნობთ, გაიხსენეთ, რომ თქვენი ენერგია, რომელიც ახლა გაცილებით თვალსაჩინო და ჭარბია, შეგიძლიათ პოზიტიურ აქტივობაში გარდაქმნათ: დაალაგოთ, დახატოთ, იცეკვოთ, ივარჯიშოთ, იმღეროთ და ა.შ.

ბრაზის შეგრძნება და გამოხატვა ადამიანისთვის ბუნებრივი და ნორმალური მოვლენაა. ჩვენ სოციალური არსებები ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ყოველთვის იარსებებს ბევრი ფაქტორი, რომელიც ჩვენში უარყოფით ემოციებს აღძრავს და აგრესიის გამოხატვისკენ გვიბიძგებს. ეცადეთ გამოხატვის ფორმები ისე შეარჩიოთ, რომ სხვას და საკუთარ თავს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი არ მიაყენოთ. სწორედ ამიტომ, ამერიკული აკადემიური სამედიცინო ცენტრი (Mayo Clinic) გვირჩევს, როცა მშვიდად და გაწონასწორებულად ვგრძნობთ თავს, წინასწარ ვიფიქროთ ზემოთ მოცემულ რჩევებზე და ვეცადოთ, გავითვალისწინოთ მაშინ, როცა აგრესიის მოზღვავებას ვიგრძნობთ.

გამოქვეყნების თარიღი: 28 მარტი, 2022წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები