როგორ ვიზრუნოთ ბავშვების დისციპლინაზე?
3 წუთიანი საკითხავი
როგორ ვიზრუნოთ ბავშვების დისციპლინაზე?

მშობლობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბავშვის სწორად აღზრდაა. ეს პროცესი დიდ ენერგიას და ნებისყოფას მოითხოვს როგორც ზრდასრულის, ისე - მოზარდის მხრიდანაც. როცა ბავშვი განვითარების გარკვეულ ეტაპს მიაღწევს, თავს იჩენს დისციპლინის საკითხი, რომელიც ბევრი მშობლისთვის საკამათო თემაა. 

არც ისე იშვიათად, სიტყვა „დისციპლინას“ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებენ და მოიაზრებენ, როგორც ბავშვის დასჯისა და დაშინების მეთოდს, რომლის გამოყენების შემდეგაც, თითქოს, მოზარდის საქციელი „გამოსწორდება“. თუმცა, თანამედროვე ფსიქოლოგია ხაზს უსვამს პოზიტიური დისციპლინის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ მისი მთავარი გასაღები მოთმინებაში, ემოციების სწორად გამოხატვასა და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაშია.
ხშირად ისეც ხდება, რომ ბევრი მშობელი, ბავშვთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით, მის დისციპლინირებას თავს არიდებს და ბავშვს უსაზღვრო თავისუფლებას აძლევს. თუმცა, თუ გვინდა, რომ მოზარდი ემოციურად მყარ, პასუხისმგებლიან და ჯანსაღ პიროვნებად გაიზარდოს, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ აღზრდისა და განვითარების პროცესში მშობლებსა და შვილებს შორის უთანხმოების და კონფლიქტის წარმოშობა გარდაუვალია. 
მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელიც შვილის აღზრდის და დისციპლინირების საკითხს გაგიადვილებთ და დაგეხმარებათ, ბავშვს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზიანის გარეშე მიუთითოთ სწორი ქმედებებისკენ.

მკაფიოდ გააგებინეთ თქვენი პოზიტიური მოლოდინების შესახებ - თანამედროვე ფსიქოლოგიაში მიიჩნევა, რომ ბავშვთან სწორი კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი ფორმა კონკრეტული ქმედებების აკრძალვების ნაცვლად, პოზიტიური მოლოდინების ჩამოყალიბებაშია. მაგალითად, გაცილებით ეფექტურია, ბავშვს ვუთხრათ: „გთხოვ, თამაშის დასრულების შემდეგ ყველა სათამაშო ყუთში ჩაყარე“ , ვიდრე: „ისე ითამაშე, რომ ოთახი არ არიო“. ოქსფორდის უნივრსიტეტის პროფესორ ლუსი ქლავერის მიხედვით, ბავშვს გაცილებით მეტი მიმღებლობა აქვს, ერთი მხრივ, პოზიტიურად და, მეორე მხრივ, კონკრეტულად ჩამოყალიბებული მითითების მიმართ.

გააფრთხილეთ ქმედებების შედეგების შესახებ - ხშირად, ბავშვები ვერ ხვდებიან, რატომ არ უნდა ირბინონ შუშის ჭიქით ხელში ან რატომ არ უნდა დააზიანონ საყოფაცხოვრებო ნივთები. გადაღლილ მშობლებს კი, უჭირთ იმის გააზრება, რომ რაც მათთვის ბუნებრივი და ცხადია, შეიძლება, ბავშვისთვის ასეთივე აშკარა სულაც არ იყოს. ამერიკის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ბავშვის ჯანსაღი დისციპლინირება არა ყოველი ნაბიჯის მითითებას, არამედ მისი ქმედებების შედეგების შესახებ ინფორმირებულობას და ზოგადი მიმართულების მიცემას გულისხმობს.

მიეცით პოზიტიური მაგალითი - მშობელი ბავშვისთვის საუკეთესო მაგალითია, მით უმეტეს, პატარა ასაკში, როცა ბავშვი მისი ქცევის მოდელს თითქმის სრულად ოჯახის წევრების ყურებით და მოსმენით იყალიბებს. სიტყვებზე მეტად, ბავშვებზე გავლენას ჩვენი ქმედებები ახდენსენ. ამიტომ, თუ გვსურს, რომ მას კონკრეტული აქტივობისკენ ვუბიძგოთ, გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ჯერ დავანახებთ, როგორ ვახორციელებთ ამ აქტივობას თავად. მაგალითად: ნაცვლად მითითებისა „დაჯექი და წიგნი წაიკითხე!“ აჯობებს, ბავშვმა თავად გვნახოს წიგნით ხელში და აღიქვას, როგორი სასიამოვნო შეიძლება იყოს კითხვის პროცესი. 

არ შეგეშინდეთ ლიმიტების დაწესების - კარგი მშობლობა ბავშვისთვის ყველაფრის უფლების მიცემას არ გულისხმობს. იაპონიის კიოტოს უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის პროფესორის, რიკუა ჰოსოკავას მიხედვით, ისეთი ქმედებების აკრძალვა, რომელიც აზიანებს ბავშვს და მის გარშემომყოფებს, საჭირო და სასარგებლოცაა მისი ჯანსაღი განვითარებისთვის. გარკვეული დროის დაწესება გაჯეტებისთვის, თამაშისთვის თუ სხვა აქტივობებისთვის, მასში ქვეცნობიერად დროის აღქმისა და განაწილების უნარების განვითარებას წაახალისებს და, იმავდროულად, ფიზიკური სიჯანსაღისა და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში შეუწყობს ხელს.

დაეხმარეთ საკუთარი ემოციების გააზრებაში - სწორად და ჯანსაღად დისციპლინირებული ბავშვის ერთ-ერთი მთავარი თვისება ისაა, რომ მას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციების კონსტრუქციული ფორმით გამოხატვა შეუძლია. ხშირად, პატარები ვერ ხვდებიან, რატომ ეცვლებათ ხასიათი ან რატომ აღიზიანებთ გარშემომყოფები. ამიტომ, დისციპლინირების ერთ-ერთ ეტაპად ფსიქოლოგები სწორედ ემოციების სწორ სახელდებას განიხილავენ. როცა ბავშვმა იცის, რას და რატომ განიცდის, უფრო დიდია შანსი, მათი ჯანსაღად მართვა შეძლოს და, მომავალშიც, მეტად მოახდინოს ნეგატიური ემოციების გამომწვევი ქმედებების პრევენცია. 

შესთავაზეთ ალტერნატივა - მშობლების მიერ დაწესებული ლიმიტები მოზარდებისთვის, ძირითადად, გაუგებარია. მათ არ ესმით, რატომ უნდა დაანებონ თავი საყვარელი ანიმაციის ყურებას ან ტკბილეულის მირთმევას ძილის წინ და ამიტომ, ხშირად  აპროტესტებენ „იძულების“ ამგვარ ფორმებს ხშირად  აპროტესტებენ. ამიტომ უმჯობესია, მშობელმა მისი ქცევის მოტივები ბავშვს მშვიდად აუხსნას და, სანაცვლოდ, ალტერნატივა (ამ შემთხვევაში, საინტერესო ზღაპრის წაკითხვა) შესთავაზოს, რათა ბავშვმა თავი „იძულების მსხვერპლად“ არ იგრძნოს. ამ გზით, ბავშვი იგრძნობს, რომ გარკვეული ლიმიტების დაწესებამ მისი თავისუფლება სრულად არ შეზღუდა და არჩევანის უფლება მაინც დაუტოვა.

გახსოვდეთ, რომ შვილის ჯანსაღად დისციპლინირების გასაღები, დიდწილად, სწორ კომუნიკაციაშია. კონკრეტული ქმედებების აკრძალვა ბავშვებში უფრო მეტად პროტესტს იწვევს, ვიდრე - თანხმობის სურუვილს. ამიტომ, როცა ბავშვს რაღაცას რაიმეს ავუკრძალავთ, უმჯობესია, ამის მიზეზიც ავუხსნათ და ალტერნატივა დავუტოვოთ. ცხადია, არ არსებობს უნივერსალური ფრაზები, რომლებიც ნებისმიერ მდგომარეობაში თავიდან აგვარიდებს ბავშვის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ დასჯისა და მუქარის ტონის გამოყენებაზე მეტად, გრძელვადიან პერსპექტივაში, კომუნიკაციის სწორი ფორმის შერჩევა ბავშვის დისციპლინირების პროცესში გაცილებით ეფექტურია. 

გამოქვეყნების თარიღი: 16 თებერვალი, 2022წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები