როგორ განვახორციელოთ ახალი წლისთვის დასახული მიზნები
3 წუთიანი საკითხავი
როგორ განვახორციელოთ ახალი წლისთვის დასახული მიზნები

ახალი წელი ადამიანების უმრავლესობისთვის ცხოვრების სუფთა გვერდის გადაფურცვლას ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ჩვევების დანერგვა  ყოველთვის შეგვიძლია, წელიწადის ეს პერიოდი ხშირად სიახლეების დაგეგმვისთვის ყველაზე შესაფერის დროდ მიიჩნევა. ამიტომაც ბევრი ჩვენგანი საახალწლოდ მნიშვნელოვან მიზნებს ისახავს და ახალ წელს მავნე ჩვევების დადებითით ჩანაცვლების იმედით ხვდება.

თუმცა, მიზნებამდე მისვლა ხშირად ისეთივე მარტივი არაა, როგორც მათი დასახვა. შედეგად, ხშირად მარტის ბოლოსთვის მიზნების დიდ ნაწილზე უკვე საბოლოოდ ვიქნევთ ხელს. ასე რომ არ მოხდეს, ფსიქოლოგები რამდენიმე მეთოდს გვთავაზობენ, რომლებიც მიზნების სწორად დასახვასა და მათ მიღწევაში დაგვეხმარება.

მიზნების პოზიტიური ფორმულირება - იმას, თუ როგორ ვაყალიბებთ ჩვენს სურვილებს და მიზნებს, მათი მიღწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ფრაზა „ახალი წლიდან არ შევჭამ ბევრ ტკბილეულს“ უმჯობესია ჩავანაცვლოთ ფრაზით - „ახალი წლიდან ტკბილეულს მეტი ბოსტნეულით ჩავანაცვლებ“.

აირჩიეთ კონკრეტული მიზნები - „მომავალ წელს უკეთ ვისწავლი“ ისეთი მიზანია, რომელიც თავშივე, დიდი ალბათობით, მარცხისთვისაა განწირული. რას ნიშნავს „უკეთ“? ერთ საგანს ვისწავლით უკეთ თუ ყველას? ამგვარად ფორმულირებული მიზანი მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და მიზნების შესრულების ისედაც რთულ გზაზე დანებების ცდუნებას გვმატებს. ამიტომ აჯობებს, თუ  ჩვენს სურვილებს მაქსიმალურად დავაკონკრეტებთ, რათა  მათგან გადახვევის შესაძლებლობაც ნაკლებად დავუტოვოთ საკუთარ თავს.

გონივრულად განსაზღვრეთ მიზნების რაოდენობა - გასაგებია, რომ ახალ წელს ახალი მიზნების დასახვის და შესრულების დიდი მოტივაციით ვივსებით, მაგრამ რეალობაში ასე თითქმის არასდროს ხდება და ახალი წლის დადგომასთან ერთად, თავს ათასი ყოფითი საზრუნავი თუ მოულოდნელი გარემოება იჩენს, რომელიც ჩვენი მიზნების გრძელი სიის შესრულებაში ხელს გვიშლის. ფსიქოლოგები გვირჩევენ, შევჯერდეთ მაქსიმუმ 2-3 ყველაზე მნიშვნელოვან მიზანზე და, შეძლებისდაგვარად, გავმიჯნოთ ისინი ერთმანეთისგან. მაგალითად, თუ სამ მიზანზე ჩამოვყალიბდით, კარგი იქნება, თუ მათ განხორციელებას ეტაპობრივად დავიწყებთ და მეორე მიზანზე მას შემდეგ გადავალთ, როცა პირველს უკვე მიღწეულად ჩავთვლით.

გააჟღერეთ თქვენი მიზნები - პროფესორ ჯონ ნორკროსის აზრით, სოციუმის ჩართულობას, მიზნის მიღწევის ხარისხის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს. ნორკროსი გვირჩევს, რომ ჩვენი მიზნების საჯაროდ დეკლარირებას არ მოვერიდოთ - ეს მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს  საკუთარი თავის მიმართ  და მიზნამდე წარმატებით მისვლის სტიმულსაც აძლიერებს.

გაითვალისწინეთ ხელის შემშლელი ფაქტორები - არ აქვს მნიშვნელობა, ახალი წლის მიზნებს ვისახავთ თუ მეორე დღის სამოქმედო გეგმას ვწერთ, კარგი იქნება, თუ ყოველთვის გავითვალისწინებთ იმ გარემოებებს, რომლებმაც, შესაძლოა, მათ განხორციელებაში ხელი შეგვიშალონ. მიზნების დასახვის მომენტშივე გაიაზრეთ და შეეგუეთ, რომ ყველაფერი ისე ვერ მოხდება, როგორც თქვენს სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიზანზე ხელი ჩავიქნიოთ. თუ რისკ-ფაქტორებს წინასწარ განვსაზღვრავთ, მათ გაცილებით მოკლე დროში და მარტივად დავძლევთ. თუმცა, თუ ჩვენგან დამოუკიდებელი და გაუთვალისწინებელი გარემოება იჩენს თავს, არ შეშინდეთ, დაუთმეთ საკმარისი დრო პრობლემის აღმოფხვრას და სტრესის დაძლევის შემდეგ განაახლეთ მუშაობა თქვენს მიზნებზე.

არ უგულებელყოთ დრო - საახალწლო მიზნების დასახვის ერთ-ერთ „სისუსტეს“ დროის ფაქტორი წარმოადგენს. ხშირად გვგონია, რომ წინ მთელი წელი, ანუ დიდი დრო გვაქვს. ამიტომ წლის პირველ ნახევარში ხშირად ეს მიზნები არც ისე მნიშვნელოვნად გვესახება, როგორც მომდევნო წლის მოახლოებისას. შემდეგ კი ვხვდებით, რომ თვეები ფუჭად გავატარეთ და ჩვენს მიზნებამდე მისაღწევად საკმარისი დრო აღარ გვაქვს დარჩენილი. ასე რომ არ მოხდეს, ეცადეთ, მიზნების დასახვის და სამოქმედო გეგმის გაწერის პროცესში, დროის ფაქტორიც ჩართოთ და, მაგალითად, ნაცვლად „ამ წელს 5 ახალ წიგნს წავიკითხავ“-ის ნაცვლად, მიზანი ასე დაისახოთ: „1 მარტამდე 1 ახალ წიგნს წავიკითხავ, 1 მაისამდე - მეორე წიგნს და ა.შ.“

პერიოდულად გააძლიერეთ მოტივაცია - წლის დასაწყისში მიზნების მიღწევის გაცილებით მეტი მოტივაცია გვაქვს, ვიდრე მომდევნო თვეებში. ეს ბუნებრივი და ნორმალურია - მიზნებამდე მისასვლელი გზა, როგორც წესი, მარტივი არასდროსაა. ხშირად ვიღლებით, წარუმატებელი ნაბიჯების გამო ვითრგუნებით და ამიტომ, ზოგჯერ, მიზნის მიღწევაზე ხელსაც ვიქნევთ. ასე რომ არ მოხდეს, კარგი იქნება, თუ პერიოდულად ჩვენს თავს შევახსენებთ, რატომ და როგორ ავირჩიეთ ეს მიზნები და რას ვიგრძნობთ, თუ მათ შევასრულებთ ან, პირიქით - არ შევასრულებთ.

გაითვალისწინეთ, რომ მიზნების მიღწევა სასიამოვნო და სასურველი პროცესი უნდა იყოს. თუ ის თქვენში დიდ სტრესს, მღელვარებას და უსიამოვნო განცდებს იწვევს, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რატომ ისახავთ ამ მიზანს, ვის სურვილს ემსახურება მათი მიღწევა და რა შედეგებს მოგვიტანს მათი შესრულება. და ბოლოს, იმისათვის, რომ რამე შევცვალოთ სულაც არ არის საჭირო, მომდევნო ორშაბათს, ან თვის ან წლის დასაწყისს ველოდოთ. და, ასევე, თუ  მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები წარუმატებელი აღმოჩნდა, ყოველი ახალი დღე გვაძლევს იმის შანსს, რომ ხელახლა ვცადოთ!

გამოქვეყნების თარიღი: 10 იანვარი, 2022წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები