ფსიქოლოგიის დოქტორმა, ქეროლ დვიკმა შემოგვთავაზა ორი ტიპის მენტალიტეტის თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ გამომდინარე იქიდან, თუ რომელი ტიპის სააზროვნო სისტემა გვაქვს, ჩვენი წარმატების, თვითაღქმის, ურთიერთობების, მენტალური თუ ემოციური კეთილდღეობის ხარისხიც შესაბამისია. ამ თეორიის მიხედვით, არსებობს მოქნილი ე.ი. განვითარებაზე ორიენტირებული გონება და რიგიდული, ფიქსირებული აზროვნების სისტემა.
მენტალიტეტი აერთიანებს ჩვენს ღირებულებებს, რწმენათა სისტემას, განწყობებს და დამოკიდებულებებს გლობალური თუ უფრო ვიწრო საკითხების მიმართ, როგორ აღვიქვამთ და, შემდეგ უკვე, როგორ ვრეაგირებთ ჩვენში თუ გარემოში მიმდინარე მოვლენებზე.
ამ სტატიაში გაგაცნობთ ორივე ტიპის სააზროვნო სისტემისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს და განვიხილავთ მოქნილი გონების უპირატესობებს და მისი გამომუშავების გზებს.
„ფიქსირებული გონება“ გვეუბნება, რომ ჩვენი შესაძლებლობები, უნარები, ინტელექტი, ხასიათი და ღირებულებები ფიქსირებულია, მოცემულობაა, რომელიც უნდა მივიღოთ კრიტიკის გარეშე და ჩვენი ცხოვრებაც ამ მოცემულობას მოვარგოთ. ფიქსირებული სააზროვნო სისტემის მქონე ადამიანებს, ხშირად, ეშინიათ ცვლილებების და შეცდომების, ამიტომ ისინი არ მიდიან რისკზე და არ დგამენ ახალ ნაბიჯებს, შესაბამისად, ცხოვრებაც, გარკვეულწილად, ფიქსირებულია ერთ წერტილში. მაგალითად: „არ ვიცი უცხო ენა, ამიტომ კვალიფიკაციის ამაღლებას და ჩემი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ შევძლებ“; „არ ვიცი ცურვა, ამიტომ არ დავდივარ ზღვაზე დასასვენებლად.“
ამის საპირისპიროდ, „მოქნილი გონება“ პიროვნულ ზრდაზე, განვითარებაზე, ცვლილებებზე და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ამ ტიპის აზროვნებისთვის დამახასიათებელია შესაძლებლობების აღმოჩენა ყველა მოცემულობაში, იქნება ეს მარცხი თუ რიგითი ცხოვრებისეული პრობლემა. ასევე, მაღალია მიმღებლობის ხარისხი, რომ ცვლილებები და სირთულეები გარდაუვალია, ისინი ცხოვრების ნაწილია, ხოლო მოქნილი გონებით, ნაკლები სტრესის და ზიანის ფონზე, შესაძლებელია ამ პროცესებთან ადაპტირება ან გამოსავლის ძიება.
განვითარებაზე ორიენტირებული მენტალიტეტისთვის, პიროვნული მახასიათებლები და უნარები, ღირებულებათა სისტემა და მსოფლმხედველობა დინამიკური და დროსთან თუ ახალ გამოცდილებებთან ერთად, ცვალებადია. მოქნილი გონებისთვის დამახასიათებელი მიდგომაა: „მართალია უცხო ენა ჯერ ისე არ ვიცი, რომ საერთაშორისო კურსი გავიარო, თუმცა შემიძლია მასწავლებელი ან სპეციალური აპლიკაცია მოვძებნო, ამაზე მუშაობა დავიწყო, რომ შემდეგ წელს ხელფასის ზრდის შანსიც მქონდეს“; „ამ ეტაპზე ცურვა არ ვიცი, თუმცა ზღვაზე დასვენებას სხვა ბევრი დადებითი მხარეც აქვს. ასევე, ზაფხულამდე რამდენიმე თვეა და შემიძლია ცურვის შემსწავლელი პერსონალური ან ჯგუფური გაკვეთილები ავიღო.“
როგორ გამოვიმუშაოთ მოქნილი გონება?
შევამჩნიოთ და მივიღოთ არასრულყოფილება - როგორც საკუთარ თავში და შესაძლებლობებში, ასევე სხვა ადამიანებში. ყველაფერი ერთნაირად და კარგად არ გამოგვდის, ერთმანეთისგან საკუთარი შესაძლებლობები განგვასხვავებს და ადამიანების შესახებ საინტერესოც, სწორედ ეს არის.
პრობლემები გამოწვევებია - რომელსაც ან გავურბივართ ან ვუპირისპირდებით და შესაძლებლობად გარდავქმნით. რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
ვიკითხოთ და მოვუსმინოთ სხვების აზრს - განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენგან განსხვავებული აზრის მოსმენა. ზომიერი და ჯანსაღი კრიტიკაც სასარგებლოა ჩვენი პიროვნების განვითარების გზაზე.
დავაკვირდეთ საკუთარ აზრებს და სიტყვებს - ჩვენი აზრები ყოველთვის სიმართლეს არ გვეუბნება. აზრები შემოთავაზებებია, რომელსაც ვაკვირდებით და ვირჩევთ, რას დავუჯეროთ და რას არა. რომელ აზრსაც დავუჯერებთ, და ამ აზრის შესაბამისად რასაც ვიტყვით, ეს გახდება რეალობა და მას ექნება ძალა.
უკეთ გავიცნოთ ჩვენი შესაძლებლობები და უნარები - ჩამოწერეთ, რაში ხართ ძლიერი, რა გამოგდით კარგად, რა მოგწონთ საკუთარ თავში და, ასევე, რის გამომუშავებას ან გაუმჯობესებას ისურვებდით საკუთარ თავში.
დავისახოთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები - ჩვენი განვითარებისთვის სვლა რაიმე მიზნისკენ მნიშვნელოვანია. დაწერეთ თქვენი მიზანი, დაყავით პატარა ნაბიჯებად მისკენ მისასვლელი გზა და დაიწყეთ მოქმედება.
გავაღრმაოთ ცნობისმოყვარეობა - ნაცვლად იმისა, რომ მივიღოთ ესა თუ ის მოცემულობა ან დავსვათ კითხვა „რატომ“, დავინტერესდეთ როგორ მოხდა ეს, როგორ შეძლო ეს, როგორ მიაღწია ამას, როგორ გადალახა, როგორ...
მარცხი შესაძლებლობაა - შეცდომა და წარუმატებლობა შესაძლებლობაა გავიგოთ, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა სხვანაირად, რაც მანამდე არ ვიცოდით.
ფიქსირებული სააზროვნო სისტემის შეცვლა და მოქნილი გონების გამომუშავება სწრაფად მიღწევადი ამოცანა არ არის. თუმცა, თუ ამ მიზანს დავისახავთ და ამაზე მუშაობას დავიწყებთ, ეს უკვე ფიქსირებული მოცემულობის გარღვევა და განვითარების საწყისია იქნება, რაც სიახლეებით და აღმოჩენებით სავსე, საინტერესო ცხოვრების დასაწყისსაც ნიშნავს.