ადამიანების უმეტესობისთვის უარის თქმა უხერხულობასთან და დანაშაულის განცდასთან ასოცირდება. ხშირად გვგონია, რომ უარით სხვას იმედს გავუცრუებთ და ვაწყენინებთ, ამიტომ ისეთ საქმეს ვკიდებთ ხელს, რომელიც ჩვენ გვაზარალებს - დროს გვართმევს, ენერგიას გვაცლის, ან უბრალოდ, არ გვაინტერესებს.
მიზეზი რაც არ უნდა იყოს, უარის თქმისგან თავის შეკავებას ხშირად შფოთვის გაძლიერებასთან მივყავართ, ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში მენტალურ ჯანმრთელობას გვიზიანებს. უარის მშვიდად და თავდაჯერებულად თქმა ჯანსაღი საზღვრების არსებობის ერთ-ერთი ნიშანია. თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანებს სხვისი განაწყენება უფრო გვაშინებს, ვიდრე საკუთარი თავის დაუკმაყოფილებლობა და, შედეგად, არასასურველ შემოთავაზებებზე გვიწევს დათანხმება.
ამ სტატიაში გაგაცნობთ 3 მიზეზს, რატომაც უარის თქმას თავს ვარიდებთ და, ასევე, გაგიზიარებთ ტექნიკებს, რამაც შეიძლება უარის თქმა გაგიადვილოთ.
ბავშვობის გამოცდილება - უარის თქმა, როგორც წესი, იმ ადამიანებს უჭირთ, ვისაც ბავშვობაში ხშირად უბიძგებდნენ, დაეპრიორიტეტებინათ სხვების (ძირითადად, უფროსების) სურვილები. ასეთი ადამიანები ხშირად „კარგი გოგოს (ბიჭის)“ სინდრომით ხასიათდებიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უფროსებისგან ნეგატიური შეფასებები არ მიიღონ. სურვილების უგულებელყოფის ჩვევა კი ზრდასრულობაშიც გრძელდება და თავს იჩენს როგორც პირად ურთიერთობებში, ისე - კარიერაში.
როცა რაღაც დისკომფორტს გიქმნით, წესით, ამის კომუნიკაცია ახლო ადამიანებთან მარტივად და აუღელვებლად უნდა შეძლოთ. თუმცა, უარის თქმას შეუჩვეველი ადამიანებისთვის ეს არც ისე მარტივია, ამიტომ ისინი ხშირად არაერთ უხერხულ ეტაპს გადიან, სანამ „არას“ თავისუფლად იტყვიან. ასეთ დროს, მთავარი გამოსავალი საკუთარ შეგრძნებებზე და ცხოვრებისეულ ღირებულებებზე დაკვირვებაა. თუ გეშინიათ, რომ უარის გამო საყვარელ ადამიანებს დაკარგავთ, მაშინ კარგად დაფიქრდით ამ ურთიერთობის ხარისხზე, ურთიერთობაში საკუთარ როლზე, უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე.
იმპოსტერის სინდრომი - მეორე მიზეზი, რასაც კავშირი აქვს უარის თქმის სირთულესთან იმპოსტერის სინდრომია. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი თავის შესაძლებლობებში არათავდაჯერებულია და წარმატების მიღწევის შემთხვევაშიც კი, ამას შემთხვევითობას უფრო უმადლის, ვიდრე - საკუთარ თავს. ასეთი ადამიანები უარის თქმას იმიტომაც ერიდებიან, რომ სხვას თავიანთ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეატანინონ. მაგალითად, თუ უფროსი დამატებითი დავალებების შესრულებას მოსთხოვს, ისინი ზეგანაკვეთურ სამსახურზეც არ იტყვიან უარს, ოღონდ დაამტკიცონ, რომ ამ დავალებების შესრულება ნამდვილად შეუძლიათ.
ითვლება, რომ უარის თქმა კარიერული წინსვლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მაშინ, როცა არ გვინდა, საქმე დაზარალდეს, მაგრამ, ამავდროულად, ახალი დავალებების დამატებით საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობასაც საფრთხეს ვუქმნით, შეგვიძლია რამდენიმე გზას მივმართოთ:
დავალებების დელეგირება - გადაუნაწილეთ თქვენი დავალებები მათ, ვისაც შედარებით მეტი დრო და, ამავდროულად, ამ დავალებების შესრულების უნარი აქვთ.
ალტერნატივების შეთავაზება - შესთავაზეთ ალტერნატიული გამოსავალი: მაგალითად, ახალ დავალებას დაიმატებთ მომავალ კვირაში, როცა მიმდინარე ვალდებულებებს ამოწურავთ ან სხვას გადაუნაწილებთ;
არგუმენტაცია და მიმღებლობა - არგუმენტირებულად აუხსენით, რა პრობლემებს გამოიწვევს თქვენთვის/საქმისთვის ახალი პასუხისმგებლობების დამატება, თუმცა აგრძნობინეთ, რომ მზად ხართ მოლაპარაკებისთვის და გამოსავლის მოძებნისთვის.
რეპეტიცია - უარის თქმას თუ მიჩვეული არ ხართ, სავარაუდოდ, მისი თავდაჯერებულად თქმა გაგიჭირდებათ. დადექით სარკესთან, წარმოიდგინეთ, რომ ესაუბრებით ადამიანს, ვინც თქვენთვის არასასურველი საქმის კეთებას გთხოვთ და მშვიდი, ნელი ტონით ივარჯიშეთ უარის თქმა.
გარიყვის შიში - ადამიანები სოციალური არსებები ვართ და ბუნებრივია, საზოგადოებისგან გარიყვის შიში ხშირად ისეთი საქმეების კეთებასაც გვაიძულებს, რასაც ჩვენი ნებით ნაკლებად გავაკეთებდით. განსაკუთრებით ხშირად ზარალდებიან ემპათიური ადამიანები, რომლებსაც სხვების სირთულეები გულთან ახლოს მიაქვთ და მათი დახმარების გამო თავს ხშირად არასასურველ ვითარებებში იგდებენ.
სანამ სხვას დათანხმდებით, საკუთარ თავს ჰკითხეთ: ამაზე დათანხმება ჩემს ღირებულებებთან თანხვედრაშია? ამაზე დათანხმება ჩემთვის მნიშვნელოვან საქმეს ხომ არ დააზარალებს? ამაზე დათანხმება სასარგებლო იქნება ჩემთვის ან მისთვის, ვინც დახმარებას მთხოვს? თუ ამ კითხვებზე პასუხია „არა“, მაშინ, უარის თქმა ლოგიკური და, სავარაუდოდ, სწორი გამოსავალია.
გახსოვდეთ, რომ ჯანსაღ ურთიერთობში უარის თქმა უხერხულობასთან და გარიყვის შიშთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. მყარი და დაცული პირადი საზვრების არსებობის დროს, ადამიანები ერთმანეთის დასაბუთებულ უარს მშვიდად ხვდებიან და წყენის გარეშე იღებენ. თუ საკუთარი სურვილების უგულებელყოფა ხშირად გიწევთ, დაფიქრდით, სად გადის საზღვრები სხვის სიამოვნებასა და საკუთარ პრიორიტეტებს შორის და რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ გარშემომყოფებმა თქვენს პირად საზღვრებს პატივი სცენ.