ხშირად, საკუთარ თავზე ზრუნვა ძვირადღირებული პროცედურების ან ნივთების შეძენასთან, ხანგრძლივ მოგზაურობასთან ან რამდენიმე დღის მანძილზე სრულიად არაფრის კეთებასთან ასოცირდება. ისეც ხდება, რომ საკუთარ თავზე ფიქრი გარშემომყოფებისთვის ამპარტავნებად მიიჩნევა. სინამდვილეში კი, თვითზრუნვა საკუთარი თავის პატივისცემის გამოხატულებაა და მას შემდეგ, რაც მარტივი, ყოველდღიური აქტივობებით საკუთარ თავზე ზრუნვას დავიწყებთ, უკეთ გავიცნობთ ჩვენს გონებასა და სხეულს, გამოგვიმუშავდება მეტი ამტანობა ცხოვრებისეული გამოწვევებისა და სტრესის მიმართ და ჩვენი პროფესიული თუ პირადი ურთიერთობებიც უკეთესობისკენ შეიცვლება.
ამ სტატიაში გიზიარებთ საკუთარ თავზე ზრუნვის მარტივ იდეებს, რომლებიც არ მოითხოვს დიდ დროსა და ხარჯებს და რომელთა შესრულება ყოველდღიურ ცხოვრებაში რთული სულაც არაა. თუმცა იქამდე, სანამ საკუთარ თავზე ზრუნვის ჩვევა გამოგვიმუშავდება, რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი:
აირჩიეთ თქვენზე მორგებული აქტივობები - გაეცანით საკუთარ თავზე ზრუნვის იდეებს, სცადეთ სხვადასხვა აქტივობები და შეარჩიეთ რომელი აღმოჩნდება თქვენთვის სასარგებლო და სასიამოვნო. შესაძლოა, ზოგისთვის დილით მედიტაცია ან იოგას ვარჯიში იყოს საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვის ფორმა, ხოლო სხვებისთვის დღის ჯანსაღი პროდუქტებით სავსე საუზმით დაწყება. ორივე შემთხვევაში, შედეგი თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენაა, ამიტომ მოძებნეთ და მოირგეთ თქვენი თვითზრუნვის აქტივობა.
თვითზრუნვის აქტივობები შეარჩიეთ თქვენი რესურსის გათვალისწინებით - ჩამოთვლილი სიიდან აირჩიეთ რამდენიმე აქტივობა, რომლის შესრულებასაც მარტივად შეძლებთ და რეალისტური იქნება თქვენი შინაგანი თუ ფიზიკური რესურსის გათვალისწინებით. შესაძლებელია, რომ თვითზრუნვის აქტივობების სამი სხვადასხვა ვარიანტი შეადგინოთ იმ დღეებისთვის, როდესაც 1 - სუსტად იგრძნობთ თავს; 2 - ჩვეული ენერგიის დონე გექნებათ და 3 - როდესაც მეტ შინაგან ენერგიას და მოტივაციას იგრძნობთ.
შერჩეული აქტივობები მოარგეთ თქვენს განრიგს - წინასწარ დაფიქრდით, თქვენთვის სასურველ აქტივობებს ყოველდღიური რუტინის გათვალისწინებით, დღის რომელ კონკრეტულ მონაკვეთში შეასრულებთ. შესაძლებელია, რომ მაგალითად 15 წუთიანი გაწელვები დილით, საუზმის შემდეგ, სამსახურში წასვლამდე ჩასვათ. ასევე 15 წუთიანი გასეირნება მზის სხივების ქვეშ შუადღის შესვენებაზე შეძლოთ, ხოლო მხატვრული ლიტერატურის 5 გვერდი ყოველ საღამოს, დაძინებამდე წაიკითხოთ.
საკუთარ თავზე ზრუნვის მარტივი აქტივობებია:
- ჯანსაღი პროდუქტების მომარაგება
- სასარგებლო რეცეპტების მოძიება და მომზადება
- დღიურის წარმოება
- მედიტაცია
- საინტერესო წიგნის ან სტატიის წაკითხვა
- პოდკასტის ან ლექციის მოსმენა
- მზეში სეირნობა
- საყვარელი მუსიკის მოსმენა
- ქსოვა ან ქარგვა
- ხატვა
- ცეკვა
- აუზში ან ზღვაში ცურვა
- გაწელვები, იოგა ან დარბაზში ვარჯიში
- 15-20 წუთი ფეხით გასეირნება
- მცენარის გადარგვა და მოვლა
- მინიმუმ 7 საათი გამოძინება (შაბათ-კვირას დანაკლისის ანაზღაურება)
- ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება
- გაღვიძებისას ფანჯარაში გახედვა (ბუნებრივი სინათლის დასანახად)
- სუნთქვითი სავარჯიშოები
- ღრუბლებზე ან/და ვარსკვლავებზე დაკვირვება
- არასასიამოვნო სოციალური პლატფორმის ან გვერდების გაუქმება
- კვირაში 1 საღამო ეკრანის გარეშე
- მეგობრებთან ერთად ლანჩის ან საღამოს გატარება
- ბავშვებთან ერთად დროის გატარება და თამაში
- ბუნებაში ხეების და ჩიტების ხმის მოსმენა
- მზის ამოსვლის ან ჩასვლის ყურება
- საყვარელი მეგობრის მოკითხვა
- საღამოს სახლში სანთლის დანთება
- აბაზანის მიღება
- კომედიის ან stand up შოუს ყურება
- წყლის დალევა ლიმონთან, კიტრთან, პიტნასთან ან ჯანჯაფილთან ერთად
- ცხოველთან თამაში ან მისი გასეირნება
- საკუთარი თავისთვის საჩუქრის ყიდვა
- გეგმიური ანალიზების ჩაბარება ან ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა
- ქველმოქმედება (მატერიალური ან ფიზიკური რესურსით)
- თვეში ერთხელ ახალი სპექტაკლის და გამოფენის მონახულება
- კინოში წასვლა
- სახის ან სხეულის მასაჟის გაკეთება
- საკუთარ ქალაქში უცნობი ადგილების მონახულება
იმისათვის, რომ საკუთარ თავზე ზრუნვამ ჩვენს მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე დადებითი გავლენა იქონიოს და, ამასთან, გრძელვადიანი შედეგი მივიღოთ, მნიშვნელოვანია, რომ თვითზრუნვას არა ერთჯერადი, არამედ სისტემატური სახე ჰქონდეს. საკუთარი ჯანმრთელობის და კეთილდღეობის პრიორიტეტად ქცევა, უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ზოგად მდგომარეობას: გუნება-განწყობას, ჰორმონალურ ბალანსს და კუჭ-ნაწლავის ფლორას, ასევე შეიცვლება ურთიერთობები გარშემომყოფებთან და სტრესის შედეგად დარღვეული შინაგანი წონასწორობის აღდგენაც უფრო მარტივი გახდება.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ძალისხმევის მიუხედავად მენტალური და ემოციური მდგომარეობა 2-3 კვირის მანძილზე არ უმჯობესდება, შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალისტს და მისგან მიიღოთ დამატებითი რეკომენდაციები და მკურნალობის გეგმა.