ადამიანის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი კუჭ-ნაწლავის გამართული ფუნქციონირებაა. კუჭ-ნაწლავის სისტემის დანიშნულება ბევრად კომპლექსურია, ვიდრე მხოლოდ საკვების მონელება. მაგალითისთვის, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში, სიმსივნისა და სხვადასხვა ავტოიმუნური დაავადების პრევენციაში, გულისა და ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ა.შ.
ადამიანის ნაწლავებში არაერთი მიკროორგანიზმი ბინადრობს. მათ შორის ე.წ. პრობიოტიკებიც. პრობიოტიკები ცოცხალი სოკოები და ბაქტერიებია, რომლებსაც „მეგობრულ ბაქტერიებსაც“ უწოდებენ, რადგან ისინი არ აზიანებენ ადამიანის ჯანმრთელობას, ზოგიერთი მათგანი სარგებლის მომტანიც კი არის. თავად ამ მიკროორგანიზმების დასახელება – „პრობიოტიკი“, ლათინური პრეფიქსიდან „pro” და ბერძნული სიტყვა „biotics“-დან მოდის, რაც ერთიანობაში სიცოცხლის მხარეს ყოფნას ნიშნავს.
კეთილ ბაქტერიებს ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლიათ:
პრობიოტიკები გვიცავენ „ცუდი ბაქტერიებისა“ და სხვადასხვა ინფექციისგან – ნორმალურ პირობებში, ნაწლავებში, კეთილი ბაქტერია უფრო დიდი რაოდენობითაა, ვიდრე – ცუდი. ისინი ერთგვარ ფიზიკურ ბარიერს ქმნიან ცუდი ბაქტერიების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, როდესაც ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ სამკურნალოდ ანტიბიოტიკები ინიშნება, ისინი დაავადების გამომწვევ ბაქტერიებთან ერთად, ორგანიზმისთვის მეგობრულ ბაქტერიებსაც ანადგურებენ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ასეთ დროს პრობიოტიკებიც მიიღოთ, რომ თავიდან აირიდოთ ნაწლავური დიარეა და სხვა გართულებები.
ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობის შენარჩუნებას – პრობიოტიკები ორგანიზმს ნაწლავური ფლორის ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებაში ეხმარებიან. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საკვების მონელებასა და საჭირო ნუტრიენტების უკეთ შეთვისებაში. გარდა ამისა, პრობიოტიკები ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორებიცაა: ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული დიარეა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ლაქტოზის აუტანლობა და ა.შ.
ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას – პრობიოტიკები ნაწლავური მიკროფლორის ჯანმრთელობას უზრუნველყოფენ, რაც პირდაპირ კავშირშია იმუნური სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებასთან. ნაწლავური მიკროფლორის დისბალანსი, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციის პროვოცირებასაც კი ახდენს. შესაბამისად, პრობიოტიკებით მდიდარი საკვების მიღება ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაშიც დაგეხმარებათ.
პრობიოტიკებით მდიდარი პროდუქტებია:
იოგურტი, მაწონი, კეფირი – რძემჟავა პროდუქტები, პრობიოტიკების შემცველობის კუთხით, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ საკვებად ითვლება. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით პრობიოტიკს კეფირი შეიცავს. მის შემადგენლობაში დაახლოებით 61-მდე დასახელების „კეთილი ბაქტერია“ შედის.
რაც შეეხება იოგურტს, დამატებითი სარგებლის მისაღებად, პროდუქტის შერჩევისას შეგიძლიათ არჩევანი პრობიოტიკებით უფრო მდიდარ შეფუთვაზე გააკეთოთ.
კომბუჩა – მომჟავო, ბუნებრივად გაზიანი გამაგრილებელი სასმელია. ის წარმოადგენს ფერმენტირებულ ჩაის, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებენ სამკურნალოდ. კომბუჩას მოსამზადებლად საჭიროა ჩაის ფერმენტაცია, შაქრის და ე.წ. „კომბუჩას დედის“ საშუალებით, რომელიც ბაქტერიებისა და საფუარისგან შედგება. ფერმენტაცია უჟანგბადო პირობებში ნახშირწყლების ორგანულ მჟავებად გარდაქმნის პროცესია, რომელშიც მონაწილეობს ბაქტერიები, საფუარები და მათ მიერ გამომუშავებული სხვა ნივთიერებები. განსხვავებული არომატის მისაცემად, კომბუჩას სხვადასხვა მცენარეს, სანელებელსა და ხილის ექსტრაქტს უმატებენ.
კიმჩი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კორეული კერძია, რომელიც დიდი რაოდენობით პრობიოტიკს შეიცავს. მისი ძირითადი ინგრედიენტები კომბოსტო, ბოლოკი, ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილია. კიმჩი სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის დამარილებითა და ფერმენტაციის გზით მიიღება.
მწნილი – კიტრისა და სხვა ბოსტნეულის მწნილები, რომლებიც მომზადებულია მარილ-წყალში (და არა ძმრით), პრობიოტიკების მდიდარი წყაროა.
ტემპე – რომლის წარმოშობის ადგილადაც ინდონეზია ითვლება, სოიოს მარცვლების ფერმენტაციის გზით წარმოიქმნება და ნამცხვრის მსგავს მასას წარმოადგენს.
პრობიოტიკები ხელმისაწვდომია საკვები დანამატების სახითაც, სხვადასხვა კაფსულის, აბისა და ფხვნილის ფორმით, თუმცა, უმჯობესია, პრობიოტიკები საკვების სახით მივიღოთ. ნებისმიერი საკვები დანამატის გამოყენებამდე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.