ინტუიციური კვება მსოფლიოში მზარდი პოპულარობით სარგებლობს. მას ერთგვარ ანტიდიეტასაც კი უწოდებენ, რადგან ის ყველანაირი დიეტის წინააღმდეგია. თუმცა კვების ამ სტილის მიმდევრები, გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ ეფექტურად ახერხებენ წონაში კლებას, თანაც ისე, რომ გახდომა სტრესულ პროცესს არ წარმოადგენს. ინტუიციური კვება საკვებთან ურთიერთობისა და საკუთარი სხეულის აღქმის პოზიტიური მოდელია. მაინც რაში მდგომარეობს კვების ამ ფილოსოფიის არსი?
ინტუიციური კვების ძირითადი პრინციპებია:
უარყავით მკაცრი დიეტები – პირველ რიგში, უნდა უარყოთ ყველანაირი დიეტა და დაივიწყოთ კვებასთან დაკავშირებული მითები და მკაცრი შეზღუდვები.
დააკვირდით შიმშილის სიმპტომებს. გააცნობიერეთ განსხვავება რეალურსა და ემოციურ შიმშილს შორის – იმისთვის, რომ სწორად იკვებოთ, აუცილებელია, დააკვირდეთ, თუ როდის გშიათ სინამდვილეში. შეისწავლეთ შიმშილის სიმპტომები. ეს შეიძლება იყოს უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში, გადაღლილობა, თავის ტკივილი, კონცენტრაციის გართულება და ა.შ. ჭამეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნამდვილად გშიათ. კვება მაქსიმალურად გაცნობიერებული პროცესი უნდა გახდეს. ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ შიმშილი და სტრესით გამოწვეული ემოციური ჭამა.
მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება კვებით და შეწყვიტეთ პროცესი, როგორც კი დანაყრდებით – ეცადეთ საკვები ნელა და სიამოვნებით მიირთვათ. შეიგრძენით თითოეული ლუკმა და როგორც კი სისავსის შეგრძნება დაგეუფლებათ, შეწყვიტეთ ჭამა. მერე რა, რომ შეიძლება გემრიელი დესერტისთვის ადგილი აღარ დაგრჩათ? კვების პროცესში ცნობიერად ყოფნაში დაგეხმარებათ ის, რომ ჭამა სხვა აქტივობას არ შეუთავსოთ ხოლმე. მაგალითისთვის, არ ჭამოთ, როდესაც მუშაობთ, ტელევიზორს უყურებთ, სოციალურ ქსელებში აქტიურობთ და ა.შ. კვება ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, მასზე დიდწილადაა დამოკიდებული თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ის ნამდვილად იმსახურებს მხოლოდ მისთვის გამოყოფილ დროსა და ყურადღებას.
არ დაყოთ საკვები კატეგორიებად და მოიშორეთ ჭამასთან დაკავშირებული დანაშაულის შეგრძნება – ბავშვობიდან გვინერგავდნენ, რომ არსებობს ცუდი და კარგი საკვები. დიეტებიც აგრძელებენ ამ სულისკვეთებას. ისინი საკვებს დიეტური, ან აკრძალული საკვების კატეგორიებს მიაკუთვნებენ ხოლმე. ინტუიციური კვების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ჭამოთ ის, რასაც ორგანიზმი გთხოვთ. ეს შეიძლება იყოს ტკბილეული, ცომეული და ა.შ. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც ამას თქვენი სხეული ითხოვს. იმავდროულად, მნიშვნელოვანია, არ გქონდეთ დანაშაულის შეგრძნება, მიირთვით გაცნობიერებულად და ლაღად.
ივარჯიშეთ სიამოვნებისთვის და შეიყვარეთ საკუთარი სხეული – შეიტანეთ ვარჯიში თქვენს ყოველდღიურობაში. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ითვალოთ, თუ რამდენი კალორია დაწვით, უბრალოდ ივარჯიშეთ საკუთარი სიამოვნებისთვის. მოძებნეთ აქტივობა, რომელიც სარგებელთან ერთად, დიდ სიამოვნებასაც მოგგვრით. ეს შეიძლება იყოს ველოსიპედით სეირნობა, ცურვა, ბაღში მუშაობა და მრავალი სხვა. ნუ წაუყენებთ საკუთარ სხეულს არარეალურ მოთხოვნებს, შეიყვარეთ ის ისეთი, როგორიც არის. ყველა ადამიანის სხეულს განსხვავებული აღნაგობა და ტენდენციები აქვს. ყველა სხეული თავისებურად ლამაზი და უნიკალურია.
პატივი ეცით საკუთარ ჯანმრთელობას – ეცადეთ, უმეტესწილად ჯანსაღი და ვიტამინებით მდიდარი საკვები მიიღოთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გარკვეულ დღეებში საკუთარ თავს უფლება მისცეთ, არც თუ ისე ჯანსაღად იკვებოთ. ამით საკუთარ თავს მნიშვნელოვან ზიანს ვერ მიაყენებთ. მთავარია, თუ როგორ იკვებებით უმეტესწილად.
ინტუიციური კვება წარმოუდგენელია გაცნობიერებულობის გარეშე. მისი ძირითადი პრინციპების მიყოლა, როგორიცაა შიმშილის და დანაყრების შეგრძნებაზე დაკვირვება, ნამდვილ შიმშილსა და ემოციურ კვებას შორის განსხვავების აღქმა, ასევე, საკუთარი სხეულის მოთხოვნილებების მიყურადება, შეუძლებელია კვების მომენტში ცნობიერად ყოფნის გარეშე. სწორედ ამიტომ, გაცნობიერებულ კვებასა და ინტუიციურ კვებას ხშირად ერთმანეთთან აიგივებენ, თუმცა გარკვეული განსხვავება მათ შორის მაინც არსებობს (რაც ცალკე დეტალურ განხილვას საჭიროებს).
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ინტუიციური კვებისთვის აუცილებელია, დაივიწყოთ ყველა დიეტა და საკუთარი სხეული უკეთ გაიცნოთ.