მასალა მსხვრევადი ცომისთვის:
250 გ ფქვილი
60 გ შაქრის პუდრი
მწიკვი მარილი
125 გ კარაქი
1 კვერცხის გული
40 მლ წყალი
მასალა ნიგვზის კრემისთვის:
50 გ ნიგოზი
50 გ კარაქი
50 გ ყავისფერი შაქარი
მწიკვი მარილი
½ ჩ.კ დარიჩინი
2 კვერცხი
სხვა მასალა:
3 ცალი ვაშლი რედ დელიშესი, პინოვა ან გოლდენი.
½ ჭიქა ფშატი
1 ლიმონის წვენი
შაქრის პუდრი მოსართავად
ყველა მშრალი ინგრედიენტი და ოთახის ტემპერატურის კარაქი გააერთიანეთ ჯამში, დაამუშავეთ ისე, რომ მიიღოთ ფხვიერი მასა, დაუმატეთ ერთმანეთში არეული კვერცხის გული და წყალი, სწრაფად მოზილეთ ცომი, გადაფუთეთ საკვებ პარკში და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით.
სანამ ცომი ცივდება, მოვამზადოთ ნიგვზის კრემი – ნიგოზი დაატრიალეთ ჩოპერში ფქვილისებური მასის მიღებამდე, იქვე დაუმატეთ რბილი კარაქი, შაქარი, მარილი, დარიჩინი და კვერცხი, დაატრიალეთ ერთიანი მასის მიღებამდე.
გათალეთ ვაშლი, ამოაცალეთ გული და დაჭერით თხელ ნაჭრებად. Მოასხით ლიმონის წვენი, არომატთან ერთად ლიმონი დაიცავს ვაშლს გაშავებისგან.
გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე.
მოამზადეთ მაფინის ყალიბი – წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი.
გააბრტყელეთ ცომი დაახლოებით 2 მმ-ზე. ამოჭერით 10 სმ. დიამეტრის რგოლები – ამ ზომის წრე ზუსტად მოერგება სტანდარტული მაფინის ყალიბს. გამოგივათ 10 წრე და კიდევ მოგრჩებათ ცომი სასურველი დეკორის ამოსაჭრელად.
ცომის დისკები ჩადეთ ყალიბებში და კარგად მოარგეთ, გადაანაწილეთ ნიგვზის კრემი ცომის კალათებში, ჩააწყვეთ ფშატის მარცვლები და ვაშლი, დაადეთ ამოჭრილი დეკორი და გამოაცხვეთ 20-35 წუთი ან ვიდრე ღვეზელი ოქროსფერი არ გახდება.