დღეს ბევრი ადამიანისთვის ორგანული საკვები უფრო გემრიელს, ჯანსაღსა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოს ნიშნავს, ვიდრე – არაორგანული. სხვების აზრით, ის უკეთესია გარემოსთვის და ცხოველების კეთილდღეობისთვისაც.
ამ სტატიაში ვეცდებით ავხსნათ, რა არის ორგანული საკვები და განვიხილავთ მის გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე.
რა არის ორგანული საკვები?
როგორც წესი, ტერმინი „ორგანული“ ეხება პროცესს, რომლითაც საკვები იწარმოება.
თითოეული ქვეყანა თავად განსაზღვრავს, თუ რას ნიშნავს ორგანული საკვები და რა პროცესებით უნდა იყოს მოყვანილი პროდუქტი იმისთვის, რომ მას ორგანულის სტატუსი მიენიჭოს. მაგალითად, აშშ-ში ორგანულად მიიჩნევა პროდუქტი, რომელიც მოყვანილია ხელოვნური ქიმიკატების, ანტიბიოტიკების, ჰორმონების ან გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების გარეშე.
საქართველოში ორგანული, ცხოველური თუ მცენარეული საკვები მიღებული უნდა იყოს ბიოლოგიური მეთოდით. ეს მოიცავს წარმოების ყველა იმ მეთოდს, რომელიც მეურნეობაში არსებული განახლებული რესურსების გამოყენებას და ბუნებრივი სასოფლო-სამეურნეო ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას გულისხმობს.
ბიოლოგიური მეთოდით შექმნილ პროდუქტს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბიოწარმოების მოთხოვნებს, ბიოწარმოების სერტიფიკატი ენიჭება. ასეთი საკვების ეტიკეტზე, ნიშანდებასა თუ რეკლამაში, ან კომერციულ დოკუმენტში გვხვდება ტერმინები „ორგანული”, „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკოლოგიურად სუფთა“, „ეკო“, „ბიო“, ამ სიტყვათა კომბინაცია, სიმბოლო, სავაჭრო ნიშანი, აბრევიატურა ან ლოგო.
გარდა იმისა, რომ ორგანული საკვები არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, ორგანული მეურნეობა აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს, ამცირებს დაბინძურებას და მიწისქვეშა წყლების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
რას გვიჩვენებს კვლევები
ორგანული საკვები შესაძლოა შეიცავდეს მეტ ნუტრიენტს
ორგანული და არაორგანული საკვების ნივთიერებების შემცველობის შემსწავლელი კვლევები განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს. სავარაუდოდ, ამის მიზეზი საკვების დამუშავებისა და წარმოების ბუნებრივი თავისებურებებია, თუმცა მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ორგანულ პროდუქტებს შესაძლოა მეტი საკვები ღირებულება ჰქონდეს.
ორგანულად მოყვანილ საკვებს მეტი ანტიოქსიდანტი და ვიტამინი აქვს
კვლევებმა აჩვენა, რომ ორგანული საკვები მეტ ანტიოქსიდანტსა და ვიტამინს შეიცავს, როგორებიცაა: ვიტამინი C, თუთია და რკინა.
ორგანულ საკვებში ნიტრატების დონე დაბალია
კვლევების თანახმად, ორგანულ საკვებში ნიტრატების დონე არაორგანულზე 30%-ით დაბალია. ნიტრატების მაღალი დონე შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოგიერთი დაავადების განვითარების ხელშეწყობასთან, შესაბამისად, დაბალი ნიტრატების შემცველი საკვების მიღება შესაძლოა უკეთესი იყოს ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
ორგანულ რძესა და ხორცს შესაძლოა ჰქონდეს უკეთესი ცხიმოვანი შემცველობა
67 კვლევის მიმოხილვამ აჩვენა, რომ ორგანული ხორცი ომეგა-3-ის უფრო მაღალ, ხოლო ნაჯერი ცხიმების უფრო დაბალ დონეს შეიცავს.
ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების უფრო მაღალი დონე დაკავშირებულია ბევრ სარგებელთან, მათ შორის, გულის დაავადებების განვითარების შემცირებულ რისკთან.
არის თუ არა ორგანული საკვები ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?
ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ორგანული საკვები კარგია ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით, მაღალი ოქსიდანტებისა და დაბალი ნიტრატების გამო. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანული საკვები ავტომატურად ჯანსაღს არ ნიშნავს. მაგალითად, თქვენ შესაძლოა შეიძინოთ ორგანული ორცხობილები, გაზიანი სასმელი, ნაყინი და სხვა პროდუქტები, რომელთაც დამატებული აქვს დიდი რაოდენობით შაქარი ან მარილი. შესაძლოა, ეს პროდუქტები მართლაც იყოს ორგანული, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აუცილებლად ჯანსაღია. შესაბამისად, უმჯობესია, თუ ასეთ ორგანულ საკვებს ზომიერად მივირთმევთ.
ამასთან, დღეს თითქოს მოდად იქცა პროდუქტისთვის ორგანულის დარქმევა მისი უკეთ გაყიდვის მიზნით, რათა ის უფრო ჯანსაღი გამოჩნდეს და მიმზიდველი იყოს მომხმარებლისათვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა არის ორგანული საკვები და რა პროცესს მოიცავს ასეთი პროდუქტის წარმოება.
რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანსაღად კვება სპექტრია და ორგანული საკვები მისი მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
როდესაც საქმე ჯანსაღ კვებას ეხება, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კვება არ უნდა იყოს სტრესისა და შფოთვის გამომწვევი მიზეზი. ჯანსაღი კვებისთვის საჭირო არ არის ერთი ტიპის პროდუქტის შერჩევა ან გამორიცხვა, არამედ – მრავალფეროვანი და ზომიერი კვება 80/20 პრინციპით.