როგორ ვისწავლოთ დაზოგვა
3 წუთიანი საკითხავი
როგორ ვისწავლოთ დაზოგვა

ფინანსური სტაბილურობა ადამიანის კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი მსაზღვრელი და გარანტორია, განსაკუთრებით კი, თანამედროვე გარემოში, რომელიც თავისთავად ქაოტური და არასტაბილურია. სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში, ოჯახში თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, იშვიათად ხდება ისეთი ყოფითი ჩვევების გამომუშავებაზე ზრუნვა, როგორებიცაა ფულის ეკონომიური ხარჯვა, დაზოგვა, განაწილება, ყოველთვიური ბიუჯეტირება და ა.შ. 
თანამედროვე ფსიქოლოგია ამბობს, რომ ხარჯვის ჩვევები ცალკე აღებული, განყენებული საკითხი არ არის, არამედ ემოციური მდგრადობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის კომბინაციის შედეგია - ანუ ის, თუ რაში და როგორ ვხარჯავთ ფულს, კავშირშია ჩვენს ემოციურ ინტელექტთან, თავდაჯერებულობასთან, თავშეკავებულობასთან, მომავლის განსაზღვრის უნართან და ა.შ. ამერიკელი ფსიქოლოგის, ელიზაბეტ დუნის თქმით: „როცა ფულის ხარჯვაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ეკონომიკური და ფინანსური, არამედ - ფსიქოლოგიური ფაქტორებიც“. 
უმეტესწილად, ხარჯვის გარკვეული ჩვევების საფუძველი ბავშვობაში ყალიბდება. მაგალითად, თუ პატარა ასაკში მატერიალური რესურსების არარსებობის გამო ტკბილეულის მოთხოვნილებას ხშირად ვერ იკმაყოფილებდით, დიდი შანსია, რომ ზრდასრულ ასაკში ტკბილეულს მაშინაც ყიდულობდეთ, როცა ის რეალურად არც გსურთ, და ამით ქვეცნობიერ დონეზე ბავშვობის დროინდელ „დანაკლისს“ ივსებდეთ.

რატომ ვზოგავთ?
ადამიანები ფულს რამდენიმე მიზეზით ზოგავენ:
მოულოდნელი და გადაუდებელი საჭიროებები - როგორც წესი, ჩვენ არასდროს ველით, რომ ავად გავხდებით, ან სამსახურს დავკარგავთ. თუმცა, ცხოვრება სავსეა უსიამოვნო მოულოდნელობებითაც და არასასურველი მოვლენების მოხდენის შანსი ყოველდღიურად არსებობს. ასეთ დროს, გარკვეული ფულადი დანაზოგი საშუალებას მოგვცემს, შედარებით მშვიდად შევხვდეთ პრობლემას და ცხოვრების ისედაც რთულ ეტაპზე თავი ფინანსური საკითხებით შედარებით ნაკლებად დავიტვირთოთ.
საკუთარი ბიზნეს საქმიანობის დაწყება - ალბათ, ერთხელ მაინც ყველას გვინატრია, რომ რუტინული სამსახური მიგვეტოვებინა და საკუთარი ბიზნესი დაგვეწყო. ფულადი დანაზოგი, თუკი ის არც ისე პატარა თანხაა, ამ სურვილის ასრულების საშუალებას იძლევა.
განათლება - საბედნიეროდ, ბევრი ადამიანი ფულს ისეთი ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი საკითხისთვისაც ზოგავს, როგორიცაა: საუნივერსიტეტო ხარჯები, საზღვარგარეთ სწავლა, პროფესიულ კურსებზე დასწრება და ა.შ.

მოგზაურობა - დატვირთული სამუშაო დღეების/თვეების შემდეგ ჩვენ ხარისხიანი დასვენება რომ გვჭირდება, ამაზე ჩვენს ბლოგებში არაერთხელ გვისაუბრია. როდესაც მუშაობის პარალელურად დანაზოგს ვაკეთებთ, შვებულების მშვიდად და ხარისხიანად გატარების მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ამიტომ მოგზაურობისთვის თანხის დაზოგვა საკუთარი ფიზიკური და ემოციური დასვენებისთვის გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო გადაწყვეტილებაა.
ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ფულის დაზოგვას სხვა მიზნებიც შეიძლება ჰქონდეს, როგორიცაა დაოჯახება, შვილისთვის საჭირო ხარჯები, მეგობრების/ახლობლების დაბადების დღეებზე გასაწევი ხარჯები და სხვა. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ:

განსაზღვრეთ, რა არის დაზოგვის მიზანი - როცა კონკრეტული მიზანი განსაზღვრული არ არის, მისკენ სვლა რთული და წარმოუდგენელიც კია. რისთვის ვზოგავთ? რატომ უნდა გადავდოთ ხელფასის 5% ან 10% ყოველთვიურად, თუკი მიზანი არ ვიცით? როდესაც ვიცით, საით მივდივართ, სვლა გაცილებით მარტივი და სასიამოვნოა. ამიტომ რეალური და ჩვენს შესაძლებლობებზე მორგებული მიზნების დასახვა დაზოგვისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
აღრიცხეთ და გააანალიზეთ ხარჯები - ჩვენი შემოსავლებისა და გასავლების გაანალიზება თვალსაჩინოდ დაგვანახებს, სად დავხარჯეთ ზედმეტი თანხა, რომელიც შეგვეძლო დაგვეზოგა. მაგალითად, შეგვიძლია ჩავშალოთ 1 თვის ხარჯები და გავარკვიოთ, რომელია ის არასაჭირო ხარჯები, რომლებიც ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას ყველაზე მეტად აზარალებენ. თუ საბანკო ბარათებს იყენებთ, შეგიძლიათ ყოველთვიური ფინანსური სტატისტიკის სანახავად ინტერნეტ ბანკი გამოიყენოთ, რომელიც ხარჯების ჩაშლის და დახარისხების საკმაოდ მოხერხებულ სქემებს გვთავაზობს.
დაიწყეთ მცირედით - თუ თანხის დაზოგვისთვის სურვილი და კონკრეტული მიზანი გაქვთ, არ არის აუცილებელი, დაელოდოთ, როდის გექნებათ მაღალი შემოსავალი და შეძლებთ, პირობითად, 100-200 ლარის გადადებას. აქციეთ დაზოგვა თქვენს ყოველდღიურ ჩვევად, გადადეთ იმდენი, რამდენის საშუალებაც იმ მომენტში გაქვთ. გაითვალისწინეთ, რომ დაზოგვა ხდება არაფინანსური გზებითაც, მაგალითად, ელექტროენერგიის დაზოგვით, მზა საკვების შეძენის ნაცვლად, სახლში მომზადებით, და სხვა.
დაზოგვისთვის შეგიძლიათ ფინანსურ ინსტიტუტებსაც მიმართოთ  - ბანკები ხშირად თანხის დაზოგვის ხელსაყრელ შესაძლებლობებს გვთავაზობენ. მაგალითად, შეგიძლიათ, გახსნათ საბანკო ანაბარი, რომელზეც, თანხის შენახვასთან ერთად, გარკვეული პროცენტული სარგებელი დაგერიცხებათ. ამასთან, შეგეძლებათ აირჩიოთ თვის კონკრეტული რიცხვი, როდესაც მიმდინარე ანგარიშიდან ანაბარზე თანხა ავტომატურად გადავა.
შეეცადეთ, ნაკლებად მოექცეთ რეკლამის გავლენის ქვეშ -  თანამედროვე სამყაროში უკვე რთულია, განსაზღვროთ, რა გჭირდებათ ნამდვილად და რას ყიდულობთ კომერციული გავლენით. იმისათვის, რომ პროდუქტი კარგად გაიყიდოს, კომპანიები დიდ თანხას ხარჯავენ, რომ საზოგადოება მის საჭიროებასა და აუცილებლობაში დაარწმუნონ. შემოთავაზებული მომსახურებებისა და პროდუქტების უმეტესობა კი ადამიანს რეალურად არც სჭირდება. შეეცადეთ, საკითხს რაციონალურად მიუდგეთ და გააანალიზოთ, რისი ყიდვაა თქვენთვის რეალურად საჭირო და აუცილებელი.

გაითვალისწინეთ, რომ დანაზოგის გაკეთება ადამიანის ვალდებულება არ არის. ფულის დაზოგვა გააზრებული სურვილი უნდა იყოს იმისათვის, რომ მომავალში მარტივად გავუმკლავდეთ პოტენციურ კრიზისულ სიტუაციებს ან მოულოდნელი (წინასწარ განუსაზღვრელი) მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ.

გამოქვეყნების თარიღი: 24 იანვარი, 2022წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები