როგორ ვიყოთ უფრო ენერგიულები ზამთარში
3 წუთიანი საკითხავი
როგორ ვიყოთ უფრო ენერგიულები ზამთარში

შემოდგომა-ზამთრის სუსხიან დღეებში საკმაოდ გავრცელებულია ენერგიის ნაკლებობა, მოთენთილობა, უხასიათობა, მუდმივი ძილიანობა და, ხანდახან, სეზონური აფექტური აშლილობა ან დეპრესიაც კი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჩრდილოეთის ქვეყნებში, სადაც მზე კიდევ უფრო იშვიათად გამოანათებს ხოლმე. ეს მოვლენები ძირითადად ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებით არის გამოწვეული, როგორებიცაა: ზამთრის ნაკლებად მზიან დღეებში, დიდი რაოდენობით მელატონინის გამოყოფა, სერატონინის გამოყოფის შემცირება, D ვიტამინის ნაკლებობა, ბიოლოგიური საათის დარღვევა და ა.შ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმისთვის, რომ ზამთრის ცივ და შედარებით ბნელ დღეებში უფრო ენერგიული იყოთ.  

გაამდიდრეთ საკვები რაციონი სეზამის მარცვლებით - ომეგა 3-ის და სხვა მნიშვნელოვანი ნუტრიენტების მაღალი შემცველობის გამო, სეზამის მარცვლები ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და ერთგვარ ენერგიის ბუსტერსაც წარმოადგენს. სეზამის მარცვლები ზამთარში „ბუნებრივ გამათბობლად“ ითვლება, რადგან სხეულში სითბოს გენერირებას უწყობს ხელს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ზამთრის დღეებში უფრო აქტიურად ჩართავთ სეზამის მარცლებს თქვენს საკვებ რაციონში. შეგიძლიათ მოაყაროთ სალათებს, ფაფებს ან სეზამის მარცვლებში ამოვლებული ფინიკის ბურთულები მოიმზადოთ.

მოერიდეთ რაფინირებული შაქრის შემცველ ტკბილეულს - საკვები პროდუქტები რომლებიც შაქარს შეიცავს სისხლში შაქრის შემცველობის უეცარ მატებას იწვევს, რაც თავს ბევრად ენერგიულად გაგრძნობინებთ. თუმცა ეს ეფექტი მალევე ქრება და ლეთარგიულობის შეგრძნებაში გადადის. ამიტომ ზამთარში, როდესაც თქვენი სხეული ისედაც ძილიანობისკენაა მიდრეკილი, ეცადეთ მოერიდოთ ისეთ საკვებს როგორებიცაა: დესერტები, თეთრი ფქვილით და შაქრით დამზადებული ცომეული, ლიმონათები, შაქრიანი წვენები და სხვა.

ჭამეთ საკვები, რომელიც ენერგიას შეგმატებთ - ზაფხულის გასვლის შემდეგ, არსებობს ცდუნება, რომ უარი თქვათ სალათებზე და უფრო მეტად სახამებლით მდიდარ საკვებს მიეძალოთ, როგორებიცაა პური, კარტოფილი, პასტა და ა.შ. ეცადეთ არ დაივიწყოთ ხილი და ბოსტნეული და თქვენს რაციონში მათ ისევ მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმოთ. ცოცხალი, ან თერმულად ნაკლებად დამუშავებული ხილი და ბოსტნეული ენერგიას საგრძნობლად შეგმატებთ.

რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ დღის სინათლეზე - დღის შუქი ხელს უშლის მელატონინის გამოყოფას. ამიტომ, როგორც კი გათენდება, ეცადეთ ადგეთ და  მაქსიმალურად ბევრი დრო დღის შუქზე და სუფთა ჰაერზე გაატაროთ. თბილად ჩაიცვით და გაისეირნეთ, მიუხედავად უამინდობისა. შინ ყოფნისას მოერიდეთ ბნელ ფარდებს და რაც შეიძლება მეტი სინათლე შემოუშვით სახლში.  

მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი - არსებობს მითი, რომ ჰიდრატაციაზე ზრუნვა მხოლოდ ზაფხულშია საჭირო. ზამთარში, როდესაც საკმაოდ ბევრი გაცვიათ, შენობებში გათბობის სისტემები მუშაობს და, უმეტესწილად, ისეთი ცხელ სასმელებს (ჩაი, ყავა) ეტანებით, რომლებიც შარდმდენებს წარმოადგენენ, მნიშვნელოვანია წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. გაუწყლოება ავტომატურად გამოიწვევს გამოფიტვას და ენერგიის დაკარგვას.  

ივარჯიშეთ - ზამთრის ცივ დღეებში, როდესაც სხეული თბილ პლედში გახვევისა და არაფრის კეთებისკენაა მიდრეკილი, მნიშვნელოვანია არ გაზარმაცდეთ და იმოძრაოთ. განსაკუთრებით კარგია დილით ვარჯიში, იდეალურ შემთხვევაში კი სულაც გარეთ ვარჯიში, სეირნობა ან სირბილი. ეს თქვენს ბიოლოგიურ რიტმს დილიდან გააქტურებს და მთელი დღის განმავლობაში ბევრად მეტი ენერგია გექნებათ. განსაკუთრებით კარგია გაწელვები, რადგან გაწელვა ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მეტ სისხლს აწვდის თქვენს კუნთებს. შედეგად კი ნაკლები ენერგიის გამოყენებით, უფრო მარტივად და ეფექტურად იმოძრავებთ.

თუ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიუხედავად, თქვენი დაღლილობა ძალიან დიდხანს გრძელდება და ხელს გიშლით სრულფასოვან ფუნქციონირებაში, სასურველია მიმართოთ ექიმს, რადგან მუდმივი გამოფიტულობა შესაძლოა გარკვეული დაავადების მანიშნებელი იყოს (ანემია, ფარული ანთებითი პროცესი ან ინფექცია და სხვა).

გამოქვეყნების თარიღი: 13 იანვარი, 2022წ

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები