ძირი:
150 გ ორცხობილა
70 გ კარაქი
მწიკვი მარილი
ჩიზქეიქის მასა:
3 კვერცხი
150 გ შაქარი
1 ლიმონის ცედრა
120 გ ლიმონის წვენი
4 ფირფიტა ჟელატინი (10 გ)
320 გ კრემ-ყველი
130 გ ნაღები (33-35%)
50 გ შაქრის პუდრი
კრემი შანტი:
150 გ მასკარპონე
150 გ ნაღები (33-35%)
35 გ შაქრის პუდრი
1 ჩ.კ ვანილის პასტა ან ექსტრაქტი (სურვილისამებრ)
ლიმონის მარმელადი:
1 ლიმონი
2 ს.კ შაქარი
მოვამზადოთ ჩიზქეიქის ძირი – ორცხობილა დავატრიალოთ ჩოპერში, დავუმატოთ დამდნარი კარაქი და მარილი. უნდა მივიღოთ სველი მასა, რომელსაც ჩავდებთ ყალიბში და კარგად მოვასწორებთ. გამოყენებამდე ვინახავთ მაცივარში. სასურველია ყალიბს ირგვლივ გავაყოლოთ საკონდიტრო ლენტი, ასე უფრო მარტივად ამოვიღებთ და გვერდებიც იდეალური დარჩება.
ჩიზქეიქის მასის მოსამზადებლად ჟელატინის ფირფიტები ჩავდოთ ცივი წყლით სავსე ჯამში. გავამზადოთ მშრალი, სუფთა ჯამი და საწური. ქვაბში მოვათავსოთ კვერცხი, ლიმონის ცედრა, წვენი და შაქარი, შემოვდგათ ცეცხლზე და ხელის სათქვეფით განუწყვეტელი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, პირველივე წამოდუღებისას კრემი მოვხსნათ ცეცხლიდან და გადავწუროთ საწურზე, დავუმატოთ გაწურული ჟელატინი და კარგად ამოვურიოთ ჟელატინის სრულ გახსნამდე. ლიმონის კრემი შევაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
მიქსერით ავთქვიფოთ კრემ-ყველი, ნაღები და შაქრის პუდრი, უნდა მივიღოთ პრიალა, ოდნავ მყარი მასა, ზედმეტად არ გადათქვიფოთ. Შეგრილებულ ლიმონის კრემს შევურიოთ თითო კოვზი კრემ-ყველის მასა და ფრთხილად მოვურიოთ, საბოლოოდ გავაერთიანოთ და კარგად გადავთქვიფოთ, ჩავასხათ ყალიბში, მოვასწოროთ და შევინახოთ მაცივარში მთელი ღამით.
ლიმონის მარმელადისთვის პატარა ქვაბში მოათავსეთ შაქარი, 1 ს.კ წყალი და 1 დიდი ლიმონის რბილობი, დაჭრილი პატარა სეგმენტებად. Ხარშეთ ვიდრე მასა არ შესქელდება, 2-5 წუთი.
შანტის მოსამზადებლად ათქვიფეთ მასკარპონე, ნაღები და შაქარი, დაუმატეთ ვანილის პასტა სურვილისამებრ, თქვიფეთ მყარი კრემის მიღებამდე. Საკონდიტრო ტომრით დასვით კრემის ბურთები ჩიზქეიქზე და კოვზით გადაანაწილეთ მარმელადი.