დღეს, როდესაც ცხოვრების ისედაც სწრაფ და გადატვირთულ რეჟიმს პანდემიის სტრესიც დაემატა, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე განსაკუთრებულად იზრუნოთ. როგორც მოგეხსენებათ, სტრესს დამანგრეველი ეფექტი აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა არსებული სიტუაციიდან გამოსავალი ადამიანში ბუნებრივადაა ჩადებული. სტრესთან საბრძოლველად შესაძლებელია ბედნიერების ჰორმონების გამომუშავების სტიმულირება.
არსებობს სხვადასხვა ტიპის ბედნიერების ჰორმონი, რომელთაგანაც ყველაზე ხშირად, ალბათ, ენდორფინის, დოპამინის, ოქსიტოცინისა და სეროტონინის შესახებ გსმენიათ.
ამ შემთხვევაში, განვიხილოთ თუ რას წარმოადგენს ენდორფინი და როგორ ვასტიმულიროთ ორგანიზმში მისი გამოყოფა. სიტყვა ენდორფინი მოდის სიტყვებიდან „endogenous“, რაც ორგანიზმის შიგნით წარმოქმნილს ნიშნავს, და „morphine“, რომელიც ტკივილგმაყუჩებელ საშუალებას წარმოადგენს, ოპიუმის ალკალოიდს. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ენდორფინი ბუნებრივი წარმოშობის ტკვილგამაყუჩებელი საშუალებაა.
ორგანიზმში ენდორფინების გამოყოფის სტიმულირების ეფექტური საშუალებებია:
არომათერაპია – არომათერაპიის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 3500 წლით ადრე იწყება. ის გულისხმობს სხვადასხვა ეთერზეთისა და მცენარეული ექსტრაქტის გამოყენებას ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. ეთერზეთების შესუნთქვას ან მათ შეწოვას (კანზე წასმით), რეალური სამკურნალო შედეგის გარდა, ანტიდეპრესიული მოქმედებაც ახასიათებს. გარკვეული არომატები შესუნთქვის გზით, პირდაპირ აღწევს თავის ტვინის ლიმფურ ნაწილში. ენდორფინების გამოყოფას ხელს უწყობს ისეთი ეთერზეთები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის: ლავანდა, ციტრუსები (ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ბერგამოტი), ილანგ-ილანგი და სხვა.
სიცილის თერაპია – სიცილი ერთ-ერთი საუკეთესო წამალია და ეს ხუმრობა სულაც არ არის. ის ხელს უწყობს ენდორფინების გამოყოფას, სტრესის დაძლევას, იმუნური სისტემის გაძლიერებას, გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ა.შ. მას ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოსაც კი უწოდებენ. ასე რომ, არაფერი სჯობს მეგობრებთან ერთად (ან თუნდაც მარტო) გულიან, „მუცლის ტკივილამდე“ სიცილს. სიცილს რეალურად იმდენი სარგებლის მოტანა შეუძლია, რომ არსებობს ალტერნატიული ფსიქოლოგიური თერაპიის ფორმაც კი, რომელსაც სიცილის თერაპიას ან სიცილის იოგას უწოდებენ. ის ემყარება სიცილისა და იუმორის გამოყენებას პაციენტების განწყობისა და სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემის გაუმჯობესების მიზნით.
საკვები, რომელიც ხელს უწყობს ენდორფინების გამოყოფას – არსებობს გამოთქმა – „ჩვენ ვართ ის, რასაც მივირთმევთ“. საკვები, რომელსაც ჩვენს ორგანიზმს ვაწვდით, პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი სხეული და გონება. თავადაც დააკვირდით, სხვადასხვა საკვების მიღების შემდეგ თავს სხვადასხვანაირად იგრძნობთ. შესაძლოა, ენერგიაზე მოხვიდეთ და განწყობაც გაგიუმჯობესდეთ, ან, პირიქით – თავი ძალიან დაღლილად და უმოქმედოდ იგრძნოთ. ენდორფინების გამოყოფაში შემდეგი საკვები დაგეხმარებათ: შავი შოკოლადი, ფორთოხალი, მარწყვი, თხილეული, მარცვლეული, ბანანი, ცხარე საკვები, ჟენშენი, ვანილი და კაკაო.
ვარჯიში და ფიზიკური აქტიურობა – ალბათ შეგინიშნავთ, რომ ვარჯიშის და ინტენსიური სეირნობის შემდეგ ამაღლებულ განწყობაზე ხართ. ეს სწორედ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, პულსის აჩქარების შედეგად გამომყოფილი ენდორფინების დამსახურებაა. თანამედროვე პროტოკოლის მიხედვით, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის კვირაში მინიმუმ 150 წუთიანი საშუალო ინტენსივობის ან 75 წუთიანი მაღალი ინტენსივობის ვარჯიშით უნდა დაკავდეთ.
მედიტაცია – მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ყოველდღიური 30 წუთიანი მედიტაცია ამცირებს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის, გამოყოფას და, იმავდროულად, ხელს უწყობს ენდორფინების გამომუშავებას. საღამოს მედიტაცია დღის განმავლობაში დაგროვილი სტრესისა და უარყოფითი ენერგიისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ.. დილის მედიტაცია კი – საშუალებას მოგცემთ, ყოველდღიურობას წინასწარ მომზადებული, სასიამოვნოდ მოდუნებული და ენერგეტიკულად დაცული შეხვდეთ.
მასაჟი და სხვა – შეხებაზე ორიენტირებული ნებისმიერი თერაპიული მეთოდი, როგორებიცაა მასაჟი, ოკუპუნქტურა, ჰიდროთერაპია, ქიროპრაქტიკა და ა.შ. ასტიმულირებს ენდორფინების გამოყოფას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, იპოვოთ თერაპიის თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო და მისაღები ფორმა და, რა თქმა უნდა, პროფესიონალი თერაპევტი.
ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ. გამოხატეთ ყურადღება, სითბო და სიყვარული. საყვარელ ადამიანებთან სიახლოვე და სიყვარულის გაზიარება ენდორფინების გამოყოფის ყველაზე ეფექტური და სასიამოვნო გზაა.