შიმშილობა ჯანმრთელობის გაუმჯობესების საკმაოდ პოპულარული მეთოდია. ორგანიზმისთვის პერიოდულ შიმშილს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. არსებობს სხვადასხვა სახის შიმშილობა, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეს განვიხილავთ. შეგიძლიათ ის გზა აირჩიოთ, რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნება თქვენთვის.
დავიწყოთ იმით, თუ რა შეუძლია შიმშილობას:
- ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა
- ცხიმების წვა და ჭარბი წონის შემცირება
- სისხლში შაქრის შემცველობის რეგულირება და დიაბეტის რისკის შემცირება
- მეტაბოლიზმის დაჩქარება და საჭმლის მონელების სისტემის გაუმჯობესება
- სიცოცხლის გახანგრძლივება
- ტვინის მუშაობის გაუმჯობესება
- იმუნური სისტემის გაძლიერება
- ორგანიზმის სიმსივნისგან დაცვა და, ასევე, მკურნალობის პროცესის ხელშეწყობა
როცა ადამიანს შიმშილის გრძნობა უჩნდება, როგორც წესი, ეს არ არის რეალური შიმშილის შედეგი. ეს, უბრალოდ, ჩვევით გამოწვეული გრძნობაა – ორგანიზმი მიჩვეულია საკვების კონკრეტულ დროს მიღებას. ნამდვილი შიმშილის გრძნობა შეიძლება 6-7 საათის განმავლობაში საჭმლის მიუღებლობის შემდეგ გაჩნდეს, ისიც – თუ ფიზიკურად აქტიური ხართ. ასე რომ, თუ გგონიათ 4 საათში მოგშივდათ, ეს, უბრალოდ, ჩვევით, და არა შიმშილით გამოწვეული რეაქციაა.
შიმშილობის პრაქტიკას ბევრი კულტურა და რელიგია იყენებდა გონების გაწმენდისთვის, ცხოვრებისა და სამყაროს ენერგიის მიმართ მეტი „გახსნილობისთვის“. საკვების მონელებას საკმაოდ დიდი ენერგია სჭირდება. ამ დროს თვალებს თუ დახუჭავთ, მხოლოდ თქვენს კუჭს იგრძნობთ. ალბათ შეგიმჩნევიათ – „კარგად ჭამის“ შემდეგ კონცენტრაციაც რთული ხდება. მედიტაციების პრაქტიკები არაეფექტიანია საკვების მიღების შემდეგ. იოგის ასანების გაკეთება საერთოდ არ შეიძლება ჭამის შემდეგ 4 საათის განმავლობაში – ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს.
ზოგადად, თუ შეძლებთ, კარგი იქნება 8 საათიანი შუალედი დაიცვათ საკვების მიღებებს შორის. თუ ეს არ გამოგდით, მაშინ ეცადეთ მინიმუმ 5 საათიანი შუალედი მაინც უზრუნველყოთ, რადგან სწორედ ეს დრო სჭირდება ორგანიზმს მიღებული საკვების გადამუშავებისთვის. შუალედებში წახემსება არ არის კარგი – მთელი დღის მანძილზე თქვენი სხეული საკვების მონელებით იქნება დაკავებული და “ამოსუნთქვისთვის” დრო აღარ რჩება: ენერგიის დიდი წილი საკვების მონელებაში იხარჯება, თქვენ სხეულის მიერ ხართ დატყვევებული.
თუ თქვენი ასაკი 30-ს გადასცდა, ორგანიზმს შეუძლია დღეში ორჯერ საკვების მიღებითაც კარგად იგრძნოს თავი და თქვენც მეტი ენერგია გქონდეთ. სხვა შემთხვევაში, დღეში სამჯერ კვება სრულიად საკმარისია. შუალედის დროს ხემსებს მოერიდეთ.
თუ ამ წესების დაცვა გიჭირთ, მაშინ თვეში ერთხელ ან ორჯერ შეგიძლიათ გააკეთოთ შიმშილობის პრაქტიკა. ყველაზე მარტივი 24 საათის განმავლობაში საკვებზე უარი თქმაა. მაგალითად, შეგიძლიათ დილით 10 საათზე მიირთვათ და შემდეგ, მეორე დღეს ისევ 10 საათზე ჭამოთ. ან საღამოს მიირთვათ საკვები, მაგალითად – 7 საათზე, და მეორე დღის 7 საათამდე არაფერი ჭამოთ. ამგვარად, 24 საათიანი შიმშილობა გამოვა და მთელი დღე მშიერიც არ დარჩებით. თუ მთელი დღე არაფერს მიირთმევთ, ასე შიმშილობა 30 საათზე მეტი გაგრძელდება.
ზოგიერთს შეუძლია რამდენიმე დღე გადაბმულად, უპრობლემოდ იშიმშილოს, ზოგისთვის ერთი დღე შიმშილიც რთულია. ორგანიზმის მხრიდან სიგნალია სისუსტის გრძნობა, რაც თქვენი ლიმიტის მაჩვენებელია. სისუსტეში არ იგულისხმება ისეთი შეგრძნება, როგორიცაა, მაგალითად, სამსახურიდან დაბრუნებისას დაღლილობის შეგრძნება.
შევაჯამოთ შიმშილობის ვერსიები:
- დღეში სამჯერ ჭამა 5 საათიანი შუალედით (ამას შიმშილობას ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა)
- დღეში ორჯერ ჭამა 8 საათიანი შუალედით
- 24 საათიანი შიმშილობა
- მთელი დღე შიმშილობა
სცადეთ ის მეთოდი, რომელიც თქვენთვის უფრო მისაღებად გეჩვენებათ და დააკვირდით შედეგებს. პირველი ორი ვერსია ყოველდღიურობაში შეგიძლიათ შეიტანოთ. თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი გონება უკეთესად იმუშავებს და მეტი ენერგია გექნებათ. არ შეშინდეთ, თუ პირველ ხანებში არასასიამოვნო შეგრძნებები დაგეუფლებათ – შიმშილობის დროს ორგანიზმიდან ტოქსინები გამოიდევნება, რაც იწვევს ასეთ რეაქციებს. შიმშილობის დროს არ დაგავიწყდეთ წყლის დიდი მოცულობით მიღება, მაგრამ არა ჩაის, ყავის, წვენის თუ გაზიანი სასმელების (მინერალური წყალი შეიძლება მიირთვათ უგაზოდ).
ბევრის აზრით, ხშირი და მცირე პორციებით კვება ყველაზე სასარგებლოა. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ორგანიზმი მთელი დღე დაკავებული იყოს საჭმლის მონელებით და ეს სასარგებლო იყოს (?!). ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ უნდა სცადოთ შიმშილობის სხვადასხვა მიდგომა და გადაწყვიტოთ რომელია უკეთესი თქვენი ორგანიზმისთვის.
როგორ მიიღოთ გადაწყვეტილება? თუ თავს გრძნობთ ენერგიულად და მსუბუქად, თუ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ეფექტიანი ხდება, მაშინ ეს იმის ნიშანია, რომ თქვენთვის მისაღები და სასარგებლო ვერსია შეგირჩევიათ!