ჯანსაღად რომ იკვებოთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რას, არამედ – როდის მიირთმევთ. ეს პრინციპი ზოგიერთი ქვეყნის ტრადიციაში ღრმად არის ფესვგადგმული. მაგალითად, სამხრეთ ინდოეთში ზამთარში, ზაფხულსა და წვიმების სეზონზე სხვადასხვა ტიპის საკვებს მიირთმევენ. ეს ჩვევა იოგური და აიურვედული ტრადიციებიდან მოდის, თუმცა საყოველთაო კულტურის ნაწილი გახდა და მოსახლეობის დიდი ნაწილი სრულიად გაუცნობიერებლად მისდევს მას. საქმე ისაა, რომ სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ტიპის საკვების მიღება ორგანიზმს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავებაში ეხმარება.
საკვებს ორ ტიპად ყოფენ: „ცივი საკვები“ და „ცხელი საკვები“.
„ცხელი საკვები“ ის საკვებია, რომლის მონელებისთვის ორგანიზმს შედარებით დიდი დრო ესაჭიროება. ასეთი საკვების მონელების პროცესში სხეულს მეტი ენერგიის დახარჯვა უწევს, რაც სითბოს გამოყოფას განაპირობებს და, შედეგად, თქვენ თბებით. ამ პროცესს „თერმოგენეზისი“ ეწოდება.
„ცხელი საკვების“ კატეგორიაში ძირითადად ის საკვები ხვდება, რომელიც შედარებით დიდი რაოდენობით ცილას, ცხიმს და ნახშირწყლებს შეიცავს. გთავაზობთ „ცხელი საკვების“ მოკლე ჩამონათვალს.
სეზამის მარცვლები. სეზამის მარცვლები აზიის ქვეყნებში სხეულის „ბუნებრივ გამათბობლად“ მიიჩნევა. გარდა სხეულში სითბოს გენერირებისა, სეზამი აუმჯობესებს მონელების სისტემას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს წნევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას და სხვა. სწორედ ამიტომაა, რომ ინდოეთში ზამთარში განსაკუთრებით მრავალფეროვან სეზამის მარცვლების ტკბილეულს ამზადებენ.
ხორბალი. შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზე რეკომენდებულია უფრო დიდი რაოდენობით ხორბლის პროდუქტების მიღება. ხორბალში შემავალი ბოჭკოს გადამუშავებას შედარებით დიდი დრო სჭირდება, მისი მონელების პროცესში კი დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯება, რაც თქვენი სხეულის გათბობას იწვევს.
ბოლქვოვანი ბოსტნეული. ბოლქვოვნებში შედის კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო. სხეულში სითბოს გენერირების გარდა, ბოლქვოვნები დიდი რაოდენობით შეიცავს A და C ვიტამინს და მანგანუმს, რაც მათ ზამთარში აუცილებლად მისაღებ საკვებად აქცევს.
თხილეული და ფინიკი. მიწისთხილი, ქეშიუ, ფისტა, ნუში და ფინიკი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ზრდის თქვენი სხეულის ტემპერატურას.
რუხი ბრინჯი. რუხი ბრინჯი შეიცავს უფრო რთულ ნახშირწყლებს, ვიდრე, მაგალითისთვის, თეთრი ბრინჯი, პასტა ან თუნდაც პური. შესაბამისად, მისი მონელება მეტ ენერგიას ითხოვს და სხეულშიც მეტი სითბო გენერირდება.
ყველაზე გავრცელებული „ცხელი საკვების“ სიაში ასევე შედის ნიორი, ხახვი, ჯანჯაფილი, მდოგვი, შავი წიწაკა, სხვადასხვა ცხარე სანელებელი.
როგორც ჩანს, საკვების არჩევანს პირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენი სხეულის ტემპერატურაზე. მიირთვით ზემოთ ჩამოთვლილი ჯანსაღი და ბუნებრივი საკვები ზამთარში და სხეულის გათბობასთან ერთად, ჯანმრთელობისთვის საჭირო ბევრ სხვა სარგებელსაც მიიღებთ.