ზაფხულის სეზონი ყოველთვის დასვენებასთან ასოცირდება, რომელსაც ბევრი ადამიანი მთელი წლის განმავლობაში სულმოუთქმელად ელოდება. ამადროულად ეს პერიოდი ხშირად უკავშირდება რეჟიმიდან ამოვარდნას და აქედან გამომდინარე ჯანსაღი კვებაც თითქოს რთულდება. აუცილებელია გავიხსენოთ, რომ ჯანსაღი კვება გულისხმობს საკვების დაბალანსებულ მიღებას და არ ითვალისწინებს კატეგორიულ შეზღუდვებს. ჯანსაღი კვების მთავარი პრინციპია ბალანსის პოვნა და არა აკრძალვების დაწესება. დასვენების დროს ეს ბალანსი განსხვავებულ ფორმას იღებს, რადგან ეს პერიოდი არ არის ჩვენი ყოველდღიური რეჟიმი. ამ დროს ვმოგზაურობთ, ვისვენებთ, ნაკლებს ვმუშაობთ და უფრო მეტ დროს ვატარებთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. მოგზაურობასთან ერთად კი გვსურს სხვადასხვა ქვეყნის თუ კუთხის სამზარეულოც დავაგემოვნოთ და გავეცნოთ მათ გასტრო-კულტურას.
ეს 5 პრაქტიკული რჩევა გაგიმარტივებთ ჯანსაღ კვებას ზაფხულის დასვენების დროს:
- სეზონური პროდუქტების ძალა
საქართველო ზაფხულში განთქმულია ადგილობრივი ხილისა და ბოსტნეულის ფართო არჩევანით. გარდა იმისა, რომ ამ სეზონის ხილი და ბოსტნეული არაჩვეულებრივი გემოთი გამოირჩევა, ასევე უჯრედისის და უამრავი მიკროელემენტის, ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. მათი მირთმევა სხვადასხვა ფორმით შეგვიძლია, როგორც ცოცხალი სახით სალათებში თუ წასახემსებლად, ასევე დამუშავებული სახით სხვადასხვა კერძებში. დასვენების დროს შეგვიძლია ბოსტნეულის და ხილის უპირატესობები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ყოველთვის დარწმუნდით, რომ სუფრას ამშვენებს დიდი, გემრიელი და ფერადი სალათა. თუ გარნირად კერძთან ბოსტნეულს მიირთმევთ, ამით თქვენს ორგანიზმს საჭირო ნუტრიენტებსაც მიაწოდებთ და ამავდროულად დიდი რაოდენობით კალორიებსაც დაზოგავთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ხილ-ბოსტნეულის წყლის დიდი შემცველობით გამოირჩევა, რაც დაგეხმარებათ თავი დაიცვათ დეჰიდრატაციისგან. მაღალი წყლის შემცველობით გამოირჩევა შემდეგი პროდუქტები: კიტრი, ნესვი, საზამთრო, ყაბაყი, მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, კენკრა...
- გონივრული ულუფები
ეს ერთ-ერთი ჯადოსნური რჩევაა ბალანსისთვის. შეგიძლიათ საერთოდ არ თქვათ უარი ახალი, გემრიელი და ნოყიერი კერძების თუ დესერტების გასინჯვაზე. უბრალოდ მთავარია რაოდენობა გაითვალისწინოთ, ხოლო თუ კერძს საყვარელ ადამიანს გაუზიარებთ, ეს გონივრული ულუფების კონტროლის ყველაზე მარტივი გზაა. ნუ შეუკვეთავთ დიდი რაოდენობით საკვებს თავიდანვე, სანამ არ დარწმუნდებით, რომ შეძლებთ მათ მირთმევას. ეს მიდგომა თქვენს ორგანიზმზე და ზოგადად გარემოზეც დადებითად აისახება.
- აირჩიეთ წყალი
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყველამ ვიცით, თუ როგორი მნიშვნელოვანია ზაფხულის ცხელი დღეების დროს წყლის ბალანსის შენარჩუნება ორგანიზმში. სწორედ ეს ბალანსი უზრუნველყოფს ჩვენს ენერგიულობას და გვიცავს გამოშრობისგან. განსაკუთრებით თუ დასვენების დროს მზეზე გვიწევს ყოფნა, მაშინ წყლის მიღების აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ყოველთვის შეეცადეთ თან იქონიოთ წყლით სავსე ჭურჭელი და გაზარდოთ წყლის მიღება ცხელ დღეებში. ნუ ჩაანაცვლებთ წყალს სხვა სასმელებით, განსაკუთრებით, როგორიცაა ტკბილი, გაზიანი და ალკოჰოლის შემცველი პროდუქტები. შაქრით გაჯერებული სასმელები კიდევ უფრო ამძაფრებს დროთა განმავლობაში წყურვილის შეგრძნებას, ხოლო ალკოჰოლი თავისი მოქმედებით ხელს უწყობს დეჰიდრატაციის პროცესს.
- ჯანსაღი ხემსი
ხემსი ჯანსაღ კვებაში ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს იკავებს. მისი დანიშულებაა დროებით, მსუბუქად დანაყრება, რაც გვეხმარება ძალების აღდგენაში და გვიცავს მომდევნო კვების დროს ჭარბი რაოდენობით საკვების მიღებისგან. ზაფხულის დასვენების დროს, როდესაც გარეთ დიდ დროს ვატარებთ შეგვიძლია წინასწარ გავითვალისწინოთ დღის რაციონში მარტივი ხემსი. მნიშნელოვანია, როგროგორც ყველა კვების დროს, ასევე ხემსიც დაბალანსებული იყოს სამივე მაკრონუტრიენტით: ნახშირწყლებით, ცილებით და ცხიმებით. ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ზაფხულის ხემსი შეიძლება იყოს მაწონი კენკრასთან და თხილეულთან ერთად, რომელიც სასიამოვნო სიმსუბუქით გამოირჩევა.
- აქტიური დასვენება
დასვენების დრო აქტიურად შეგვიძლია გამოვიყენოთ ფიზიკური დატვირთვისთვის. თუ გაქვთ დრო და სურვილი, რომ ივარჯიშოთ მშვენიერია, მაგრამ ეს აუცილებელი საერთოდ არ არის. შეგიძლიათ უარი თქვათ ტრანსპორტის მუდმივად გამოყენებაზე და ბევრი იაროთ ფეხით ან ველოსიპედით. ზაფხულის საღამოს მეგობრებთან ერთად სეირნობა ძალიან სასია მოვნოადა ამავდროულად ძალიან სასარგებლოცაა.
მოცემული რჩევების გათვალისწინებასთან ერთად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უნდა ვისიამოვნოთ ზაფხულის ფერადი დღეებით და ნაკლებად დავსტრესოთ ჩვენი თავი ჯანსაღი კვების იდეალურად დაცვით. ეს დასვენება უმეტესად ცოტა ხანს გრძელდება, ამიტომ შევეცადოთ მაქსიმალურად შევირგოთ ეს დღეები.