როგორ გავაღვივოთ დადებითი ემოციები
3 წუთიანი საკითხავი
როგორ გავაღვივოთ დადებითი ემოციები

ალბათ, იშვიათად შეგხვდებათ მუდმივად პოზიტიურ განწყობაზე მყოფი ადამიანი, რომელიც სამყაროსადმი ოპტიმისტურ ხედვას ინარჩუნებს და ყოველდღიური წვრილმანებიდანაც კი ცხოვრების სტიმულს იღებს. სამწუხაროდ, ჩვენი გარემო ხშირად ნეგატიური მოვლენებითაა დატვირთული, რომლებიც თითოეულ ინდივიდზე ახდენენ გავლენას და ხშირად განსაზღვრავენ ჩვენს ემოციებს, დამოკიდებულებებს და ჩვევებსაც კი. ეს ბუნებრივიცაა - ხშირად, რთულია შევინარჩუნოთ პოზიტიური ხედვა ცხოვრების მიმართ მაშინ, როცა ჩვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენები მხოლოდ საპირისპიროსკენ გვიბიძგებენ, თუმცა, ადამიანებს გვავიწყდება, რომ კეთილდღეობის გარეგან წყაროებთან ერთად, საკმაოდ დიდი შინაგანი რესურსის მატარებლები ვართ, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურობაზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია. 
„პოზიტიურად ყოფნა“, შეიძლება, საკმაოდ ბანალურად და პრიმიტიულად ჟღერდეს, თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა - პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას დრო და მუდმივი პრაქტიკა ესაჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ადამიანს, თითქოს, პოზიტიური აზროვნების უნარი თანდაყოლილად აქვს, კვლევები ადასტურებს, რომ ოპტიმისტური განწყობა ჩვევაა, რომლის გამომუშავებაც შესაძლებელია. 
ხშირად, ადამიანებს სურვილი აქვთ, შეხედონ მომავალს ოპტიმისტურად, მაგრამ ნეგატივისგან და წარსული უარყოფითი გამოცდილებისგან გათავისუფლებას ვერ ახერხებენ.  პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებისათვის ფსიქოლოგები ჩვენს ცხოვრებაში რამდენიმე მეთოდის წესად დანერგვას გვირჩევენ. 
ამ სტატიაში გაგაცნობთ კვლევაზე დაფუძნებულ ხუთ მეთოდს, რომელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა ჩვენში პოზიტიურ ემოციებს აღვივებს და მეტი დადებითი გამოცდილების დაგროვებაში გვეხმარება. ხუთივე მეთოდი უკავშირდება ტვინის ნეიროპლასტიკას და უნარს, მოახდინოს ცვლილება ყოველდღიური ფიქრებითა და ჩვევებით, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში, შეიძლება, ამ ცვლილებას ვერ აღვიქვამდეთ. თუმცა, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ამ სავარჯიშოების კეთება გავლენას ახდენს ტვინზე, ცვლის ჩვენს განწყობას და დამოკიდებულებებს.

დღის დაწყება მადლიერებით - პოზიტიური ფსიქოლოგიის თანახმად, მადლიერების გრძნობა ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე დადებითი მოვლენების შეცნობა და აღიარებაა. ისინი, ვინც მეტად გრძნობენ მადლიერებას, ნაკლებად ექვემდებარებიან სტრესისა და ნეგატივის უარყოფით გავლენებს. შესაბამისად, გაცილებით უფრო ჯანსაღად გრძნობენ თავს როგორც მენტალურად, ისე - ფიზიკურად. იმისათვის, რომ მადლიერება უკეთ განიცადოთ, აწარმოეთ დღიური და ყოველი დღის დასაწყისში ჩამოწერეთ, რისთვის ხართ მადლიერი. ეს დაგეხმარებათ, დღე პოზიტივზე კონცენტრირებით დაიწყოთ და თქვენს თავს შეახსენოთ, რომ მადლიერების არაერთი მიზეზი გაქვთ. ინდიანას უნივერსიტეტის ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ მადლიერების გრძნობა ჩვენს ტვინს ტოქსიკური ემოციებისგან დაცლაში ეხმარება და ტვინის იმ უბნებსაც კი ააქტიურებს, რომლებიც დასწავლასა და გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი.

საკუთარი თავის შექება - როგორც წესი, ჩვენ განუხორციელებელ გეგმებს უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე - განხორციელებულს. მიიჩნევა, რომ ამას თავისი ევოლუციური მიზეზი აქვს და ისტორიულად საკუთარი თავის მტაცებლისგან თუ სხვა ბუნებრივი საფრთხეებისგან დაცვაში გვეხმარებოდა. თუმცა, დღეს ნეგატივზე ამ დოზით “ჩასაფრების” საჭიროება აღარ არის და, პირობითად, დღის განმავლობაში შეუსრულებელი 2 საქმის გამო, სულაც არ ვიმსახურებთ, რომ შესრულებული 8-ის მნიშვნელობა უგულებელვყოთ. საკუთარი თავის მიმართ პოზიტიური უკუკავშირის გაცემა ნებისმიერი მცდელობისთვის შესაძლებელია. წაახალისეთ თქვენი თავი მაშინაც, როცა, გამოწვევების მიუხედავად, საქმეს აგრძელებთ და მიზნისაკენ ისწრაფვით. ასეთი მიდგომა უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ, გადალახოთ ყოველდღიური სირთულეები და დააბალანსოთ თქვენს ტვინში წარმოქმნილი ნეგატიური აზრები, რათა თავი ზედმეტად არ დაისტრესოთ.

აფირმაციები - აფირმაცია მოკლე, მტკიცებითი წინადადებაა და გამოხატავს ჩვენს სურვილს, რომლის რეალობად ქცევა გვინდა. პოზიტიური აფირმაციები დადებითი მოვლენებისა და ემოციების მოზიდვისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდად მიიჩნევა. უმჯობესია, აფირმაციას დილით, მშვიდ და აუჩქარებელ მდგომარეობაში მიმართოთ, რათა დღე ნაყოფიერად დაიწყოთ და პოზიტიურად განეწყოთ. არსებობს როგორც ყოველდღიური („მე შემიძლია, დღეს დავასრულო სამსახურში დაწყებული საქმე“), ისე - გრძელვადიანი აფირმაციები („მე განვსაზღვრავ საკუთარ ცხოვრებას და სასარგებლო გადაწყვეტილებებს ჩემი ჯანმრთელობისთვის“). ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ აფირმაციის შედგენისას მოვახდინოთ აზრის პოზიტიურად („მე მინდა/მე მზად ვარ“) ფორმულირება, და არა - ნეგატიურად („მე არ მინდა...“).

აწმყოში ცხოვრება - ხშირად, მომავლისადმი შიში ან წარსულის ნეგატიური გამოცდილებები ჩვენში იმხელა შფოთს და სტრესს იწვევს, რომ დღევანდელ დღეს მომხდარი დადებითი მოვლენების აღქმა და გაანალიზება გვავიწყდება. თუმცა, ასეთ დროს, საჭიროა გავიაზროთ, რომ წარსულზე ნერვიულობით ახლა არაფერი შეიცვლება, მომავალზე დარდი კი, შესაძლოა, უსაფუძვლოც აღმოჩნდეს. ასეთი ფიქრები დიდ ენერგიას გვართმევენ და ცხოვრებისადმი ნეგატიურად განგვაწყობენ. მოვლენები დღეს, აქ და ახლა ვითარდება, მათი უგულებელყოფა კი სასიამოვნო მომენტების აღქმაში ხელს გვიშლის. თუ მხოლოდ აწმყოზე კონცენტრირდებით და დააკვირდებით, რა ფაქტორები ზემოქმედებენ თქვენზე, საკუთარი ემოციების და თქვენზე ზეგავლენის მქონე მოვლენების უკეთ მართვას შეძლებთ.

სხვების დახმარება - სხვებზე ზრუნვა ადამიანში პოზიტიურ ცვლილებებს იწვევს, და, ამასთან, საკუთარ საჭიროებას უკეთ შეაგრძნობინებს. გახსოვდეთ, რომ სიკეთის კეთებით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ეხმარებით. როდესაც სხვა ადამიანისგან მადლიერებას იღებთ, თქვენც დადებითი ემოციებით ივსებით და მეტად შეიგრძნობთ თქვენს შინაგან ძალას. 

ხშირად, ადამიანებს ჰგონიათ, რომ „კარგად ყოფნა“ ცხოვრებაში მომხდარი ყველა ნეგატიური გამოცდილების „დაბლოკვას“ და მოვლენების ვარდისფერი სათვალით ყურებას გულისხმობს. თუმცა, პოზიტიური აზროვნება ცხოვრებაში არსებული ყველა არასასურველი ინფორმაციის უგულებელყოფას არ გულისხმობს.  გახსოვდეთ, რომ პოზიტიურ აზროვნება ერთ დღეში არ მიიღწევა - მას მუდმივი და ყოველდღიური მუშაობა სჭირდება. ზემოთ ჩამოთვლილი სავარჯიშოების მეშვეობით ყველას შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენს ტვინში დადებითი ემოციებისა და ფიქრების წარმომქნელი ნეირო გზები!  
 

გამოქვეყნების თარიღი: 03 თებერვალი, 2022წ
ავტორი

Bloomin.ge

მოძებნეთ პროდუქტი, რეცეპტი, ბლოგი ან ვიდეო

გამოიწერეთ სიახლეები