იმუნური სისტემა უჯრედების, ცილებისა და ქსოვილების კომპლექსური ერთობლიობაა, რომელიც ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისა და ვირუსისგან იცავს. მას აქვს უნარი, დაიმახსოვროს ყველა მიკრობი და ბაქტერია, რომელიც უკვე დაამარცხა, რათა ხელმეორედ დაავადების შემთხვევაში, უფრო სწრაფი და ეფექტური რეაგირება შეძლოს.
იმუნური სისტემის მწყობრიდან გამოსვლა იწვევს სხვადასხვა ავტოიმუნურ დაავადებას და პათოლოგიას, იმუნურ დეფიციტს და ალერგიულ დაავადებას. რაც უფრო ძლიერია თქვენი იმუნური სისტემა, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ ავად გახდეთ, ავად გახდომის შემთხვევაში კი, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებით.
არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი იმუნიტეტი. თანდაყოლილი იმუნიტეტი გენეტიკურად გადმოგვეცემა, შეძენილ იმუნიტეტზე კი ჩვენი ცხოვრების წესი ახდენს გავლენას. მათ შორის: კვების სტილი, ფიზიკური აქტივობა, ძილის რეჟიმი, სტრესი და ა.შ.
შემოდგომისა და ზამთრის სუსხიან ამინდებში რესპირაციული ვირუსები აქტიურდება. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში საკუთარ ჯანმრთელობასა და იმუნიტეტის გაძლიერებაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ჯანმრთელობაზე მთელი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ. ამ ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი სწორი კვებაა. ეცადეთ, თქვენი რაციონი მუდმივად მდიდარი იყოს სხვადასხვა ვიტამინის, მინერალისა და ანტიოქსიდანტის შემცველი საკვებით. იმუნიტეტის გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ელემენტები: C, E, A და D ვიტამინები, რკინა, თუთია, სელენი.
გთავაზობთ ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი სასმლების რეცეპტებს, რომლებიც იმუნიტეტის ერთგვარ „ბუსტერებს“ წარმოადგენს და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება:
თაფლიანი წყალი კურკუმით – ეს ძალიან მარტივად მოსამზადებელი სასმელი ეფექტურად დაგიცავთ ვირუსული ინფექციებისგან. სასმლის მოსამზადებლად ცხელ წყალში გახსენით ცოტაოდენი თაფლი და კურკუმა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ პიტნა ან ქინძიც დაამატოთ.
კურკუმა ძალიან ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ანტიოქსიდანტია. მკვლევართა გარკვეული ჯგუფის მოსაზრებით, კურკუმას იმუნიტეტის სტიმულირება სხვადასხვა იმუნური დარღვევის მქონე ადამიანებშიც შეუძლია. თაფლს კი ძლიერი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მახასიათებლები აქვს.
ცხელი ლაიმის ან ლიმონის წვენი – ეს სამინგრედიენტიანი მარტივი რეცეპტი აზიის ქვეყნებში თაობებიდან თაობებს გადაეცემა და ერთგვარი ელექსირია ყელის ტკივილისა და ვირუსების შემოტევის დროს. 250 მლ ცხელ წყალს დაუმატეთ 1 ცალი ლიმონის ან ლაიმის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 2 ჩაის კოვზი ქოქოსის შაქარი.
100 გ ლიმონი C ვიტამინის დღიური ნორმის დაახლოებით 90%-ს შეიცავს. რაც შეეხება ქოქოსის შაქარს, ის ერთგვარი ელექტროლიტია. მის შემადგენლობაში შედის კალიუმი, მაგნიუმი და ნატრიუმი. ეს ელემენტები ორგანიზმში წყლის რაოდენობას არეგულირებს. ქოქოსის შაქარი დაახლოებით 400-ჯერ მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე – ჩვეულებრივი შაქარი. გარდა ამისა, ის შეიცავს რკინას, თუთიას, კალციუმსა და C ვიტამინს.
კენკრის მიქსი – კენკრის მიქსი ძალიან გემრიელი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იმუნიტეტის ასამაღლებელი სასმელია. მოსამზადებლად ჩაის ჭიქაში აურიეთ ცოტაოდენი თაფლი, შავი წიწაკის მარცვლები და წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი, დაამატეთ ლიმონის წვენი და კენკრის მიქსი (ჟოლო, მოცვი, შავი და წითელი მოცხარი).
კენკროვანი ხილი მიკროელემენტ პოლიფენოლს შეიცავს, რაც მას ანტიოქსიდანტებით ავსებს და მისთვის დამახასიათებელ ხასხასა შეფერილობასაც ანიჭებს. პოლიფენოლები ნაწლავის ბაქტერიებთან ურთიერთქმედებენ, ებრძვიან ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს და ხელს უწყობენ სწრაფსა და ეფექტურ იმუნურ რეაქციას.
ჯანჯაფილსა და შავ წიწაკას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინდურ ხალხურ მედიცინაში – აიურვედაში. ჯანჯაფილის შემადგენლობაში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერება ჯინჯეროლი, რომელიც მას ცხარე არომატს აძლევს, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით ხასიათდება. შავ წიწაკას კი – თავისი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გამო, ერთგვარ ბუნებრივ ანტიბიოტიკადაც კი მიიჩნევენ.
ამ გემრიელი და უზომოდ სასარგებლო სასმლების დალევასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ იმუნიტეტის გაძლიერებაში განწყობა და ემოციური მდგომარეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. აუცილებელია, გავუმკლავდეთ სტრესსა და შფოთვას, რომ დაავადება მარტივად არ მოგვერიოს.
P.S. გაითვალისწინეთ, რომ თაფლის ადუღება და ძალიან გაცხელება მას სასარგებლო თვისებებს უკარგავს. თაფლის წყალში გახსნისას ეცადეთ, რომ წყლის ადუღების შემდეგ რამდენიმე წუთი დაიცადოთ და მხოლოდ შემდეგ დაიწყოთ სასმლის მომზადება.