ადამიანის ტვინი სხეულის კალორიების დაახლოებით 20%-ს მოიხმარს, ამიტომ მასაც საკმაო საწვავი სჭირდება, რომ მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოს კონცენტრაციის უნარი. საკვები, რომელსაც თქვენ მიირთმევთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სწორი საზრდოს მიღებით, თქვენ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ მეხსიერება და კონცენტრირების უნარი.
გთავაზობთ რვა საუკეთესო არა-ცხოველურ საკვებს, რაც ტვინის გაუმჯობესებულ ფუქნციონირებას უზრუნველყოფს.
ნიგოზი
თუ დააკვირდებით, ნიგოზს ტვინის ფორმა აქვს. მსგავსი დამთხვევები სამყაროში ხშირად გვხვდება. ნიგოზი შეიცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, რაც ძალიან სასარგებლოა ტვინისთვის და არა მხოლოდ. გარდა ამისა, ნიგოზი დიდი რაოდენობით პროტეინებსაც შეიცავს, რაც განსაკუთრებით საჭიროა ვეგეტარიანელებისთვის. ტვინისთვის სხვა თხილეულიც ძალიან სასარგებლოა, თუმცა მათ შორის ნიგოზი მაინც გამორჩეულია.
ავოკადო
ავოკადო ერთ-ერთი ყველაზე ცხიმოვანი და სასარგებლო ხილია. იგი ორგანიზმს სისხლის მიმოქცევის გამუჯობესებაში ეხმარება და, შესაბამისად, კარგია ტვინისთვის. ასევე კარგია მათთვის, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს.
მოცვი
მეცნიერული კვლევების თანახმად, მოცვი ტვინისთვის ერთ-ერთ სუპერ საკვებად ითვლება. ამავდროულად, ის ძალიან გემრიელია და იცავს ტვინს სტრესისგან. ტვინისთვის ნებისმიერი სხვა ჯიშიც კენკრაც ძალიან სასარგებლოა.
ბროკოლი
ბროკოლი ბოსტნეულიდან პროტეინის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი წყაროა და, ასევე, შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინს, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს.
მწვანე ფოთლოვანები
ისპანახი, ჭარხლის ფოთოლი და ზოგადად მწვანილი ძალიან სასარგებლოა ტვინისთვის, ასევე შეიცავს ბევრ პროტეინს.
ქოქოსის ზეთი
ძალიან კარგი ცხიმოვანი საწვავია ტვინისთვის, რასაც დამატებით ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. მაგალითად, ანადგურებს ზიანის მომტან მიკრო ორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოს. ასევე წვავს ცხიმებს და კარგია წონაში დასაკლებად.
კურკუმა
ინგლისურად ტურმერიკი (turmeric), მცენარის ფესვია, რომლითაც ამზადებენ კარის – ცნობილ ინდურ სანელებელს. მის უამრავ სასარგებლო თვისებაზე ბოლო დროს ბევრი იწერება, რასაც მომავალში ცალკე ბლოგ პოსტს დავუთმობთ, რათა უკეთ გაიცნოთ ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო საკვები. ინდოეთში მას ათასწლეულების მანძილზე იყენებდნენ როგორც საკვებს, ასევე ბევრი სხვადასხვა წამლის მოსამზადებლად. კურკუმა ძალიან კარგია სისხლის მიმოქცევისთვის, ასევე სასარგებლოა მეხსიერებისთვის და ეხმარება ტვინს ახალი უჯრედების ზრდაში.
შავი შოკოლადი
ალბათ ყველასათვის ცნობილია, რომ შავი შოკოლადი სასარგებლოა ტვინისთვის. ამიტომ ის ბოლოსთვის შემოვინახეთ. მაგრამ ერთი დეტალი ნაკლებად ცნობილია – შავი შოკოლადი მინიმუმ 70% შემცველობის უნდა იყოს, რომ სათანადო სარგებლის მიღება შეძლოთ და შაქარზე დამოკიდებულად არ გადაიქცეთ. რაც უფრო მეტია კაკაოს შემცველობა, მით უკეთესი.
მიირთვით ზემოთ ჩამოთვლილი საკვები რეგულარულად და თქვენი ტვინი მუდამ ფორმაში იქნება და ახალი იდეებით მოგამარაგებთ.